აუცილებლად ჩემპიონობა! - "დილას" ახალწვეულების დიდად ეიმედება

AutoSharing Option
გორის "დილა" ამ ეტაპზე თბილისში, "ბენდელას" სტადიონზე ვარჯიშობს და 20 თებერვალს იქვე ოფიციალურად წარადგინა ახალწვეულები: ალექსანდრე კვახაძე, ლაშა თოთაძე, ირაკლი მაისურაძე და ბაჩანა არაბული.

ალექსანდრე კვახაძე 28 წლის გახლავთ, თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" ჩამოყალიბდა ძლიერ მცველად, ეროვნულ ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერის და ექტორ კუპერის მწვრთნელობის დროს იძახებდნენ.

კვახაძე "ვიტ ჯორჯიადან" რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა, მერე ქუთაისის "ტორპედოს" დაცვის ცენტრს ამაგრებდა.

მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ "დილა" ლაშა სალუქვაძემ და გიორგი შაშიაშვილმა დატოვეს. შესაბამისად, გუნდი დაცვაში გაძლიერებას საჭიროებდა და კვახაძის სახით გამოცდილი ფეხბურთელი შეიძინა.

ლაშა თოთაძე 2011-12 წლების სეზონში უკვე იყო "დილას" ფეხბურთელი. თოთაძე 24 წლის გახლავთ, განაპირა მცველია. "გაგრა", უნგრული "დიორი", ბათუმის "დინამო" - თოთაძეს არაერთ გუნდში უთამაშია და ვნახოთ, როგორ გააძლიერებს ამ ეტაპზე "დილას".

ირაკლი მაისურაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიასაც მოსწონს და არაერთხელ მიიწვია ქვეყნის უპირველეს გუნდში.

მაისურაძე ნახევარმცველია, ბურთს მშვენივრად ფლობს. "დილაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა რუსთავის "მეტალურგიდან".

ბაჩანა არაბული ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი უნდა იყოს. ის საქართველოს 17- წლამდელთა ნაკრებში თამაშითა და გოლებით გაეცნო გულშემატკივარს. "დილამდე" საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ფეხბურთელი გახლდათ. 19 წლის არაბული თავდამსხმელი გახლავთ.

"ამ მოთამაშეებს რეკომენდაცია გავუწიეთ ვალდას ივანაუსკასთან, რის შემდეგაც მწვრთნელმა ისინი, ასე ვთქვათ, საქმეშიც ნახა და ამ ფეხბურთელებმაც "დილას" მწვრთნელის მოწონება დაიმსახურეს.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის პრიორიტეტს ამ სეზონში, აუცილებლად ჩემპიონობა - ასე დგას საკითხი", - განაცხადა "დილას" სპორტულმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა.

საამსეზონოდ "დილა" კიდევ აპირებს ფეხბურთელების დამატებას. მიმდინარეობს მოლაპარაკება 24 წლის კამერუნელ საყრდენ ნახევარმცველ რობერტ ლობესთან.

24 წლის ლატვიელი მეკარე კასპარას იკსტენსი ახლა თბილისშია, თუმცა მისი "დილაში" ჩარიცხვა ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ 22 თებერვალს სუპერთასზე "ზესტაფონთან" შეხვედრაში იკსტენსი "დილას" განაცხადში არ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული