დილა-ზუგდიდი 6:0 - მესამე მწვრთნელის გაორმაგებული [VIDEO]

AutoSharing Option
მესამე მწვრთნელით ეთამაშა მიმდინარე სეზონში "დილა" "ზუგდიდს" და სამივეჯერ ერთიორად უკეთეს შედეგს იღებდა.

თუ პირველად, თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით, გორელების დაპირისპირება მათთან ნულოვანი ყაიმით დასრულდა, მეორედ, გიორგი დარასელიას თავკაცობით, "დილამ" 3:0 მოიგო, ხოლო ამჯერად ვალდას ივანაუსკასის დამოძღვრილებმა ორჯერ მეტი უპასუხო გოლი გაუტანეს ზუგდიდელებს.

ამ უკანასკნელთ კი სამივეჯერ ელგუჯა ქომეთიანი წვრთნიდა და საგულისხმოა, რომ მან სწორედ "დილასთან" მარცხის შემდეგ დაუსვა საკუთარ თავს აღნიშნულ პოსტზე დარჩენის ყოფნა-არყოფნის შესახებ კითხვა და როგორც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განგვიცხადა, გადაწყვიტა კიდეც, პოსტი დაეტოვებინა.

არა გვგონია, ზუგდიდელები
გორში მაინცდამაინც მოსაგებად ყოფილიყვნენ ჩამოსულნი, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგებას ძნელად თუ წარმოიდგენდნენ.

VideoSportall.Ge
30.03.13. დილა - ზუგდიდი 6:0


მატჩის წინა დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ზუგდიდის" ფანები გორში მათი საყვარელი გუნდის თამაშზე დასასწრებად წაყვანას ითხოვდნენ. ფინანსური პრობლემების გამო ისინი ქართლში ვერ ჩამოიყვანეს, თუმცა, ალბათ, ჯობდა, იქაური ქომაგი ამ ეტაპზე გორს არც სტუმრებოდა.

Sportall.Geსრული ორი ტაიმის განმავლობაში "დილა" დომინირებდა მინდორზე. ტემპს და ბურთის კონტროლს ისინი კარნახობდნენ. თითქმის უსაქმოდ იყვნენ გორელების მეკარე და დაცვის ხაზი. მცველებს თავიანთ უპირველეს მოვალეობაზე მეტად შეტევაში ჩართვის საშუალება ეძლეოდათ, თუმცა გოლების გასატანად ისინი თანაგუნდელ შუახაზელებს და შემტევთ "არ შეუწუხებიათ".

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ირაკლი მოდებაძემ. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში იყოჩაღა მან, რადგან დროის ამ მონაკვეთში ორი გოლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

მუდამ კართან ჩასაფრებულმა "დილას" გამოკვეთილმა ფორვარდმა პირველად მიხეილ გორელიშვილის საჯარიმოს გარედან ჩაწოდებული მაღალი პასისას ისარგებლა და ფეხით შეაგდო, ხოლო რამდენიმე წუთში, სტანდარტულის გათამაშების მერე, ჟუნიორისგან ორიოდ მეტრში მიღებული ბურთი ახლო მანძილიდან თავით გაახვია ბადეში - 2:0.

გოლის გატანას იმსახურებდა ჟუნიორი, რადგან ძალიან აქტიურობდა და თანაგუნდელთა გოლების უმეტესობაში გარკვეული წილი დაიდო. მოედნიდან მშრალად გამოსვლა კი, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. თუნდაც 36-ე წუთზე მართებდა ბრაზილიელს ანგარიშში სხვაობის გაზრდა, როდესაც მოდებაძე უწევდა ასისტენტობას, მაგრამ მშვენიერი პოზიციიდან ცუდად დაარტყა.

მეორე ტაიმში სტუმრების შეცდომებმა უფრო იმატა, რაც ადეკვატურად აისახა ანგარიშში. ვიდრე მასპინძლები მესამე გოლს გაიტანდნენ, ჟუნიორი სამჯერ უშედეგოდ დაემუქრა მაქაცარიას კარს. გატანა კი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ილურიძემ სწრაფი კონტრშეტევისას, 68-ე წუთზე, მოდებაძის პასით შეძლო.

არანაკლებ ნაყოფიერი გამოდგა ასევე შეცვლაზე შემოსული კიდევ ერთი "დილელის", ბაჩანა არაბულის მინდორზე გამოჩენა. 78-ე წუთზე დავით კვირკველიას მიერ საჯარიმოს მისადგომებთან ჩაწოდებული სტანდარტული ჟუნიორმა თავით არაბულს დაუგდო, მან კი გაისწორა ბურთი და ძლიერი დარტყმით მაქაცარიასგან შორეულ კუთხეში შეაგდო - 4:0.

კიდევ 9 წუთში არაბულმა დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ბაჩანას აქამდე "დილას" მაისურით გოლი არ ჰქონდა გატანილი.

შეხვედრის წერტილი კი ბოლო წუთზე გორელიშვილმა დასვა კონტრშეტევისას. ასისტენტად ისევ ჟუნიორი მოგვევლინა. მისგან მიღებული ბურთით გორელიშვილმა თავის ფლანგზე დაახლოებით 30 მეტრი ჩაირბინა და მახვილი კუთხიდან აიღო კარი - 6:0.

მატჩის შემდეგ
ვალდას ივანაუსკასი (დილა):
"ანგარიში კარგად მეტყველებს ჩვენს უპირატესობაზე. ფავორიტებად ვითვლებოდით, რადგან სატურნირო ცხრილში მეტოქე უფრო ქვემოთაა და ეს სტატუსი გავამართლეთ.

ფეხბურთელები ყურადღებით მოეკიდნენ შეხვედრას. ისინი იბრძვიან ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად, თუმცა, რასაკვირველია, იქ ყველა ვერ მოხვდება. არჩევანის გაკეთება რთულია.

სასიამოვნო იყო ახალგაზრდების შედეგიანი თამაში, რომელთაც გამოცდილები დაეხმარნენ, რათა კარგად წარმოეჩინათ თავი".


ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი):
"ძნელია ასეთი თამაშის შემდეგ რაიმეს თქმა. ფეხბურთელებს ვაძლევთ თავის გამოჩენის საშუალებას, მაგრამ ისინი სათანადოდ არ ეკიდებიან საქმეს. რაღაცები უნდა შეიცვალოს გუნდში და ყველამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

მე პირადად, ვაპირებ, კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდე და დაველაპარაკო გადადგომის თაობაზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შემცვლელი არ მოიძებნა, არც ის მინდა, გუნდი შუა გზაზე მივატოვო".


Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული