მერაბ კოჭლაშვილი: მთავარი პრობლემა მომენტების გამოუყენებლობაა

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიასთვის" სეზონის მეორე ნახევარი არცთუ წარმატებულად დაიწყო - ვეტერინარები ჯერ საქართველოს თასის მერვედფინალში პენალტების სერიით ცხინვალის "სპარტაკთან" დამარცხდნენ, შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ ტურში შინ ბოლნისის "სიონთან" 0:2 წააგეს.

დღეისთვის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულში "ვიტ ჯორჯია" მესამე ადგილზეა და გასავარდნ ზონას ექვსი ქულით არის დაშორებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უძლიერესთა შორის დასარჩენად გუნდს დიდი ბრძოლები ელის.

"ლელოს" რესპონდენტი "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილია.

- როგორ შეაფასებთ 2013 წლის პირველ ოფიციალურ მატჩებს?
- ფეხბურთში მთავარი შედეგია და
იქიდან გამომდინარე, რომ ამ შეხვედრებში არასახარბიელო შედეგებს მივაღწიეთ, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები. თუმცა მეორე მხრივ, იმასაც აღვნიშნავ, რომ თამაშის ხარისხით მეტოქეებს არაფერში ჩამოვუვარდებოდით.

- "ვიტ ჯორჯიას" ზამთარში შეკრება არათუ უცხოეთში, საქართველოშიც კი არ გაუვლია...
- ამ ეტაპზე კლუბს ამის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა წუწუნის დრო არ გვაქვს და რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. რაღა თქმა უნდა, შეკრებაგავლილ გუნდებთან ბრძოლა გაგვიჭირდება, მაგრამ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მაინც ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.

- "ვიტ ჯორჯიას" დღევანდელ სათამაშო ფორმას როგორ შეაფასებთ?
- ფორმის პიკზე ახლა არც ერთი გუნდი არ არის და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. შევეცდებით, თამაშის ხარისხი ეტაპობრივად გამოვასწოროთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ სეზონს ღირსეული შედეგით დავასრულებთ. მთავარია, ხარვეზები დროულად გამოვასწოროთ.

- ყველაზე მეტად რომელი კომპონენტების გაუმჯობესება გესაჭიროებათ?
- საკმაოდ ბევრ დეტალზე გვმართებს მუშაობა, რომელთაგანაც ყველაზე თვალშისაცემი საგოლე მომენტების რეალიზების დაბალი პროცენტია. ამის გამო ოფიციალურ მატჩებში უკვე ვიზარალეთ.

- უახლოეს პერიოდში "ვიტ ჯორჯიაში" ახალწვეულებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
- ამჟამად ახალი ფეხბურთელების დამატებას არ ვგეგმავთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსებს როგორ შეაფასებთ?
- ქვედა ექვსეულიდან უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება მხოლოდ რუსთავის "მეტალურგს" აქვს გარანტირებული, დანარჩენ გუნდებს კი წინ უშეღავათო ბრძოლები ელით. შანსი თითქმის ყველას აქვს და "ვიტ ჯორჯიაც" ბოლომდე იბრძოლებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ბრძოლა ფეარ პლეის პრინციპებით ჩაივლის და ადგილი არ ექნება გარიგებულ მატჩებსა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებს.

- ჩემპიონატის უახლოეს ტურში ბათუმის "დინამოს" ესტუმრებით...
- ეს ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება, სადაც გამარჯვება განსაკუთრებით დაფასდება. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. მე და ჩემი ფეხბურთელები ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას ჩვენ მივაღწევთ.

- ქართული ტიტულების მოპოვებას ვის უწინასწარმეტყველებთ?
- ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი თბილისის "დინამოა", რომლისთვისაც ყველაზე დიდი წინააღმდეგობის გაწევა გორის "დილას" შეუძლია. საქართველოს თასის მოპოვების რეალური შანსი კი, ამ ორი კლუბის გარდა, ქუთაისის "ტორპედოს" აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული