აქტუალური საკითხი: რა ელის საქართველოში საკლუბო ფეხბურთს?

AutoSharing Option
დრო ფულზე არანაკლებ ძვირფასია და როგორც ფულის ფლანგვაა უხეირო, ისე დროის დაკარგვაც მავნებლობის ტოლფასია.

საფეხბურთო სეზონის დასრულებას ბევრი აღარაფერი უკლია - ორ თვეზე ოდნავ მეტი. საქართველოს ჩემპიონატის გუნდების უმრავლესობამ კი ჯერ არ იცის, რა ელის დამდეგი სეზონიდან - მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსების გარანტია მხოლოდ ივნისამდე აქვთ.

ჩვენი კლუბების უმრავლესობა სახელმწიფოს აწევს კისერზე. ასეთნაირად არსებობს ფეხბურთი საქართველოში, ოღონდაც ეს სახელმწიფოსა და კლუბებს შორის ურთიერთობის ისეთი ფორმაა, დიდი დღე რომ არ უწერია. ამ ფორმას პერსპექტივა არ აქვს, ერთი ადგილის ტკეპნას ჰგავს, კლუბები არსებობენ,
ჩემპიონატი ტარდება, მაგრამ პროგრესი არ ჩანს.

სასიამოვნო გამონათება იყო გორის "დილას" მოღონიერების პროექტი, მაგრამ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, საქართველო დატოვა მამუკა ჯუღელმაც, ვისაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ ეკავა კლუბში, მაგრამ "დილას" საქმეებს სწორედ ის უძღვებოდა. თუნდაც ეს ფაქტიც მიუთითებს იმაზე, რომ მოქმედების ფორმები შესაცვლელია.

"დილა", "ზუგდიდი", ბოლნისის "სიონი", ბათუმის "დინამო" და ფოთის "კოლხეთი" - უმაღლესი ლიგის თორმეტი გუნდიდან თითქმის ნახევარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებს ფულს.

ამ კლუბებმა ჯერ არ იციან - ექნებათ თუ არა ისევ ეს დაფინანსება, ანუ იარსებებენ თუ არა დამდეგი სეზონშიც. როცა ასე დგას საკითხი, როგორ უნდა განვითარდეს კლუბი?

პირველ ლიგას თუ გადავხედავთ, კლუბების უმეტესობა სახელმწიფო დოტაციაზეა. აქაც გაურკვევლობაა, ჯერ არ თქმულა არანაირი დაპირება ოფიციალურ დონეზე, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კვლავ დააფინანსებენ საფეხბურთო კლუბებს.

უმაღლეს ლიგაში გადმოსვლისთვის იბრძვიან ცხინვალის "სპარტაკი", ლანჩხუთის "გურია", "გაგრა", შესაძლოა ქობულეთის "შუქურაც" - ამათგან მხოლოდ "გაგრა" არის კერძო კლუბი. ანუ მოწინავე პირველლიგელთა შორის მხოლოდ ერთია ისეთი, რომელმაც იცის, დამდეგ სეზონში რა ელის.

კარგი გუნდია თბილისის "სასკოც", თუმცა ისეთი ღონიერი კლუბი არ ჩანს, ამ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში რომ მოახერხოს დამკვიდრება.

ასე გაგრძელება კი არ შეიძლება, რაღაც უნდა მოხდეს, ახალი, გაცილებით საინტერესო და ეფექტური.

ერთ-ერთი ვარიანტი საპრიზო ფონდის დაწესება გახლავთ, ანუ ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყოფა რაღაც თანხა, უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს შეხვდება მოჭრილი მინიმუმი, საპრიზო ფონდის დანარჩენი ნაწილი კი განაწილდება დაკავებული ადგილების მიხედვით.

ერთი შეხედვით არ არის ურიგო ვარიანტი, მაგრამ რა იქნება შემდეგ? რა პერსპექტივა აქვს ამ პროექტს? თუ სახელმწიფო ყოველწლიურად გაზრდის საპრიზო ფონდს, ურიგო როდი იქნება, მაგრამ ამით ქართული საკლუბო ფეხბურთის კომერციალიზაცია ვერ მოხდება.

ქვეყანაში ფეხბურთის გარდა სხვა ბევრი პრობლემაცაა და ქვეყნის ბიუჯეტი მხოლოდ ფეხბურთს ვერ მოერგება.

ვარიანტი მეორე - საგადასახადო შეღავათები ფეხბურთში ფულის ჩამდებ ბიზნესმენებს. დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის შექმნის შემთხვევაში, ეს არარეალური არ უნდა იყოს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამ იდეის წახალისება ჯერ არ ჩანს.

ეს რთულად შესასრულებელი პროექტია, თუმცა რაღაც შეღავათი, ალბათ, მაინც უნდა ჰქონდეს კერძო საფეხბურთო კლუბის პატრონს. შეღავათი კომუნალურ გადასახადებზე, შეღავათი მიწის გადასახადზე, საშემოსავლო გადასახადის გაუქმება ხელფასებზე...

ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, ნება კი ჯერ არ ჩანს...

ახლა ისიც ვიკითხოთ, ამ ყოველივესთან დაკავშირებით რას ფიქრობენ სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ორ ორგანიზაციას შორის პირველ საკითხად ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თემა გახდა სპორტის სამინისტროს ინიციატივით. მოვისმინეთ განცხადებები ორივე მხარისგან და საქმე ამის იქით არ წასულა.

ამასობაში დრო გავიდა, საკლუბო ფეხბურთის საკითხი კი ფაქტობრივად ჰაერშია გამოკიდებული.

შევიტყვეთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას და გენერალურ მდივანი რევაზ არველაძეს გაუჩნდათ მოსაზრება საქართველოში ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით, ანუ წარმოიშვა აზრი იმ ფორმის შესახებ, რითაც სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთს.

სიჭინავა-არველაძის მონახაზი ასეთია: პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა რამდენიმე მილიონი ლარი და ეს თანხა გადაერიცხება საზოგადოებრივ მაუწყებელს. კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება იყიდოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების და ეროვნული ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაციის უფლება, გარდა ამისა, დაამზადოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ტურის მიმოხილვა.

ამ პროექტის მიხედვით, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი მიიღებს მოჭრილ თანხას. მაგალითად, თუ მაუწყებელი ეროვნული ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლებას იყიდის, მაგალითად, 5 მილიონ ლარად, 2 მილიონი ლარი ყველა გუნდზე თანაბრად განაწილდება, დანარჩენი 3 მილიონი ლარი კი გაიყოფა დაკავებული ადგილების მიხედვით.

ფედერაციის ხელმძღვანელობის ვარაუდით, თუ ეს პროექტი მაღალ დონეზე შესრულდება, საზოგადოებრივ არხს ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებით სარეკლამო შემოსავლებიც გაუჩნდება და შესაბამისად, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ამოქმედდება კომერციალიზაციის ელემენტებიც.

ისიც შევიტყვეთ, რომ სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი მოწადინებულია ურთიერთობის დალაგებით ფეხბურთის ფედერაციასთან.

თუ ჩვენი ფეხბურთის საქმე უკეთესობისკენ წავა, ეს ხომ სპორტის მინისტრის წარმატებაც იქნება...

ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ იდეებს, ფულსა და დროს სახელმწიფო და ფედერაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ დილას საქმეებს მართლა ჯუღელი უძღვებოდა მაშინ მაგ კაცს ძეგლი უნდა დაუდგათ რადგან 2თვეში შეძლო ის რაც 3 წელში ვერ შეძლეს,ფიფიამ და ფხაკაძეებმა
hunter
16:03 17-03-2013
0
ვერ გავიგე,თან იძახით ფედერაციის საქმეში არ ჩააერიოთო და თან ბიუჯეტიდან ფულს ითხოვთ.შანტაჟი და ფულის თხოვნა რაღაც ვერ გამოდის ერთად.
პაატა
18:30 17-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული