ასე მაგალითად, "ზესტაფონი" და "გაგრა" უკრაინულ-ქართული სააგენტო "პრო სპორტ მენეჯმენტთან" თანამშრომლობს. ეს სააგენტო უკრაინულ ფეხბურთს აფრიკელი და ქართველი ფეხბურთელებით ამარაგებს.
ამ კომპანიის გათვლა მომავალზეა გაკეთებული - უმრავლესობა პერსპექტიული ფეხბურთელია: ბექა გოცირიძე ("კრივბასი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("შახტარი" დონეცკი, უკრაინა), გიორგი გაბედავა ("ილიჩევეცი", უკრაინა), უჩა
"საფეხბურთო ტრანსფერების სააგენტო" "დიორი ეტოსთან" მუშაობს - კომპანიის დამფუძნებელმა გოგა გახოკიძემ უნგრეთში საკმაოდ ბევრი ქართველი წაიყვანა (გიორგი განუგრავა, ლაშა თოთაძე, თემურ შარაშენიძე, რატი ალექსიძე, გიორგი ბახტაძე), რომელთაც შეუძლიათ, ეს კლუბი ტრამპლინად გამოიყენონ.
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებზე ყოველთვის იყო მოთხოვნა და ასე იქნება, სანამ ეს კლუბი იარსებებს. წლების წინ ყოფილა შემთხვევა, როცა უცხოეთში წასვლამდე ფეხბურთელს "დინამოში" აფორმებდნენ, ჩარიცხვა რომ გაადვილებოდათ - ეს მათი დახმარების ერთ-ერთი ფორმა იყო. მართალია, ქართველი ფეხბურთელის სახელი უწინდელივით აღარ ჭრის, მაგრამ "დინამო" მაინც ჩვენი ფეხბურთის ბრენდია და სხვებზე მეტად მაინც ლურჯ-თეთრ ფორმამორგებულ მოთამაშეებს ენდობიან. თბილისის "დინამოში" კი ყოველთვის იყო უცხოელებისთვის საინტერესო ფეხბურთელი - გასულ წელს გიორგი მერებაშვილი, წელს გურამ კაშია და ასე შემდეგ.
საერთოდ, ბუბა ტყავაძის მმართველობის პერიოდში, კლუბის საკადრო პოლიტიკა ამგვარად გამოიკვეთა - გუნდი ამა თუ იმ ნიჭიერი ბავშვის გაზრდა-წარმოჩენასა და შემდეგ მის უცხოეთში გაშვებაზე მიზანმიმართულად მუშაობს. მაგალითად, მეკარე გიორგი ლორია გამოდგება. მართალია, ამჟამად მის ტრანსფერზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გიორგისთან მიმართებაში "დინამოს" დამოკიდებულება სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყოს - ლორიას გამოცდილება და თავდაჯერება აკლდა და მანამ ეს ორი აუცილებელი თვისება არ შეიძინა, ჯიუტად აყენებდნენ და შეცდომებსაც პატიობდნენ. ლორიამ იმედები გაამართლა, გაიზარდა და საქართველოს ერთერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა.
თუმცა ნიჭიერ ფეხბურთელებს ევროპაში გასაასვლელად გზამკვლევი სჭირდებათ, ასეთად კი სერბული კლუბი "ვოივოდინა" მოიაზრება. ბოლო ერთი წელია თბილისის "დინამო" მასთან თანამშრომლობს. ამ პარტნიორობის ინიციატორი სამენეჯერო სააგენტო "სვალოვსპორტმენეჯმენტია", რომლის დამფუძნებლებიც ფიფას აგენტი ლევან ზუხბაია და "ვოივოდინას" მენეჯერი მიხეილ ხუციშვილი არიან. ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის გახსნას "დინამო" სერბული კლუბის დახმარებით ცდილობს. მენეჯერთა დუეტი თბილისის "დინამოს" ტრანსფერებს "სვალოვსპორტმენეჯმენტისა" და სერბი კოლეგების დახმარებით ახორციელებენ. ისინი ნაკრებში გამოძახებული გიორგი ლორიას, ალეკო კოშკაძისა და სხვა დინამოელების მენეჯერები არიან: პორტუგალიელი ედნილსონის, კამერუნელი დონალდ ჯუსისა და ბრაზილიელი რობერტინიოს, ასევე ლევან ხმალაძის, ზვიად ქანთარიას, გიორგი თექთურმანიძის, გიორგი მამუჩაშვილის, ბაქოს "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაიასი და ნახევარმცველ დავით ოდიკაძის, აგრეთვე - "ვოივოდინაში" მოთამაშე გიორგი მერებაშვილის. საქართველოსთან დაკავშირებულთა გარდა, ზუხბაია-ხუციშვილი ჩერნოგორიელი იანკო ტუმბაჩევიჩისა და შვეიცარიელი ბობან მაქსიმოვიჩის ტრანსფერებზეც მუშაობენ.
მცირე ხნის წინ "ლელოში" დაიწერა, რომ რამდენიმე დინამოელის ტრანსფერზე მუშაობა დაწყებულია. ბოლო დროს ვრცელდება ხმები, თითქოს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "დინამოს" ნახევარმცველი კოშკაძე და კამერუნელი თავდამსხმელი ჯუსი "ვოივოდინაში" მიდიან.
ინფორმაცია ფიფას აგენტ ლევან ზუხბაიასთან გადავამოწმეთ:
- არა მგონია, ისინი "ვოივოდინაში" წავიდნენ, მაგრამ ზოგადად კოშკაძისა და ჯუსის ტრანსფერზე მე და ხუციშვილი ნამდვილად ვმუშაობთ. შემიძლია აქვე გითხრათ, რომ ინტერესს არა მარტო ამ ორის, არამედ, თექთურმანიძისა და ედნილსონის მიმართაც ავლენენ. ამ ეტაპზე გუნდების დაკონკრეტება არ მინდა, მაგრამ გიორგისა და დონალდის ტრანსფერებზე მოლაპარაკება ესპანეთის კლუბებთან უკვე დავიწყეთ. ედნილსონისა და კოშკაძის საკითხს კი ჯერ კიდევ ვარკვევთ. თუმცა, ვიმეორებ, "ვოივოდინაში" მათ გადასვლაზე ლაპარაკი არ ყოფილა.
- თექთურმანიძითა და ჯუსით პრიმერა დივიზიონის კლუბები დაინტერესდნენ თუ სეგუნდასი?
- ამაზე ლაპარაკი ჯერ არ ღირს... საერთოდ, საქართველოდან უცხოეთში ასე იოლად ფეხბურთელები ვერ მიდიან, მით უფრო, რთულია პირდაპირ ჩარიცხვა. ბოლოს, პირდაპირი კონტრაქტით გურამ კაშია უნდა ჩარიცხულიყო სანტანდერის "რასინგში" - ოთხი დღით უნდა წასულიყო და სამედიცინო შემოწმება გაევლო, მაგრამ წასვლა თავად არ ისურვა.
- დღეისთვის რომელია ყველაზე მოთხოვნადი დინამოელი?
- ჟურნალისტები ამას თავადაც მიხვდებით - გამოცდილიც აინტერესებთ, ახალგაზრდაც და პერსპექტიულიც.
- ბოლო დროს "დინამომ" "ვოივოდინასთან" პარტნიორული კავშირი დაამყარა. როგორ გადაიკვეთა ინტერესები?
- ეს მიხეილ ხუციშვილის დამსახურებაა. ის ჩვენი კომპანია - "სვალოვსპორტმენეჯმენტის" ერთერთი დამფუძნებელია და სერბებს პარტნიორობა შესთავაზა. ხუციშვილი კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან დაუახლოვდა - "ვოივოდინას" პრეზიდენტსა და დირექტორთან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა, სერბებმაც კლუბის მენეჯერის სტატუსი მიანიჭეს და შემიძლია ვთქვა, რომ კავკასიაში ჩვენს კომპანიას გამორჩეული ნდობა აქვს, არადა, ეს ის ბაზარია, სადაც ევროპელებს ინტერესები აქვთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"