კვირის 1000 წვრილმანი: გვესაჭიროება ტრიუკების ოსტატი!

AutoSharing Option
საკლუბო ფეხბურთის გასაჭირმა ანტაგონიზმი გაანელა. სპორტის მინისტრი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ერთად ჩავიდნენ გორში და "დილას" გასაჭირზე იმსჯელეს.

"დილას" ქომაგობა გამოვიდა და პროტესტი გამოხატა. "დილას" ფეხბურთელები "ზუგდიდთან" მატჩზე წასვლას არ აპირებდნენ, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და მაინც წავიდნენ.

უჭირთ სხვა კლუბებსაც.

უჭირს სახელმწიფოსაც, ქვეყნის ბიუჯეტი შესავსებია, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს, ჩვენ არც ნავთობის ჭაბურღილები გვაბადია და არც ალმასის საბადოები. ფეხბურთს კიდევ შველა სჭირდება.

ნათლად ჩანს, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი ძალიან მონდომებულია, ქართულ საკლუბო ფეხბურთს რომ დაეხმაროს, მაგრამ რაც უნდა კარგი პროექტი
მოიფიქროს სამინისტრომ, ფედერაციამ თუ რომელიმე კლუბმა, ფულის გარეშე არაფერი გამოვა. ფული რომ იოლად მოდიოდეს, ამდენი დავიდარება არ მოხდებოდა და ყველა იწილადებდა რაღაც ლუკმას.

ყოველწლიურად ოცი მილიონი ლარი ქართული კლუბებისთვის - ეს ის თანხაა, რითაც ეროვნული ჩემპიონატი ასე თუ ისე ღირსეულად ჩატარდება, ოღონდაც ჯერ არც ეს თანხა ჩანს და არც ის კონცეფცია, თუ როგორ უნდა განაწილდეს სანატრელი მილიონები.

სეზონის დასრულებას ჩემპიოინატის ორი ტური და თასის ფინალი გვაშორებს. ვისაც ფული აქვს, უკვე იცის, როგორ მოემზადოს დამდეგი სეზონისთვის, როგორ გაძლიერდეს, შეკრება სად ჩაატაროს და როგორ დაგეგმოს ბიუჯეტი. უმეტეს ქართულ კლუბებს ასეთი ფუფუნება არ გააჩნიათ და შესაბამისად ჯახირი მოუწევთ, ჯახირით კიდევ საქმე არ გამოდის.

სამინისტრო და ფედერაცია ერთობლივად რომ ცდილობენ რაღაცას, პოზიტივი კი არის, მაგრამ დაგვიანებული კოჰაბიტაციაა.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნდნენ ცხინვალის "სპარტაკი" და ლანჩხუთის "გურია", ორივე საბიუჯეტო კლუბია, ორივე იმედიანადაა, მაგრამ მათაც არ იციან, რა ბედი ელით.

კერძო კლუბებსაც არ ულხინთ. ასეთი ვითარება არც "დინამო თბილისს" უნდა აძლევდეს ხელს, ძლიერ მოწინააღმდეგეებს თუ არ გადააწყდა შინ, ისე ვერ განვითარდება, როგორც ეს კლუბს და მის ქომაგებს სურთ.

თუ ისევ ასე იჯახირა ჩვენმა საკლუბო ფეხბურთმა, ეროვნულ ნაკრებსაც არ ელის გამოკეთება.

ჯაჭვია ყველაფერი, მაგრამ ამ ჯაჭვზე ადრე არავინ ფიქრობდა სერიოზულად და კონცეპტუალურად.

გახლდით "სიონი" - "ჩიხურას" სათასო შეხლაზე. ფინალში "ჩიხურა" გავიდა, თუმცა ბოლნისში ბრძოლა გაუჭირდა და ევროსარბილზეც თუ ასე ითამაშებს, რა ხეირი უნდა ნახოს?

ეს სეზონი უწინდელზე უკეთესი იმით თუ გამოდგა, რომ ფედერაციის აღმასკომის სხდომა აღარ არის საჭირო ჩემპიონის გამოსავლენად. თუ ყველაფერი შედარებითია, ამით ნამდვილად შეგვიძლია თავის დამშვიდება.

და რამდენად სუფთა იყო ეს ჩემპიონატი უწინდელთან შედარებით? ახლახან გავიგე იმ ყოფილი მსაჯის სახელი და გვარი, ვინც არის თურმე ბროკერი რაგინდარა კლუბსა და მოქმედ მსაჯებს შორის. ანუ, კლუბის წარმომადგენელი მიდის ამ ბროკერთან, მიაქვს ფული და მერე ეს ფული ამ ბროკერის ხელით მიდის რომელიმე მსაჯამდე. სქემა სადა და ეფექტურია, მსაჯები პირდაპირ კავშირზე არ გადიან კლუბებთან, ყველაფერს ბროკერი აგვარებს.

ეჰ, ეს ჟურნალისტიკაც ვერ არის სათანადო დონეზე, თორემ გახეთქავდა ამ სინდიკატს. ჟურნალისტის მოქმედების გეგმა ასეთია: ამ სინდიკატში გარეულ ადამიანს ვუკავშირდები და ვცდილობ თანამშრომლობაზე დავიყოლიო, მედიამაგნატი კი კანონიერად გამოდის სერიოზულ თანხას, თუ ამ სინდიკატის წევრი სიმართლეს საჯაროდ იტყვის და ამ სიმართლეს დაამტკიცებს კიდეც, ანუ ამ სინდიკატის წევრი დაიმაგრებს ფარულ კამერას და ფულის გადაცემა-გადმოცემას აუდიო-ვიდეოზე დააფიქსირებს.

რამდენიმე წლით ადრე, როცა ჟურნალისტიკას საქართველოში რომანტიკული ელფერი ჰქონდა, ვცადე მსგავსი ტრიუკის გაკეთება. მაშინ საქმე ამგვარად იყო: გუნდის მთავარი მწვრთნელი და მისი თანაშემწე ფეხბურთელებს ეუბნებოდნენ, პრემიებიდან ნახევარი ყველამ უნდა დადოთ, შეგროვებულ თანხას არბიტრს ან რომელიმე თანამსაჯს გადავცემთ და სადავო ეპიზოდებში სულ ჩვენს სასარგებლოდ დაუსტვენს ან ააფრიალებს ალამსო.

ფეხბურთელები მწვრთნელების გეგმას დათანხმდნენ, რადგან ყველაფერი ნაღდი ეგონათ - იკლებენ პრემიის ნახევარს, სამაგიეროდ პრემია გარანტირებული აქვთ. გაიმართა მატჩი და... ამ ფეხბურთელების გუნდმა წააგო.

ეს ფეხბურთელები მეორე თუ მესამე დღეს მივიდნენ მსაჯთან და ჰკითხეს, ფული რომ გადმოგეცით, თამაში რატომ არ მოგვაგებინეთო. მსაჯმა უპასუხა, ისე ცოტა იყო თქვენი თანხა, რაც გავაკეთე, იმაზეც მადლობა მითხარითო. ლაპარაკში გაირკვა, რომ მსაჯისთვის იმაზე ნაკლები თანხა მიუციათ, რაც ფეხბურთელებს ჰქონდათ შეგროვებული, ანუ თანხის ნაწილი მწვრთნელებმა "მოტეხეს".

ამ ყველაფრით გამწარებული ერთ-ერთი ფეხბურთელი დავიყოლიე იმაზე, რომ ამ ისტორიას საგაზეთო ინტერვიუში მოყვებოდა. მაშინ სხვა გაზეთში ვმუშაობდი. ასეთი სკანდალური ინტერვიუსთვის ფეხბურთელს გამომცემლისგან თანხის კანონიერად აღება სურდა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ - საამისო სახსარი არ აღმოგვაჩნდა.

ერთი სიტყვით, აქაც ჯაჭვია, თუ ფეხბურთს ფინანსურად ღონიერი პარტნიორი არ ჰყავს, ძლიერი ვერც ფეხბურთი იქნება და ვერც მისი პარტნიორი.

ფული ყველას გვჭირდება და ვუყურებთ სახელმწიფოს. ეს არის სიმართლე, რომელსაც ვერ გავექცევით. ეკონომიკურ წინსვლას უნდა ველოდოთ? კი ბატონო, ოღონდაც ეს მალე არ მოხდება...

ქართულ ფეხბურთს ამ ეტაპზე ისევ ის ხალხი თუ გადაარჩენს, ვისაც ბევრი ფული აქვს და ფეხბურთი ძალიან უყვარს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორში რო იყო ყიფიანი და ყველაფერი რო მოუგვარა "დილას" და ზესტაფონში არ ჩამოსულა იმაზე რას იტყვით? რა დავაშავეთ ზესტაფონლებმა ? ეს ერთი კაცი გვყავდა წესიერი და ისიც გაგვიქციეს ! სამასირცხვოა ეს ყველაფერიიიიიიიიიიიიიიიიიიი.
abgda3wqa
11:34 12-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული