რა თქმა უნდა, ნებისმიერ მსგავს შეფასებას შეიძლება, რომ ოპონენტი გამოუჩნდეს და მკითხველთა ნაწილი ჩვენს არჩევანს არ დაეთანხმოს, მაგრამ შიდა სარედაქციო დებატებით შევეცადეთ, მაქსიმალურად ობიექტური და არგუმენტებით გამყარებული გადაწყვეტილება მიგვეღო.
სეზონი თბილისის "დინამოს" აშკარა დომინირებით წარიმართა და დედაქალაქელებმა ათწლიანი პაუზის შემდეგ სრულიად დამსახურებულად შეასრულეს დუბლი.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, ნომინანტთა შორის ყველაზე მეტნი დინამოელები რომ ფიგურირებენ.
საუკეთესო მწვრთნელი
1. დუშან უჰრინი (დინამო)
როცა გუნდი სეზონში ყველა შესაძლო ტიტულს
დუშან უჰრინმა თბილისურ კლუბს სადებიუტო სეზონშივე დაატყო თავისი ხელი და "დინამოს" ნანატრი სტაბილურობა და დისციპლინა შესძინა. დედაქალაქელებმა სეზონი ერთ დონეზე, პრაქტიკულად, ჩავარდნების გარეშე განვლეს და ჩემპიონობა ხუთწლიანი ინტერვალის შემდეგ იზეიმეს. რასაკვირველია, ამაში უჰრინის წვლილი ძალიან წონადია.
2. გია გეგუჩაძე (ტორპედო)
ახალგაზრდული შემადგენლობითა და არცთუ შთამბეჭდავი ბიუჯეტით გეგუჩაძემ მაქსიმუმს მიაღწია - "ტორპედო" ზედიზედ მეორედ მოხვდა ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში. გეგუჩაძისა და ქუთათურთა თანამშრომლობა კი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. როგორც ჩანს, საამისოდ ქართველ სპეციალისტს სათანადო არგუმენტები აქვს.
3. სოსო ფრუიძე (ჩიხურა)
გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "ჩიხურამ" სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა - ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ საჩხერელები ევროპის ლიგის საგზურს შესწვდებოდნენ და საქართველოს თასის ფინალში ითამაშებდნენ, თუმცა ფრუიძის გუნდმა ეს დამაჯერებელი თამაშით შეძლო.
საუკეთესო მეკარე
1. გიორგი ლორია (დინამო)
2. ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო)
3. გიორგი სომხიშვილი (ჩიხურა)
ომარ მიგინეიშვილი აქამდე ზედიზედ ორჯერ დავასახელეთ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ და "ტორპედოს" კარის დარაჯმა გასული სეზონიც არანაკლებ მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა ამჯერად მისი დინამოელი კოლეგის მონაგარი უფრო შთამბეჭდავად მივიჩნიეთ.
27 წლის გიორგი ლორიამ გასულ ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა, მეორე ეტაპზე კი მისი კარი მეტოქეებმა მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ დალაშქრეს! ლორია სტატისტიკის გარეშეც გამოსარჩევია. იგი "დინამოს" ლიდერი და კაპიტანია, რომლის საიმედო თამაშზეც დიდად არის დამოკიდებული თბილისური კლუბის წარმატება.
საუკეთესო მცველი
1. გივი კვარაცხელია (დინამო)
2. დავით ოდიკაძე (ჩიხურა)
3. დავით კვირკველია (დილა)
ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი გველესიანი, უსტარიცი, გიორგი შაშიაშვილი - ისინი სეზონის მსვლელობისას თბილისის "დინამოს" დაცვის ცენტრში მორიგეობით იყვნენ გივი კვარაცხელიას პარტნიორები. ამ უკანასკნელის პოზიციები კი ძირითად შემადგენლობაში ურყევი იყო.
ჩემპიონატის 32 მატჩიდან 34 წლის მცველმა 31 ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. გამოცდილი უკანახაზელი "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი და ახალგაზრდა თანაგუნდელებისთვის მაგალითის მიმცემია. სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, კვარაცხელია, რომელიც "დინამოს" სეზონის წინ რუსთავის "მეტალურგიდან" დაუბრუნდა, კვლავ ჩინებულ კონდიციებშია.
სეზონი ასევე მაღალ დონეზე ჩაატარეს მეორე-მესამეადგილოსნებმაც, რომლებიც თავიანთი გუნდების ლიდერები იყვნენ.
საუკეთესო ნახევარმცველი
1. მიკელ ალვარო (დინამო)
2. ელგუჯა გრიგალაშვილი (ტორპედო)
3. ლევან ხმალაძე (დინამო)
30 მატჩი და 14 გოლი - ეს არა მხოლოდ ნახევარმცველისთვის, თავდამსხმელისთვისაც კი შესაშური შედეგიანობაა. მიკელ ალვარო "დინამოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია და თამაშის შემოქმედებითი მანერის გარდა, აქვს უნარი, გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტებში გუნდს გამარჯვება მოუტანოს.
ასე მაგალითად, 30 წლის ესპანელმა საყრდენმა მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა ქუთაისის "ტორპედოს" კარში, "დილასთან" გასვლით შეხვედრაში კი საჩემპიონო "გასროლა" განახორციელა. ალვაროს შეუძლია როგორც მნიშვნელოვანი, ასევე ძალიან ლამაზი გოლების ავტორობა.
გასულ სეზონში ჩინებულად ითამაშეს გრიგალაშვილმა და ხმალაძემაც. გრიგალაშვილი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, "ტორპედოს" ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა, ხმალაძე კი წლებია, "დინამოსთვის" შეუცვლელი ფეხბურთელია.
საუკეთესო ფეხბურთელი
ჩისკო (დინამო თბ)
საუკეთესო ლეგიონერი
1. ჩისკო (დინამო თბ)
2. მიკელ ალვარო (დინამო)
3. ნათან ჟუნიორი (დილა)
საუკეთესო თავდამსხმელი
1. ჩისკო (დინამო თბ)
2. ჯაბა დვალი (დინამო)
3. გიორგი ბერიაშვილი (ტორპედო)
საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ლეგიონერი - სამივე ეს წოდება ჩისკოს მივაკუთვნეთ და ვეჭვობთ, ალტერნატიული აზრი არსებობდეს.
თუ ვინმეზე ითქმის, "დინამოს" უმთავრესი მამოძრავებელი ძალააო, უპირველესად, დედაქალაქელთა 32 წლის ესპანელ შემტევზე. არასტაბილურად ჩატარებული წინა სეზონის შემდეგ ჩისკომ სრულად გამოავლინა თავისი კლასი.
"ვალენსიას", "ბეტისისა" და "ლევანტეს" ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები ამჯერად სრულად წარმოაჩინა და "დინამოს" ჩემპიონობაში მართლაც განსაკუთრებული როლი ითამაშა.
28 მატჩი და 24 გოლი - ასეთ შედეგიანობას ბევრი კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება. ჩისკო, უბრალოდ, შეუდარებელი იყო. რომ არა ულამაზო ქცევისთვის ზუგდიდში მიღებული წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია, მისი შედეგიანობა, ალბათ, კიდევ უფრო გამოსარჩევი იქნებოდა.
"დინამოს" მნიშვნელოვანი გოლებით შეეწია ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გასული ჯაბა დვალიც, გიორგი ბერიაშვილი კი "ტორპედოს" წინა ხაზზე ქმნიდა ამინდს.
საუკეთესო დებიუტანტი
1. ბაჩანა არაბული (დილა)
2. მიხაილ გორელიშვილი (დილა)
3. თედორე გრიგალაშვილი (ზესტაფონი)
4 მატჩი, აქედან მხოლოდ ერთი ძირითად შემადგენლობაში და 5 გოლი - ასეთია ბაჩანა არაბულის მონაგარი. 19 წლის თავდამსხმელი მოედანზე გასული ჩემპიონატის მიწურულსღა გამოჩნდა, მაგრამ ასეთი საუცხოო მაჩვენებლის გამო გადავწყვიტეთ, საუკეთესო დებიუტანტად სწორედ იგი დავასახელოთ. რა თქმა უნდა, მის კონკურენტებს მიღწევას არ ვუკარგავთ. გორელიშვილმა, გრიგალაშვილმა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს.
არაბულისთვის კი, ვიმედოვნებთ, "ლელოს" აღიარება გარკვეული სტიმული იქნება. ახალგაზრდა ნიჭიერმა ფორვარდმა ხომ კარიერაში უკვე მრავალი იმედგაცრუება გადაიტანა და მძიმე ტრავმებისა და გაცდენილი თითქმის ორი წელიწადის გამო უმაღლეს ლიგაში დებიუტი დაუგვიანდა.
საბედნიეროდ, ბაჩანამ მტკიცე ხასიათი გამოავლინა, რთული პერიოდი დაძლია და ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ იმდენს მიაღწიოს, რამდენიც მისი ტალანტის მქონე ფეხბურთელს შეეფერება. ამ იმედს მისი შრომისმოყვარეობა და დადებითი ადამიანური თვისებებიც გვიძლიერებს.
საუკეთესო აღმოჩენა
1. საბა ლომია (მერანი)
2. დავით კირკიტაძე (ჩიხურა)
3. გიორგი ფანცულაია (ტორპედო)
გასულ სეზონამდე საბა ლომიას საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა გატანილი, წინა ჩემპიონატში კი მეტოქეთა კარი 16-ჯერ დალაშქრა. იმის მიუხედავად, რომ სეზონის მეორე ნახევარი პირველზე გაცილებით დაბალ დონეზე ჩაატარა, სეზონის აღმოჩენად მაინც მარტვილის "მერანის" 22 წლის ფორვარდი დავასახელეთ.
აღსანიშნავია, რომ ლომიამ უმაღლესი ლიგის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ დინამოელებს, ჩისკოსა და დვალს ჩამორჩა.
შესანიშნავად წარმოჩნდნენ საუკეთესო სამეულში შესული ახალგაზრდებიც, რომლებიც ასაკის მიუხედავად, საკუთარ გუნდებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
საუკეთესო ვეტერანი
1. ამირან მუჯირი (დინამო, ბთ.)
2. გივი დიდავა (მერანი)
3. სევასტი თოდუა (ზუგდიდი/გურია)
ბათუმის "დინამო" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ ამაში ამირან მუჯირს ბრალი ნაკლებად მიუძღვის. 39 წლის ვეტერანმა გასულ სეზონშიც არაერთი გამოსარჩევი მატჩი ჩაატარა და ბათუმელთა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაც იყო. მუჯირის ფორმისა და კონდიციების გათვალისწინებით, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მან აქტიური საფეხბურთო კარიერა კიდევ გააგრძელოს.
საუკეთესო გოლი
ზემოთაც ვთქვით, რომ მიკელ ალვაროს ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც ლამაზი, ასევე მნიშვნელოვანი გოლების გატანა და სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება გორში გატანილი ბურთი.
"დილა"-"დინამოს" მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა დედაქალაქელთა ესპანელმა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით "დინამოს" გამარჯვება მოუტანა და თბილისელთა ჩემპიონობა რამდენიმე დღეში გასაფორმებელ ამბად აქცია.
იხილეთ ვიდეო:
ისე მოხდა, რომ სეზონის უმნიშვნელოვანესი გოლი ყველაზე ლამაზი გამოვიდა.
ცუდი ტენდენცია
რამდენიმე ქართულ კლუბში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემები და მათი ბუნდოვანი მომავალი - ამ უსიამოვნებებმა სეზონის მიწურულს იჩინა თავი და ჯერ არ ვიცით, როგორი გაგრძელება მოჰყვება ამ ამბებს.
იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და ქართული საკლუბო ფეხბურთი, რომელშიც კერძო ინვესტორები სანთლით არიან საძებარნი, რეგრესს არ გააგრძელებს.
სეზონის გმირი
გიორგი ონიანს არაერთი წამყვანი ქართული კლუბის ღირსება დაუცავს და ყველგან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. 29 წლის მცველი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "დილადან" "ტორპედოში" გადავიდა და ქუთაისურ კლუბშიც საკვანძო ფიგურა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მძიმე ტრავმამ ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოაშორა.
10 აპრილს, საქართველოს თასის განმეორებითი მატჩისას, სადაც "ტორპედო" ბოლნისის "სიონს" სტუმრობდა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ონიანი მოედანს შემოვლებული ღობის ბოძს შეეჯახა და ხერხემალი დაიზიანა.
იხილეთ ვიდეო
საბედნიეროდ, გიორგი ინვალიდობას გადაურჩა და ხაზი არც მის საფეხბურთო კარიერას გადაესვა, თუმცა იგი მოედანს მომავალ წლამდე ვერ დაუბრუნდება.
ისღა დაგვრჩენია, ონიანს სულის სიმტკიცე და ძველ დონეზე რაც შეიძლება მალე ათამაშება ვუსურვოთ. ასეთი მძიმე ტრავმის მოშუშება და მოედანზე დაბრუნება გიორგის მხრიდან, გადაჭარბების გარეშე, ნამდვილი გმირობა იქნება.
მოამზადეს გია ტუხაშვილმა და ლევან ჯანეზაშვილმა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს XXIV ჩემპიონატი ციფრებში: ყველგან ჩისკოს აჩრდილია