გია გურული: მოედანზე ყველა ჩემი შვილია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ქვედა ექვსეულში საინტერესო ბრძოლები მიმდინარეობს, თუნდაც იმიტომ, რომ უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად ხუთი გუნდი იბრძვის.

მხოლოდ ბოლოადგილოსანი ფოთის "კოლხეთის" მდგომარეობაა უკიდურესად მძიმე.

ბათუმის "დინამო" ბოლოსწინა ადგილზეა, წინა ტურში "ვიტ ჯორჯია" შინ 2:0 დაამარცხა და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოასწორა. ამ მოგებით ბათუმელები ხავსს უკვე აღარ ეჭიდებიან და სერიოზული ნაბიჯი გადადგეს სახიფათო ზონიდან თავის დასაღწევად.

ბათუმელებს გია გურული წვრთნის, ვინც სამწვრთნელო განათლება საფრანგეთში მიიღო, იყო ალენ ჟირესის თანაშემწე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ...

- "ვიტ ჯორჯიასთან" თანაბარი თამაში იყო და
რის ხარჯზე მოახერხეთ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება?

- თანაბარი თამაში იყო და არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოწინააღმდეგე დავჯაბნეთ. ვისაც უფრო გაუღიმებდა ბედი, ის გაიმარჯვებდა.

ცხრილში "ვიტ ჯორჯიაზე" ქვემოთ ვართ და, ალბათ, ამიტომაც ორმაგად მოტივირებულნი ვიყავით. თან პირველი ტაიმის ბოლოს მოვახერხეთ გოლის გატანა და ამ ფაქტორმაც შეგვიწყო ხელი - მეორე ტაიმში უფრო თავისუფლად ავთამაშდით.

"ვიტ ჯორჯია" ისეთი გუნდია, მოდუნებას რომ არ გპატიობს; არავინ იცის, როდის გაიტანს გოლს და ამ სეზონშიც არაერთი მოწინავე გუნდი გაამწარა.

- ორივე გოლი ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა, რომელიც თქვენს გუნდში მოსვლამდე "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი გახლდათ. ამ ტრანსფერით ერთიორად კმაყოფილი უნდა იყოთ - ჩიმაკაძემ ხომ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში გამოიჩინა თავი...
- ზამთარში განხორციელებული ყველა ტრანსფერით კმაყოფილი ვარ. გუნდში ახალწვეული რომ ამართლებს, მწვრთნელისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

"კატოვიცეში" რომ ვთამაშობდი, პოლონეთში თბილისის "დინამო" ჩამოვიდა შეკრებაზე, ვეთამაშეთ და ორი გოლი გავუტანე ჩემს ყოფილ გუნდს. თბილისის "დინამო" განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ ყოფილ გუნდს რომ გაუტან გოლს, ეს ყოველთვის თავისებურად გსიამოვნებს.

ჩიმაკაძესაც იგივე ვუთხარი, რათა "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში თავისუფლად ეგრძნო თავი. ეს თითქოს მცირე დამატებითი სტიმული იყო და მანაც ორი გოლი შეაგდო.

- "ვიტ ჯორჯიასთან" რომ ვერ მოგეგოთ, შანსი, ფაქტობრივად, აღარ რჩებოდა. ბათუმის "დინამო" თითქმის განწირული იქნებოდა პირველ ლიგაში დაქვეითებისთვის...
- თეორიული შანსი მაინც დაგვრჩებოდა. როცა ათიდან ერთი შანსი არსებობს, ბრძოლა უნდა გააგრძელო. "ვიტ ჯორჯიასთან" ეს შეხვედრა მართლაც ძალიან პრინციპული იყო, ფაქტობრივად, ფინალი, რომელიც მოვიგეთ. თუმცა დარჩენილი მატჩებიც ჩვენთვის ფინალივითაა და ასეთი თამაშების წაგება კარგი არ არის.

- მომდევნო მატჩი ბოლნისში გელით. "სიონი" მნიშვნელოვნად გაძლიერდა სეზონის მეორე ეტაპისთვის...
- ბოლნისში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის რთულია. "სიონი" ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს. ბოლნისიდან მინიმუმ ქულა უნდა წამოვიღოთ. ბათუმის "დინამო" არ არის ისეთ კომფორტულ მდგომარეობაში, რომ შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდეს.

- საშუასეზონო პერიოდში ბათუმის "დინამოში" სანდრო გურულიც ჩაირიცხა - საკუთარი ვაჟის გარჯით კმაყოფილი ხართ?
- სანდრო სახლშია ჩემი შვილი, მოედანზე კი არავისგან გამოვარჩევ. მინდორზე ბათუმის "დინამოს" ყველა ფეხბურთელი ჩემი შვილია. სანდრო ბევრს შრომობს, ჯერ არ არის საუკეთესო ფორმაში და მაქსიმალურად იხარჯება ისეთ კონდიციამდე მისასვლელად, როგორშიც გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები არიან.

- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. რას გიგრძნობთ გული საფრანგეთთან 22 მარტს გასამართავი მატჩის წინ?
- ამაზე რთულია ლაპარაკი... ბევრს ეგონა, რომ ესპანეთი დიდი ანგარიშით დაგვამარცხებდა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონს ქართველებზე გამარჯვება გაუძნელდა. ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, არაერთხელ მომხდარა, რომ საფრანგეთის ნაკრებს შინ ვერ დაუმარცხებია მასზე დაბლა მყოფი მეტოქე.

- წარმოვიდგინოთ, რომ გია გურულია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი - საფრანგეთთან ვის ათამაშებდით თავდასხმაში?
- არავის ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ დღეს თავდასხმაში იმაზე მწირი არჩევანი გვაქვს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მწვრთნელი იმას უნდა ენდოს, ვინც კონკრეტულ მომენტში სხვაზე უკეთეს ფორმაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 2:0 - ცული რას მიზამდაო... [VIDEO]
ბესიკ ჩიმაკაძე: ჩემი აზრით, გია გურული შემტევ სტილს აირჩევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული