გოგი ფიფია: დარჩენილი დრო ბოლომდე უნდა ამოვწურო

AutoSharing Option
...თერთმეტი წლის წინ იყო, საქართველოს ჩემპიონატში ძალიან სიმპათიური და საინტერესო გუნდი რომ გამოჩნდა, "თბილისს" მაშინ გიორგი დევდარიანი წვრთნიდა, ახალგაზრდა, ამბიციური მწვრთნელი, რომლის განკარგულებაში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო.

ის ახალგაზრდული "თბილისი" ტოლ-სწორად ეთამაშებოდა ყველას, მათ შორის, ივო შუშაკის გაწვრთნილ "დინამო თბილისს"; მოხდენილი თამაშით კი ბევრ გუნდს აღემატებოდა, შესაძლოა, ყველაზე ლამაზადაც კი აგორებდა ბურთს.

იმ "თბილისში" თამაშობდა გოგი ფიფიაც, ვინც მიმდინარე სეზონის შესვენების დროს შეუერთდა რუსთავის "მეტალურგს".

ფიფიას ბურთის ფლობასა და დრიბლინგში ბევრი ვერ შეედრება და "მეტალურგშიც" მყის საკვანძო ფეხბურთელი გახდა. რუსთავურ
გუნდში ის აზერბაიჯანიდან მივიდა.

"თოვუზის "თურანიდან" იმიტომ წამოვედი, რომ ვერ იყო კარგი სიტუაცია როგორც ფინანსურად, ისე სხვა მხრივ; იქ დარჩენა არ მიღირდა და საქართველოში დავბრუნდი", - გვითხრა ფიფიამ.

1985 წელს დაბადებულთა თაობა ნიჭით გამორჩეული იყო. მათ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშეს კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით.

ტურნირი დანიაში გაიმართა და ფიფიამ ისე ითამაშა, რომ მისით გერმანული "კაიზერსლაუტერნი" დაინტერესდა.

"მართლაც კარგი გუნდი გვყავდა: სანდრო იაშვილი, გოჩა ხოჯავა, ზაალ ელიავა...

ჯგუფში გერმანიის ნაკრებთან მოვხვდით, იაშვილის გოლით დავწინაურდით, მერე კი გერმანელებმა გაათანაბრეს ანგარიში. ჯგუფიდან ჩვენ და გერმანია გავედით, მეოთხედფინალში კი იმ შვეიცარიასთან დავმარცხდით, რომელიც ტურნირის გამარჯვებული გახდა.

17-წლა
მდელთა იმ ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ ლუკას პოდოლსკი, კრიშტიანუ რონალდო, უეინ რუნი...

ტურნირის შემდეგ "კაიზერსლაუტერნიდან" დამიკავშირდნენ. წავედი გერმანიაში. ჯერ "კაიზერსლაუტერნის" 18-წლამდელთა გუნდში ვიყავი, შემდეგ მეორე გუნდში გადამიყვანეს, ამის შემდეგ კი პრობლემები შეიქმნა და "თბილისში" მივედი".

გერმანიის შემდეგ ფიფიას კარიერა დაღმა არ წასულა, "თბილისში" კარგი თამაშით გამოიჩინა თავი. ეს გუნდი მალე დაიშალა, ნიჭიერი ფეხბურთელებიც აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. ფიფია "ზესტაფონში" გადავიდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

გოგი გამთამაშებლის პოზიციაზე მართლაც ეფექტურად ირჯებოდა.

მაშინდელი "ზესტაფონი" ორჯერ გავიდა საქართველოს თასის ფინალში, ორივეჯერ თბილისის "ამერთან" დამარცხდა. მესამე ჯერზე "ზესტაფონმა" მოახერხა თასის აღება, თუმცა ფიფია იქ უკვე აღარ თამაშობდა.

ფეროელთა გარდა, გოგიმ რამდენიმე ქართულ გუნდში ითამაშა, ტექნიკითა და მატაობით ყველგან გამორჩეული იყო, თუმცა მისგან მაინც ყოველთვის მეტს ელოდნენ...

"საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს ვაბრალებ იმას, რომ უფრო მეტი ვერ მოვახერხე. საუკეთესო პერიოდი კი "ზესტაფონში" მქონდა.

ძალიან მონდომებული ვარ, "მეტალურგის" მწვრთნელი გიორგი ყიფიანი მენდობა და მეც თავს კარგად ვგრძნობ.

ყველანაირად ვეცდები, ბოლომდე ამოვწურო ის დრო, რაც დარჩენილი მაქვს",
- ამბობს ფიფია, ვინც 28 წლის გახლავთ და კიდევ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იმაზე მეტს მიაღწიოს, რაც უკან აქვს მოტოვებული.

"მეტალურგი" ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა და ამბიციების დაკმაყოფილებას თასის გათამაშებიდან ეშურება. მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "მეტალურგმა" შინ პირველლიგელი, ცხინვალის "სპარტაკი" დაამარცხა.

"1:0 ურიგო შედეგი არ არის, თუმცა სტუმრად რთული თამაში გველის. "სპარტაკმა" თასიდან უკვე გამოთიშა ერთი უმაღლესლიგელი - "ვიტ ჯორჯია" და ძალიან სერიოზულად ვაფასებთ ჩვენს მოწინააღმდეგეს.

ჯერ ეს ეტაპი უნდა დავძლიოთ და სამომავლო შანსებზეც მერე ვილაპარაკოთ. ვნახოთ, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება".


თუ "მეტალურგი" თასის ნახევარფინალში გავა, მერე მართლაც ძნელი იქნება პროგნოზების კეთება. ოთხ საუკეთესო გუნდს თასის მოპოვების ალბათ თანაბარი შანსი ექნება.

მანამდე კი ფიფია "მეტალურგში" მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე მოქმედებს, ამავე დროს, როგორც თვითონ გვითხრა, თუ საქმეს დასჭირდა, თამაშის ორგანიზებასაც მოჰკიდებს ხელს და თანაგუნდელებს ბურთის ამოტანაში დაეხმარება - ტექნიკურ ფეხბურთელს ხომ ასეთი რამეები არ გაუჭირდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები......
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული