არმაზ ჯელაძე: მთავარია, არ წავაგოთ ბათუმის "დინამოსთან"

AutoSharing Option
ზედა ექვსეულში თუ ქართული კლასიკოა, ქვევითაც არის მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა: ბათუმის "დინამო" ბოლნისის "სიონს" მასპინძლობს.

ბათუმელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს, რადგან წინა ტურში უშუალო კონკურენტ "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდნენ 2:3 და საქმე ძალიან გაირთულეს. არც "სიონია" არხეინად, გათამაშების ცხრილიდან ყველაფერი კარგად ჩანს.

ერთი სიტყვით, ბათუმის "დინამო"-"სიონის" შეხვედრა ძალიან პრინციპული დაპირისპირებაა.

"სიონის" მთავარ მწვრთნელ არმაზ ჯელაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- სანამ "ბათუმთან" მატჩზე გკითხავთ, ორი ტურის წინ შინ "ვიტ ჯორჯიასთან" 0:3 რომ დამარცხდით, ჯერ ის შეხვედრა მიმოვიხილოთ...
- ეს ფეხბურთია და ყველაფერი
ხდება, პირველ ტაიმში სამი დასანანი გოლი გავუშვით, შემდეგ თამაში კი გამოვაკეთეთ, მაგრამ... მთლიანობაში ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, თუმცა ჩვენივე შეცდომების გამო ასე ვთქვათ, უაზრო გოლები გავუშვით, შეიძლება ითქვას, რომ მოწინააღმდეგე სათანადოდ ვერ შევაფასეთ და ამის გამო წავაგეთ.

- "ბათუმთან" ფრე თქვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება?
- ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგი იქნება, მთავარია, არ წავაგოთ. ამის მერე კიდევ ორი ტურია, მაგრამ "ბათუმთან" შეხვედრა ძალიან ბევრს გადაწყვეტს.

- ბათუმელებთან მატჩისთვის ყველანი ჯანზე გყავთ?
- ტრავმების გამო მინდია ბობღიაშვილი, გიორგი ჩივაძე და სერგი ორბელაძე არ გვეყოლებიან, რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აწუხებს და დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს. მოკლედ, ამ მხრივ გარკვეული პრობლემები გვაქვს.

- "სიონი" საშუასეზონო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა, გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატეთ, თუმცა სტაბილურობა მაინც ძნელად მისაღწევი გამოდგა...
- გამოცდილებით მართლაც ერთ-ერთი კარგი გუნდი ვართ ქვედა ექვსეულში, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ყოველ ოთხ დღეში გვიწევდა თამაში და ასაკოვანი ფეხბურთელები ძალების სრულად აღდგენას ვერ ასწრებდნენ. "ბათუმთან" მატჩის წინ კი შვიდდღიანი პაუზა გამოდის და "სიონის" ყველა ფეხბურთელი კარგად არის მზად ამ შეხვედრისთვის.

ძველი გუნდიდან "სიონში" 5-6 ფეხბურთელი დარჩა და 3-4 თვეში ძალიან ძნელია გუნდის ხელახლა ჩამოყალიბება, სტაბილურად თამაში...

- ლადო ახალაიასი და კოკა მიკუჩაძის რამდენად კმაყოფილი ხართ?

- სანამ ისინი "სიონში" მოვიდოდნენ, რაღაც პერიოდი გაუცდათ, თუმცა ვარჯიშებზე თუ თამაშის დროს ძალიან მონდომებულები არიან, მათი საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ, ისინი მაქსიმალურად იხარჯებიან.

- ბოლო სამ ტურში რამდენი ქულის აღებას გეგმავთ?
- კარგი იქნება, თუ ექვს ქულას ავიღებთ, თუმცა ხუთი ქულის მოპოვებაც არ იქნება ურიგო. ბოლო, გადამწყვეტ მატჩებს ფსიქოლიგიური დატვირთვაც აქვთ, რადგან დაძაბულობა განსაკუთრებულად მატულობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXX ტურის წინათქმა: საჩემპიონო ზეიმი დღესვე?
სიონი-ვიტ ჯორჯია 0:3 - ნახევარფინალიდან გასავარდნ ზონამდე [VIDEO]
გია გურული: ეს მატჩი ყოფნა-არყოფნის საკითხია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული