ერთი სიტყვით, "მეტალურგი" ურიგო გუნდი არ უნდა იყოს სეზონის მეორე ნახევარში. რუსთაველებს უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არ ემუქრებათ, თასზეც სათამაშო აქვთ და ვინ იცის, იქნებ ევროსაგზურისთვისაც გაიბრძოლონ.
"მეტალურგმა" თურქეთში ოთხი ამხანაგური შეხვედრა ითამაშა, ორი წააგო და ორშიც გაიმარჯვა.
ცხადია, შეკრებაზე გამართულ მატჩებში შედეგი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ, თუ რა სიძლიერის გუნდი იქნება "მეტალურგი".
რუსთაველები უკვე
- საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით თურქულ შეკრებას?
- არასასიამოვნო იყო ფეხბურთელების ტრავმები, ლევან კორღალიძე და გიორგი მიქაბერიძე დაშავდნენ. საქართველოში რომ დავბრუნდით, ამ ფეხბურთელებს გამოკვლევა ჩავუტარეთ და აღმოჩნდა, რომ საგანგაშო არაფერია.
სხვა მხრივ, თურქული შეკრება ერთობ ნაყოფიერი გამოდგა, შეთამაშების მხრივაც ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ.
- "მეტალურგის" ახალწვეულებზე რას გვეტყოდით, რამდენად დაგაკმაყოფილათ მათმა მზადყოფნამ?
- მათი პოტენციალი ამ შეკრებამდეც ვიცოდით, თურქეთშიც კარგად წარმოაჩინეს თავი. დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებულმა ფეხბურთელებმაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა ამით არ უნდა დაკმაყოფილდნენ, ამაზე გაჩერება არ შეიძლება. ჩვენი გუნდი კიდევ უნდა დაიხვეწოს.
- რა ტაქტიკური სქემები დაამუშავეთ თურქულ შეკრებაზე? უფრო რომელ განლაგებას ეყრდნობოდით?
- პირველ ორ შეხვედრაში 4-5-1 განლაგება ავირჩიეთ, 4-3-3 სქემაზეც მოგვიწია გადაწყობა. მერე ორი თავდამსხმელით ვითამაშეთ - ერთი გამოკვეთილი ფორვარდი და მეორე ოდნავ უკან. სეზონის განახლებამდე კიდევ ვაპირებთ ამხანაგური მატჩის გამართვას. ალბათ, 20 თებერვალს ვითამაშებთ. მეტოქე ჯერ უცნობია.
- უკანდახეული შემტევი, ალბათ, "მეტალურგის" ახალწვეული გოგი ფიფია იყო...
- კი, ის მეორე თავდამსხმელად ვათამაშეთ, კორეულ "ჰოპანგთან" გამარჯვების გოლიც გაიტანა. არაერთი ფეხბურთელი გამოვცადეთ სხვადასხვა პოზიციაზე.
- კიდევ რა დაგანახათ თურქეთში გამართულმა საკონტროლო მატჩებმა?
- ამ შეხვედრებმა დაგვანახა ის, რომ ძალიან სასარგებლოა უცხოურ გუნდებთან თამაში, ფეხბურთელები ახალ გამოცდილებას იძენენ.
საქართველოს ჩემპიონატში ტემპი მაღალი არ არის, უცხოური გუნდები ჩვენზე უფრო სწრაფად თამაშობენ. ამ შეკრებაზე მეტოქეებმა რა ტემპიც შემოგვთავაზეს, იმას კარგად ავყევით.
ჩვენი ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის რომ იყოს და უფრო სწრაფად რომ ვითამაშოთ, ამის პოტენციალი ქართულ გუნდებს ნამდვილად გააჩნიათ.
ისე არ არის, თითქოს ქართულ გუნდებს არ შეუძლიათ უფრო სწრაფად თამაში. აგერ, ქუთაისის "ტორპედო" შეკრებაზე საკმაოდ ძლიერ გუნდებს ეთამაშა და ტოლი არავისთვის დაუდია. შეკრებაზე ძლიერ გუნდებთან თამაში ძალიან სასარგებლოა.
- საქართველოს ჩემპიონატში სწრაფ თამაშს მოედნების ხარისხიც არ უწყობს ხელს...
- რა თქმა უნდა, ცუდი საფარი ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ მხოლოდ ამას ნუ დავაბრალებთ იმას, რომ ტემპი მაღალი არ არის. აქ ბევრი სხვა ნიუანსიცაა, თუნდაც ფსიქოლოგიური; ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა მიმართულებას ირჩევს მწვრთნელი და როგორ უდგებიან საქმეს ფეხბურთელები.
- გიორგი განუგრავაზე ცალკე გკითხავთ. იყო დრო, ის ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა და ეროვნულშიც, მერე კი მისი კარიერა დაღმა წავიდა...
- "მეტალურგში" რომ მივედი, განუგრავა უკვე იქ დამხვდა. ხანგრძლივი უთამაშებლობა, ტრავმები - ყველაფერმა ამან მას ხელი შეუშალა. განუგრავას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ყველანაირად შევუწყობ ხელს. მას გარკვეული დრო დასჭირდება, კონდიციები რომ აღიდგინოს.
ამ დროისთვის მისი მდგომარეობა უკეთესობისკენაა წასული. განუგრავას ეტყობა, რომ მოედანზე აზროვნება შეუძლია. ვნახოთ, ახლა ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული...
გიორგი ყიფიანი: რა ტემპიც შემოგვთავაზეს, იმას ავყევით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რუსთავის "მეტალურგმა" თურქეთში შეკრება მოგებით დაასრულა