ტენდენცია: მწვრთნელობა ათასად დაფასდა...

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში რომ დიდი ფული ("თეთრიც", "შავიც") ტრიალებს, უკვე აღარავის უკვირს; ისე, როგორც მართლაც ხმაურიანი ტრანსფერები, - ამა თუ იმ ფეხბურთელში 50 მილიონ ევროზე მეტის გადახდა ხომ უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქმება.

აი, მაგალითად, ბრაზილიელი ნეიმარის შეძენა "ბარსელონას" სოლიდურ თანხად დაუჯდა; ასტრონომიულ თანხებზეა ლაპარაკი ედინსონ კავანის, რადამელ ფალკაოსა თუ გარეთ ბეილის მოსალოდნელ ტრანსფერებზეც.

მოკლედ, ჩვეულებრივი სიტუაციაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ბოლო წლებში ფეხბურთელებზე უფრო "მოთხოვნადი"... მწვრთნელები გახდნენ! ჰო, მართლაც ასეა: ეს ერთი კვირაა, ზემოთ დასახელებული ფეხბურთელების შემდგარ თუ მოსალოდნელ ტრანსფერებზე
მეტად აქტუალური სწორედ სამწვრთნელო გადაადგილებებია; თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ მოთამაშეებზე მეტად ხმაურიანი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრად უფრო მასშტაბურიც!

ეგ კი არა, "სატრანსფერო ბაზარზე" დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლეო მესის სხვა გუნდში გადასვლა თუ "გადასწონის" ჟოზე მოურინიოს ("ჩელსიში"), რაფაელ ბენიტესის ("ნაპოლიში"), ვალტერ მაცარის ("ინტერში"), მანუელ პელეგრინისა ("მანჩესტერ სიტიში") და დევიდ მოიესის ("მანჩესტერ იუნაიტედში") დანიშვნებს.

მთავარი ინტრიგა წინ არის: ვინ ჩაიბარებს მადრიდის "რეალს", კარლო ანჩელოტი თუ იუპ ჰაინკესი? სად "გაარტყამს" მორიგ სარფიან კონტრაქტს რობერტო მანჩინი? ან სად გააგრძელებს კარიერას მანჩინიზე არანაკლები "მადის" მქონე გუუს ჰიდინკი (რომელსაც მახაჭყალის "ანჟისთან" კონტრაქტი უმთავრდება).

სამწვრთნელო ცვლილებებია მოსალოდნელი "მილანში", "რომაში"; საბოლოოდ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ტიტო ვილანოვა; ჯერჯერობით უცნობია, საით გაუწევთ გული ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ გამარჯვებულ რობერტო დი მატეოსა თუ მართლაც გამორჩეული სამწვრთნელო ხედვის მქონე მარსელო ბიელსას (ამ უკანასკნელს ბილბაოს "ატლეტიკთან" კონტრაქტი უმთავრდება).

ტრადიციულად, დიდი ამბები უნდა მოხდეს რუსეთის პრემიერლიგაშიც: "ზენიტის" მთავარი მწვრთნელი ჯერჯერობით ისევ ლუჩანო სპალეტია, მაგრამ იტალიური გუნდებიდან არაერთი შემოთავაზება აქვს; დიდი ალბათობით, თავის პოსტს დაატოვებინებენ სლავენ ბილიჩს და მოსკოვის "ლოკომოტივის" სავარაუდო მწვრთნელებად რობერტო მანჩინისა და მასიმილიანო ალეგრის განიხილავენო, - ამტკიცებს რუსული სპორტული პრესა.

სამაგიეროდ, ის კი გარკვეულია, რომ ცნობილმა და საკმაოდ ნორმალური კვალიფიკაციის მწვრთნელმა იური სიომინმა... აზერბაიჯანული "გაბალა" ჩაიბარა! ამ პერიფერიულ აზერბაიჯანულ კლუბს სოლიდურზე სოლიდური ბიუჯეტი აქვს: ორი წლის წინათ ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული კაპიტანი ტონი ადამსი მიიწვიეს მთავარ მწვრთნელად, ახლა კი რუსეთის ნაკრების, კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავკაცი იური სიომინი.

სხვათა შორის, სიომინს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ფეხბურთელებთან: მალხაზ ასათიანი და ზაზა ჯანაშია წლების განმავლობაში მოსკოვის "ლოკომოტივის" ლიდერები იყვნენ!

ისე, თემას გადავუხვევთ და ვიტყვით, რომ ასათიანმაც და ჯანაშიამაც (ისე, როგორც სიომინის ხელმძღვანელობით, "ლოკომოტივში" სხვადასხვა დროს მოასპარეზე მიხეილ აშვეთიამ თუ გიორგი დემეტრაძემ) არაერთი მატჩი თუ სეზონი ჩაატარეს მაღალ დონეზე, მაგრამ ბევრი, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ უფრო მეტის მიღწევაც შეეძლოთ...

...ისევ სიომინის "თემას" გავაგრძელებთ: აზერბაიჯანული გუნდების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სოლიდური ბიუჯეტი აქვს და ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების მიწვევაც უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქმება.

"გაბალას" მსგავსად, ასევე პერიფერიული კლუბია ლენქორანის "ხაზარი", სადაც ამ ერთი თვის წინათ მთავარ მწვრთნელად ცნობილი უელსელი სპეციალისტი ჯონ ტოშაკი დაინიშნა.

თუმცა, ფული რომ ყველაფერს არ ნიშნავს, იმავე აზერბაიჯანის მაგალითზე ვიტყვით: ქართველი სპეციალისტების დამოძღვრილ გუნდებს, კახა ცხადაძის "ინტერს" და გიორგი ჩიხრაძის "სიმურგს", მოკრძალებული ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ "ხაზარიც" უკან ჩამოიტოვეს, "გაბალაც", არანაკლებ მდიდარი "ბაქიც" და ჩემპიონატიც, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე დაასრულეს!

ქართული სინამდვილე
მართლაც სასიამოვნოა, რომ თანამედროვე ფეხბურთის მიმდინარე ტენდენციებს არც საქართველო ჩამორჩება! ოღონდ ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ, სამწვრთნელო გადაადგილებებს ვგულისხმობთ: სეზონის დასრულებიდან ჯერ ათი დღეც არ გასულა და უკვე რამდენიმე ქართული გუნდი უმწვრთნელოდ არის დარჩენილი!

ჩემპიონატი ახალდასრულებული იყო, "ზუგდიდის" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა ჩვეული გულახდილობით რომ განაცხადა, გუნდიდან მივდივარ და, საერთოდ, სამწვრთნელო საქმიანობას მინდა შევეშვაო.

"ზუგდიდს" ჯერჯერობით ახალი თავკაცი არ ჰყავს, ისე, როგორც "დილას" თუ "ტორპედოს": ვალდას ივანაუსკასი გორელთა მწვრთნელი აღარ არის (არადა, გუნდმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი უჩვენა - მეორე ადგილი დაიკავა), ხოლო ქუთაისელებს გია გეგუჩაძე გამოემშვიდობა (ზედიზედ ორჯერ მესამე ადგილის დაკავება როგორი შედეგია, ამის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდვია).

თუმცა, ჯერ სადა ვართ: ახალი სეზონის დაწყებამდე, სულ მცირე, სამ-ოთხ გუნდში (თუ უფრო მეტში არა) კიდევ უნდა ველოდოთ სამწვრთნელო ცვლილებებს. არ დაგვავიწყდეს, რომ დღესდღეობით უმწვრთნელოდ არის დარჩენილი "ზესტაფონი"; არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბათუმის "დინამოსთან" დაკავშირებით; ბოლნისის "სიონის" სავარაუდო მწვრთნელად ივო შუშაკიც ახსენეს; გორის "დილას" ასევე სავარაუდო კანდიდატად კი ისეთი პიროვნებაც დასახელდა, აი, "ხმაურიანი დანიშვნა" ეს იქნება, თუ იქნება!..

არადა, წინა სეზონთან შედარებით, გასულ ჩემპიონატში მწვრთნელების მოხსნა-დანიშვნას მასშტაბური ნამდვილად აღარ ეთქმოდა: ექვსმა სპეციალისტმა პირველიდან ბოლო ტურის ჩათვლით იმუშავა.

აი, ის მწვრთნელებიც, კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან ნდობას რომ ინარჩუნებდნენ: დუშან უჰრინი (თბილისის "დინამო"), სოსო ფრუიძე ("ჩიხურა"), მალხაზ ჟვანია ("მერანი"), გია გურული (ბათუმის "დინამო"), გია გეგუჩაძე ("ტორპედო") და ელგუჯა ქომეთიანი ("ზუგდიდი").

აი, სხვაგან კი აბსოლუტურად განსხვავებული სურათი იყო: ოთხ გუნდში თითოჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, ერთგან - ორჯერ, "ზესტაფონმა" კი სეზონის "რეკორდი" დაამყარა! სწორედ "ზესტაფონის" სამწვრთნელო გადაადგილებას შეგახსენებთ: გია ჭიაბრიშვილის ნაცვლად მეოთხე ტურში გუნდს გიორგი ყიფიანმა უთავკაცა, მომდევნო შეხვედრიდან კი ქვეყნის ჩემპიონების გაძღოლა დავით მუჯირსა და ზაზა ზამთარაძეს მიანდეს. XIX ტურის წინ ამ "დუეტმა" პროტესტის ნიშნად გუნდი დატოვა და "ჩიხურასთან" გასვლით შეხვედრაზე "ზესტაფონი" მოედანზე გიორგი მიქაძემ გაიყვანა; აი, მომდევნო ტურიდან კი "ზესტაფონს" უკვე კახა კაჭარავა მოძღვრავდა, თუმცა ჩემპიონატის ბოლო ტურში, თბილისის "დინამოსთან" გასვლით მატჩში, იმერული კლუბი მოედანზე ისევ გიორგი მიქაძემ გამოიყვანა.

...გორის "დილამ" სეზონი თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა წარუმატებელი სტარტის (რაც ევროტურნირებზე მონაწილეობითა და საშინაო მატჩების თბილისში ჩატარებითაც იყო გამოწვეული) მერე V ტურიდან გუნდის გაძღოლა ისრაელიდან ჩამოყვანილ გიორგი დარასელიას დაევალა.

დარასელიას საქართველოს ჩემპიონატში ჩინებული სამწვრთნელო დებიუტი ჰქონდა (ზედიზედ 11 მატჩი მოიგო), თუმცა ზამთრის პაუზის დროს ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გადავიდა და მის ნაცვლად "დილა" ლიტველ სპეციალისტს, ვალდას ივანაუსკასს ჩააბარეს.

მესამე ტურის მერე შეიცვალა მთავარი მწვრთნელი "სიონში" - ხვიჩა ქასრაშვილის ნაცვლად ბოლნისურ კლუბში არმაზ ჯელაძე მივიდა; VIII ტურში რუსთავში საშინაო მარცხის ("ვიტ ჯორჯიასთან") მერე "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუხდა კობა ჟორჟიკაშვილს, რომელიც "ზესტაფონიდან" წამოსულმა გიორგი ყიფიანმა შეცვალა;

XIX ტურის მერე მთავარი მწვრთნელი შეიცვალა "კოლხეთშიც": დავით მახარაძე წავიდა და მცირე პაუზის მერე ფოთელთა გუნდში კვლავაც სოსო ფილია დაბრუნდა. დაახლოებით ასეთი შინაარსის ცვლილება მოხდა "ვიტ ჯორჯიაშიც": მერაბ კოჭლაშვილი XXV ტურის მერე ზურაბ ბერიძემ ჩაანაცვლა.

ვინ იქნება შემდეგი?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილას" ახალი მწვრთნელი ეყოლება, ივანაუსკასს საქართველო არ ეთმობა
გია გეგუჩაძის გარეშე - ქუთაისელთა ახალგაზრდული და ესპანური კურსი
ელგუჯა ქომეთიანი: პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება
ბოლნისის "სიონში" ივო შუშაკის მოწვევაზე ფიქრობენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული