სფფ კლუბებს ხვდება

AutoSharing Option
დღეს 12 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცები ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველ ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს ხვდებიან. ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ერთად, 27 კლუბის წარმომადგენელს ფედერაციის განყოფილებების ხელმძღვანელებიც შეხვდებიან და დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგში შემდეგი საკითხებია შეტანილი:

მემორანდუმი ფედერაციის სპორტული არბიტრაჟის დაფუძნების შესახებ
ამიერიდან, სფფ-ს სივრცეში არსებულ დავებს ამ ორგანიზაციის ეგიდით დაფუძნებული სპორტული არბიტრაჟი განიხილავს - მაგალითად, სფფ-ს და მის წევრ ასოციაციებს, ფედერაციებს, კლუბებს, მოთამაშეებს ან ოფიციალურ პირებს, ან
რომელიმე ორ მათგანს შორის წარმოქმნილ უთანხმოებას არბიტრაჟი განიხილავს.

კლუბების საკომპენსაციო დავალიანებების საკითხი
ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეისთვის რამდენიმე ტრანსფერზე კომპენსაცია არ არის გადახდილი, რასაც ასევე ამ შეკრებაზე განიხილავენ.

გადამხდელი თანხა მიმღები
ზესტაფონი (გ. კაჭარავა) 3.000 დოლ დინამო თბ
ტორპედო (ნ. კვასხვაძე) 30.000 დოლ ზესტაფონი
ბათუმი (გ. კაჭკაჭიშვილი) 1.500 დოლ ზესტაფონი
ზესტაფონი (გ. კაჭარავა) ხელშეკ. შეუსრულ. სამგურალი

ფეხბურთელთა ტრანსფერების საკითხი
გენერალური სამდივნოს უფროსი რევაზ შენგელია გუნდებს იმ აუცილებელ პროცედურებს გააცნობს, რომელიც სავალდებულოა ფეხბურთელის აღზრდისთვის განსაზღვრული კომპენსაციის მისაღებად.

მსაჯთა კორპუსთან დაკავშირებული პრობლემები
ამის თაობაზე სფფ-ს მსაჯთა განყოფილების წარმომადგენელი ილაპარაკებს. აქ განსაკუთრებულ ყურადღებას მატჩის ფირების საკითხი იქცევს - ხშირად გუნდები სადავო ეპიზოდს ან არ აჩვენებენ, ან მოუხერხებელი რაკურსით წარადგენენ. ამიერიდან მატჩის გადაღება მასპინძელ და სტუმარ გუნდებს დაევალებათ, თანაც, ორი განსხვავებული რაკურსითა და სტატიკური კამერით.

სავალდებულო წესით, მატჩის გამართვიდან ორ სამუშაო დღეში გუნდებს ჩანაწერის სამსაჯო განყოფილებისთვის წარდგენა ევალებათ.


მატჩამდე საორგანიზაციო შეხვედრა
თამაშამდე 1,5 საათით ადრე სავალდებულოა შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება ტექნიკური, საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხები. მას უნდა ესწრებოდნენ: უსაფრთხოების ოფიცერი, სტუმარი და მასპინძელი გუნდების წარმომადგენლები, დელეგატი, დამკვირვებელი, მთავარი მსაჯი, ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი.
ყველა კლუბმა უზრუნველყოს უსაფრთხოების ოფიცერის საკითხი. მასპინძელმა კლუბმა კი მატჩზე უსაფრთხოების საკმარისი რაოდენობით ადგილობრივი პოლიციის დასწრება უნდა უზრუნველყოს.

მეკავშირე ოფიცრების საკითხი
მასპინძელი კლუბი, ვალდებულია მატჩზე წარგზავნილ მსაჯთა ბრიგადას მეკავშირე ოფიცერი მიამაგროს, რომელიც მატჩამდე და მატჩის შემდგომ მსაჯებს სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.


2011 წელს მსაჯთა დაფინანსების პროექტი
სფფ-ს სამსაჯო განყოფილების წარმომადგენელი ლევან ფანიაშვილი ისაუბრებს 2011 წლიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების საწევრო გადასახადში შესატან ცვლილებაზე - შედეგად, მსაჯთა სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული