გორის "დილას" არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მათ შორის ასეთიც არის - კაცის მომტყუებელი, თვალისმომჭრელი...
21 წლის გიორგი ილურიძეს ჯერ ბევრისთვის არ მიუღწევია, მაგრამ საამისოდ ნიჭი ნამდვილად არ დაეწუნება. როგორც კი ბურთს მიიღებს და მოძრაობას აკეთებს, ჯიქურ შეამჩნევთ, რომ არის მასში რაღაც განსაკუთრებული.
ეროვნული ჩემპიონატი ახლახან განახლდა და ექვსეულის პირველ ტურში გორის "დილამ" ერთობ პრინციპული მატჩი მოიგო, შინ "ზესტაფონი" 2:1 დაამარცხა. ილურიძე
"დილას" ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა და მეორე ტაიმში მასთან გამკლავება გაუჭირდა. გორელთა ლიტველი დამრიგებელი ვალდას ივანაუსკასიც უკმაყოფილო იყო თავისი გუნდის მეორე 45 წუთით.
"ყველაფერი ასე იმიტომ მოხდა, რომ პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ და თამაშის დაწყნარება გვინდოდა.
"ზესტაფონმა" შეცვლები გააკეთა, ორი კარგი ფეხბურთელი შემოუშვა მოედანზე. მეორე ტაიმში "ზესტაფონი" ალბათ უფრო მონდომებული იყო.
ივანაუსკასის დავალებით, მეორე ტაიმშიც აქტიურად უნდა გვეთამაშა. შეხვედრა ისე უნდა გაგვეგრძელებინა, როგორც დავიწყეთ, თუმცა "ზესტაფონმა" მეორე ტაიმი ჩვენზე უკეთესად ითამაშა", - გვითხრა ილურიძემ, რომელიც მწვრთნელმა "ზესტაფონთან" ფლეიმეიკერად გაამწესა.
ილურიძე რამდენიმე თვე არ ჩანდა მოედანზე, რისი მიზეზიც ტრავმიანობა იყო. "დილა" ილურიძის გარეშეც მოწინავე პოზიციებზე დარჩა, თუმცა ამ ნიჭიერი ფეხბურთელით "დილას" თამაში უფრო საინტერესო რომ უნდა იყოს, ეს, ალბათ, მალე დამტკიცდება.
"ისე მოხდა, რომ ფეხის წინა კუნთი ზედიზედ ოთხჯერ დამიზიანდა. ბოლოს ეს პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" მატჩის წინ დამემართა, რის გამოც ორი თვე უქმად ყოფნა მომიწია. მერე ნელ-ნელა დავიწყე ვარჯიში, საშუასეზონო პერიოდში გუნდთან ერთად შეკრებაც გავიარე და ახლა ყველაფერი ნორმალურადაა", - ამბობს ილურიძე.
საქართველოს ჩემპიონატში გიორგი მახაჭყალის "ანჟიდან" მოვიდა, სადაც ხუთი ოფიციალური მატჩი აქვს ნათამაშები.
"დაღესტნურ გუნდში ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა მიმიყვანა. მანამდე "დინამო თბილისის" აკადემიაში ვიყავი.
16 წლის გახლდით, ჯუღელმა "ანჟიში" რომ გამიშვა გასინჯვაზე. მაშინ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე იყო. მწვრთნელის მოწონება დავიმსახურე, თუმცა 18 წლამდე ლეგიონერს ტრანსფერი არ შეეძლო და ეგრევე ვერ ჩავირიცხე "ანჟიში".
როცა "დინამოში" გაიგეს, რომ "ანჟიში" მივდიოდი, კონტრაქტი შემომთავაზეს. მე "ანჟისთან" მოვაწერე ხელი, ახლა კი გორის "დილას" ვეკუთვნი", - ასე მოგვიყვა საკუთარი სატრანსფერო პერიპეტიების შესახებ ილურიძემ.
"დილა" პირველ ადგილზე მყოფ თბილისურ "დინამოს" სამი ქულით ჩამორჩება და ცხადია, ილურიძეს საჩემპიონო პერსპექტივაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა.
"რა თქმა უნდა, "დინამოს" უკეთესი სავარჯიშო პირობები აქვს, მაგრამ ჩვენ არანაკლები ფეხბურთელები გვყავს და ვფიქრობ, საჩემპიონო შანსები თანაბარია, "დინამოს" დამარცხება შეუძლებელი არ არის.
უკვე ექვსეულებად არის დაყოფილი ჩემპიონატი და ყველა თამაში ფინალის ტოლფასია".
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 18-27 მარტს ავსტრიაში გამართავს შეკრებას და რამდენიმე მატჩსაც ითამაშებს. ილურიძემ გვითხრა, ამ ავსტრიულ შეკრებაზე გამოძახებით ძალიან გახარებული ვარო.
"ახალგაზრდულ ნაკრებში იმდენი უნდა მოვახერხო, რომ მერე ეროვნულ გუნდშიც გამომიძახონ. ძალიან მონდომებული ვიქნები და ვნახოთ, რა გამოვა".
ილურიძემ გვითხრა, ახლა ყველაზე უფრო მესი და კრიშტიანო რონალდო კი მოსწონთ, მაგრამ მე ყველას კაკა მირჩევნია, ბავშვობაში კი ჩემი კერპი ბრაზილიელი რონალდო იყოო.
გიორგი მადრიდის "რეალს" გულშემატკივრობს.
მას თითქოს სისხლში აქვს გამჯდარი კაცის მოტყუება, ჩუბინობა და ეფექტურად თამაში.
"მთელი ბავშვობა მასე ვიყავი - პასის გაკეთება არ მიყვარდა, სულ "ვმატაობდი..."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"