დიდი ცვლილებები თბილისის "დინამოში" - პირველი კარლეს კოტო წავიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" დიდი ცვლილებებია. კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი უკვე დატოვა ესპანელმა ლეგიონერმა კარლეს კოტომ.

ფეხბურთელმა "ფეისბუქის" გვერდზე მადლობა გადაუხადა თბილისის "დინამოს" მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ფანებს.

"კლუბში შვილივით მექცეოდნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში თავს კომფორტულად და კარგად ვგრძნობდი. იმედია, ერთ დღესაც ჩვენ კიდევ შევხვდებით.

მადლობას გიხდით ყველას ამ დიდებული წუთებისთვის. "დინამო" ყოველთვის დარჩება ჩემს გულში. ჩემს მეგობრებს წარმატებებს ვუსურვებ. მე მიყვარს "დინამო!"
, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა კოტო საქართველოს.

სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან გუნდში აღარ ვიხილავთ გერმანელ ლეგიონერ პატრიკ მილხრაუმსა და
ესპანური პასპორტის მქონე ემანუილ მენდის.

კონტრაქტი დაუსრულდა მიკელ ალვაროს, რომელიც თბილისის "დინამოს" ბომბარდირებში მესამე ადგილზე გავიდა (14 გოლი). ვრცელდებოდა ხმები, თითქოს, თბილისელები მასაც უშვებდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

კონტრაქტი უმთავრდება ჩისკოსაც, მაგრამ ვეჭვობთ, "დინამო" მას შეელიოს. საერთოდ, "დინამოსა" და საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირმა (24 გოლი) მრავალრიცხოვან ესპანელ ლეგიონერებში მეორე შედეგი აჩვენა - პირველზე კი 26 გოლით ავსტრიული "ზალცბურგის" ფორვარდი ხონათან სორიანო იყო.

გავრცელებული ხმების მიხედვით, "დინამოს" სამი ქართველი მოთამაშეც დატოვებს, მაგრამ ჯერ მათი ვინაობა უცნობია. ერთ-ერთი კანდიდატი დიმიტრი ტატანაშვილია. "მეტალურგიდან" გადმოსულმა თავდამსხმელმა დუშან უჰრინის გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა - 29 წლის თავდამსხმელმა სეზონში სულ 6-ჯერ ითამაშა და ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

ჯერ უცნობია, გაუგრძელებენ თუ არა კონტრაქტს საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ოთარ ხიზანეიშვილს. 31 წლის გამოცდილი მცველი აშკარად დაითარსა, რადგან ტრავმის გამო მთელი მეორე ეტაპი გაუცდა და მხოლოდ ახლახან განაახლა ვარჯიში.

შევიტყვეთ, რომ გიორგი ლორიას "ტვენტე" აკვირდებოდა. ჰოლანდიური გუნდის წარმომადგენლები თურქეთი-საქართველოსა და საფრანგეთი-საქართველოს შეხვედრებს საგანგებოდ გიორგის თამაშის სანახავად დაესწრნენ, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია.

უცნობია, რა ბედი ელით მეკარე კოკა სეფიაშვილს, არჩილ ტვილდიანს, დავით ხოჭოლავას, ჯაბა ჯიღაურს, ლაშა პარუნაშვილს, ნიკა კვეკვესკირსა და გიორგი თექთურმანიძეს. ამ ახალგაზრდების ბედი მართლაც დასაფიქრებელია. ისინი მხოლოდ პირველი ლიგის "დინამო 2"-ში თამაშობენ.

დუშან უჰრინი გუნდს ჩემპიონობისთვის ამზადებდა და მათ არ ენდობოდა. ამავე დროს, სულ მათ პროფესიონალიზმს აკრიტიკებდა. არადა, გვეეჭვება, ეს ახალგაზრდები ჩამოსაწერები იყვნენ. თითოეულ მათგანს უმაღლესი ლიგის ნებისმიერი გუნდი აიყვანდა და ვერავინ იტყვის, რომ პერსპექტიულები არ არიან.

არადა, გადის დრო და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი არ ეძლევათ. საკითხი კი უნდა მოგვარდეს ისე, რომ კლუბის ინტერესთან ერთად, მოთამაშეთა ინტერესიც იყოს გათვალისწინებული - დასაკარგი ფეხბურთელები ჩვენ ნამდვილად არ გვყავს.

წამსვლელ-მომსვლელების თემაზე კომენტარი გუნდის სპორტულ დირექტორ ბუბა ტყავაძეს ვთხოვეთ, მაგრამ მან დაკონკრეტება არ ისურვა:

"კლუბმა სეზონი წარმატებულად ჩაატარა. ამიტომ ძირითად ბირთვს შევინარჩუნებთ და გაძლიერებას შევეცდებით. ამ საკითხებზე დეტალურ პასუხს უახლოეს დღეებში გაგცემთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაში
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვეკესკირი, თექთუმანიძე და განსაკუთრებით პარუნაშვილი იჯარით მაინც გაუშვან სხვა ქართულ გუნდში, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ...ბუბა, ბუბა, შენ არაფერი გეშველება...დაგღუპავს ფულის ასეთი სიყვარული...
Tavado
00:37 28-05-2013
0
კოტოზე გული ძალიან დამწყდა მაგრად მომწონდა მისი თამაში მაგრამ ეს არაფერი მენდი და მიხლაუმი ნამდვილად არ არიან დინამსთვის ზედგამოჩრილები რაც შეეხება ალვაროსა და ჩისკოს მათი გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება ისინი გუნდის წამყვანი ფეხბურთელები არიან :)
mish
15:56 27-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული