გიორგი ყიფიანი: ღირსებას ვერ ვუღალატებთ

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგთან" ფრედ (2:2) დასრულებულმა შეხვედრამ ბოლნისის "სიონი" მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - ბოლო ტურში ბოლნისელები მარტვილში "მერანს" ესტუმრებიან და იქ გაირკვევა, შეინარჩუნებენ თუ არა უმაღლეს ლიგაში ადგილს.

რუსთაველებთან მოპოვებული ქულა გუნდმა საკუთარი მონდომებით დაიმსახურა, მაგრამ მატჩის შემდეგ ბოლნისელმა გულშემატკივრებმა რუსთაველების მისამართით უკმაყოფილება ვერ დამალეს - უმოტივაციოდ დარჩენილებმა რატომ იბრძოლესო.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს ინტერვიუ ჩამოვართვით და ორივე ამბობს, რომ გუნდებს ღირსეული ბრძოლა ნამდვილად წაადგებათ.

გიორგი ყიფიანი ამაყია, რომ მისმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატი ღირსეულად ჩაატარა და ამბობს, რომ უმოტივაციოდ
დარჩენის მიუხედავად, "მეტალურგი" ბოლო ტურშიც იბრძოლებს.

- ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მძიმე თამაში გქონდათ...
- ამ სეზონში "მეტალურგი" სამართლიანი თამაშის პრინციპს რომ იცავს, ეს ყველასთვის არის ცნობილი. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ბოლო ტურში ბათუმის "დინამოს" შევხვდებით და ბოლნისელ გულშემატკივარს ვაძლევთ პირობას, რომ ბათუმელებთანაც ისევე ვიბრძოლებთ, როგორც "სიონთან".

არავინ იფიქროს, რომ ბოლნისელებს ჯიბრში ვუდგებით. ჩვენი პრინციპია - უმოტივაციოდაც ღირსეულად ვითამაშოთ.

გარიგებაზე რომ გვეფიქრა, ამას სათასო შეხვედრებში გავაკეთებდით, მაგრამ გუნდში შევთანხმდით, რომ მსგავსი რამ ჩვენი პრაქტიკიდან გამოირიცხებოდა. მირჩევნია, წაგებული თამაშის გამო სამსახური დავკარგო, ვიდრე სიბინძურეებს შევეგუო და უსინდისოდ ვიცხოვრო.

ადრე ვინ ვის და რაზე გაურიგდა - ეს ჩემი პრობლემა არ არის. გარიგებებში მონაწილეობას არასოდეს დავთანხმდები. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი მწვრთნელი ერთი წელი ვიქნები თუ ერთი თვე - ღირსებას და ნამუსს ვერ ვუღალატებ.

ბოლნისელმა გულშემატკივარმა ყველაზე უკეთ იცის, "სიონში" როგორ ვმუშაობდი და დარწმუნებული ვარ, კარგად გამიგებენ.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სიონი-მეტალურგი 2:2 - ღირსება და წესიერება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული