მენთეშაშვილი მრავალმხრივი ნახევარმცველია, ჩაშლაც ეხერხება და ბურთის შემაგრებაც. კარიერის უმეტესი წლები უცხოეთში გაატარა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელიც იყო. მოკლედ, ბევრისმნახველი ფეხბურთელია, ასეთები კი განსაკუთრებულად ფასობენ.
გამოცდილება ფეხბურთშიც ძალიან ბევრს ნიშნავს, გამოცდილი მოთამაშე სხვაზე უკეთ კითხულობს თამაშს, კონკრეტულ ეპიზოდს, სიტუაციას...
მენთეშაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- რუსთავის "მეტალურგში" მისვლამდე "ზესტაფონის" ფეხბურთელი იყავი. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი დასრულებული არ იყო, "ზესტაფონის" ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოება რომ მოხდა. კლუბმა და ფეხბურთელებმა მოგვიანებით კომპრომისი გამონახეს,
- ეს უკვე წარსულია და აღარ მინდა, ისევ შევეხო ამ თემას.
- "მეტალურგში" როგორ აღმოჩნდი, ვინ იყო ამ ტრანსფერის ინიციატორი?
- შემოთავაზება კლუბიდან წამოვიდა, "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი დამიკავშირდა და მეც მყისვე დავთანხმდი.
- არცთუ მცირე პაუზა გამოგივიდა. სპორტულ ფორმას როგორ ინარჩუნებდი? ახლა როგორ კონდიციაში ხარ?
- ნელ-ნელა შევდივარ ოპტიმალურ ფორმაში. ფიზიკურად ცუდად ნამდვილად არ ვარ მომზადებული, რადგან არ გავჩერებულვარ, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. თუმცა 23 დეკემბრის აქეთ არ მითამაშია, შეკრებაც არ გამივლია და რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ფეხბურთელის მზადყოფნაზე.
- 2 მარტს, თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩში "მეტალურგი" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს - რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ შეხვედრაში ითამაშო?
- არ ვიცი, ეს ხომ მწვრთნელის გადასაწყვეტია. ვნახოთ, შესაძლოა, ვითამაშო...
- ბევრი სეზონი გითამაშია საზღვარგარეთ - ლატვია, რუსეთი, ისრაელი... როგორ ფიქრობ, მწვრთნელ-ფეხბურთელების ანაზღაურების გარდა, კიდევ რითი ჩამოვრჩებით სხვა ქვეყნებს, რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა?
- საქართველოში სათანადო ინფრასტრუქტურა არ არის - ეს არის ჩვენი უმთავრესი პრობლემა. ამ საკითხის მოგვარებას საქართველოში კაციშვილი არ აქცევს ყურადღებას. ცხადია, ფინანსური მხარეც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- საკუთარ თავს როგორ ატყობ, უწინდელივით გაქვს იმის ჯანი, რომ დიდად დაიტვირთო მოედანზე თუ უფრო კლასის, გამოცდილების ხარჯზე თამაშობ?
- დატვირთვების მხრივ პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. მე კი არა, 38 წლის ხალხი თამაშობს ფეხბურთს. არ არის ისე, რომ მხოლოდ კლასის, გამოცდილების ხარჯზე ვითამაშო. არავის მოტყუებას არ ვაპირებ და მათ შორის, არც საკუთარი თავის. როცა შეატყობ, რომ დატვირთვებს ვერ უძლებ, ფეხბურთელობას თავი უნდა დაანებო. ერთი სიტყვით, საკუთარ თავს შეღავათი არ უნდა გაუწიო.
- გასაგებია, თუმცა არიან ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე სხვებზე ნაკლებს დარბიან და ფაქტობრივად, მოთამაშე-მწვრთნელები არიან, თანაგუნდელებს კარნახობენ, სასარგებლო რჩევებს აძლევენ...
- ეგ თავისთავად ხდება, გამოცდილი ფეხბურთელი ნებისმიერი გუნდისთვის საჭიროა, გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე ახალგაზრდებს წინსვლა ვერ ექნებათ. ხანდახან ისეც ხდება, რომ მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კარნახობს მასზე ასაკოვანს და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თანაგუნდელები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. მთავარია, რომ ფეხბურთი გესმოდეს.
- ფეხბურთი ყველას თავისებურად ესმის. როგორ ფიქრობ, ბოლო ორ წელიწადში რომელი გუნდი თამაშობდა საუკეთესო ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატში?
- "ზესტაფონი". ეს გუნდი კლასიან, ტექნიკურ, ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.
- "მეტალურგის" ახალი სახე კი, ალბათ, მალე გამოჩნდება. გუნდი ქვედა ექვსეულშია და თუ ევროსარბიელზე გასვლას აპირებს, ეს თასის გათამაშებიდან უნდა მოახერხოს. მერვედფინალის პირველ შეხვედრაში "მეტალურგი" ბათუმის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა...
- დიდია იმის შანსი, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავიდეთ. ამისთვის 1:0-იც გვყოფნის. უფრო მოწინააღმდეგე უნდა ფრთხილობდეს.
- ეროვნულ ნაკრებში აღარ გიწვევენ. ამას უფრო ასაკს დააბრალებდი?
- ყველა მწვრთნელს თავისი აზრი აქვს. ვფიქრობ, არ ვჯდები იმ სტანდარტებში, რაზეც თემურ ქეცბაია აკეთებს აქცენტს. ალბათ, დიდ როლს ასრულებს ისიც, რომ 30 წელს ვარ გადაცილებული...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზურაბ მენთეშაშვილი კარიერას რუსთავის "მეტალურგში" გააგრძელებს