დინამო ბთ-კოლხეთი 2:2 - ზღვისპირული (შ)ფოთი

AutoSharing Option
მატჩის დასრულებამდე 4 წუთი იყო დარჩენილი, როცა უკვე ცნობილი გახდა ბოლნისური მატჩის შედეგი: ბათუმელებს ზუსტად ეს დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ გამარჯვებისა გაეტანათ და ბოლო ტურში უკვე თავის თავზე იქნებოდნენ დამოკიდებულები, რამეთუ გასვლაზე "მეტალურგთან" გამარჯვება მათ უმაღლესში დარჩენის გარანტიას აძლევდა.

ახლა კი რუსთავში მოგებასთან ერთად, "სიონის" მარტვილში წაფორხილებაც სჭირდებათ.

რამდენიმე წუთის დაგვიანებით მატჩის დაწყება კოლხთა კარის ბადის "მოკერვამ" მოითხოვა, რამაც ბოლოსკენ "დინამოს" ერთგვარი უპირატესობაც მისცა პარალელურად მიმდინარე მატჩში კონკურენტ "სიონთან", თუმცა მისი გამოყენება ფორმალურმა მასპინძლებმა ვერ შეძლეს - "კოლხეთმა" ფეარ პლეი
ბოლომდე დაიცვა და სალაპარაკო არავის მისცა.

პირველი რეალური ხიფათიც სწორედ სტუმრებმა შექმნეს, როცა მარჯვნიდან ზამირ ჯანაშია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა ივან პიტსანს, მაგრამ ძელის შიგნითა მხარეს მოხვედრილმა ბურთმა კარისკენ წასვლა არ "ისურვა".

Sportall.Geამას მასპინძელთა "ჩხვლეტები" მოჰყვა. განსაკუთრებით ნიკა დიასამიძე აქტიურობდა. სათამაშო უპირატესობა ბათუმელებმა გოლად მაინც აქციეს - 29-ე წუთზე ალეკო კოშკაძის ჩინებული პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ბესიკ ჩიმაკაძემ ყველაფერი იდეალურად გააკეთა და ბურთი მიხეილ ხარშილაძის "გავლით" სტუმართა კარში აღმოჩნდა, 1:0.

თითქოს "დინამოს" უპირატესობა უფრო საგრძნობი უნდა გამხდარიყო, როცა მათი დაცვა "ჩავარდა": მარჯვენა ფლანგზე გალაღებულმა ამირან წაბრიამ საჯარიმოში დაუცველი შალვა კვანტალიანი მონახა და კოლხთა მთავარმეგოლემაც თავურით მეტოქე უშანსოდ დატოვა, 1:1.

ეს მე-40 წუთზე მოხდა და ტაიმის ბოლომდე ორი შანსი ბათუმელებს მიეცათ - ამირან მუჯირს ხარშილაძემ საჯარიმოდან დარტყმული აკრობატულ ნახტომში აუღო, ხოლო ჩიმაკაძემ დუბლის პირველ ტაიმშივე შესრულების შანსი სამიოდ მეტრიდან დარტყმისას გაანიავა.

მან დუბლის შესრულება ათიოდ წუთში მაინც მოახერხა, როცა წაბრია-ხარშილაძის გოლი ნოდარ კიკნაველიძის პასით "ერთი ერთში" გაიმეორა და თავისიანები წინ გაიყვანა, 2:1.

სხვათა შორის, ბესოს პირველი გოლი ბათუმელთა კლუბის ისტორიაში 1300-ე გამოდგა - ეროვნული ჩემპიონატების უმაღლეს და პირველ ლიგაში, ასევე, თასის გათამაშების ჯამში. "კოლხეთიდან" ანალოგიურად საიუბილეო გოლის ავტორი გიორგი ბუხაიძე (მან ბათუმელებთან წინა შეხვედრაში გაიტანა კოლხთა 1300-ე) სტუმრებს თადარიგში ჰყავდათ, ხოლო "დინამოს" უმაღლეს ლიგაში მე-900 გოლის გამტანი სანდრო გურული განაცხადშიც არ გახლდათ.

ძალიან მალე შეეძლო კვანტალიანსაც დუბლის შესრულება, როცა ცარიელ კართან დაუცველი აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად მისი თავური კარს ასცდა.

სამიოდ წუთში "მასპინძელთა" დამწუხრება მან მაინც მოახერხა, ოღონდ უკვე მეტოქე მცველის დახმარებით - შალვამ საჯარიმო ძლიერად დაჰკრა. ბურთი დინამოელს ფეხზე მოხვდა - რიკოშეტმა მეორე კუთხეში წასული მეკარე უშანსოდ დატოვა, 2:2.

ბოლოს იყო შფოთიანი 4 წუთი, როცა ბოლნისური შედეგი ცნობილი იყო და კოლხთა თავკაც თემურ ბარქაიასადმი ირონიული შეძახილები - ამ ქულით ინაღდებთ დარჩენას ხომ (ბარქაიამ, სხვებს რომ ქულები დავაკარგვინეთ, არც ის გვშველოდა და მაშინ სად იყავითო)?! - თუმცა "კოლხეთმა" სამართლიანი თამაშის წესები ბოლომდე დაიცვა და თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა და მატჩის, ფაქტობრივად, უშეცდომოდ განმსჯელმა ლევან კვარაცხელიამ საყაიმო ანგარიში დააფიქსირა.

P.S. მცირეოდენი გაუგებრობა ნამატჩევს მაინც მოხდა - მსაჯებმა ქომაგების შეურაცხყოფის გამო კოლხთა მეკარე ხარშილაძის მოთამაშის ბარათი წაიღეს.

Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კომენტარი უნდა გავაკეტოტ?იბრზოლეს და ნიცჰიაც ცაუგეს აბრზოპლა კველ ბატუმელს მუჯირივიტ და მნოვიგებდიტ.რისი იმედი გვაქვს?
mamulicha
21:37 14-05-2013
0
გუნდი რომ ბოლომდე თამაშობს ეს კარგია მაგრამ რაც ფოთელებმა გააკეთეს ამას არ ვიცი რა ქვია. დროის გაყვანა, ფეხბურთის გაფუჭება, სიმულიაცია და ასე შემდეგ.და თანაც ერთი რეგიონის გუნდები და ბოლო შანსი,აქ ეგეთი საქციელი ზედმეტია.
giorgi
08:14 14-05-2013
0

სიახლეები პოპულარული