ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს განუმარტა: "აქ ელემენტარულ უვიცობასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან გურამი "დინამოს" აღზრდილია, კლუბს საკომპენსაციო თანხა ეკუთვნის. კაშია აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში.
...იყო ინფორმაცია, თითქოს "დინამო" 170 ათას ევროს ითხოვდა, "სლავია" კი 110 ათასის გადახდაზე დათანხმდა და საბოლოოდ, საკითხის დასაზუსტებლად ფიფას მიმართეს. თუმცა არასწორია გავრცელებული ხმები, თითქოს, ქართულ-ჩეხური მოლაპარაკება თანხაზე შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა. კაშია სხვა მიზეზით წამოვიდა - პრაღაში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა და არა - გასინჯვაზე. თუმცა "სლავიას" ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახლებმა კი გუნდის გაწმენდა გადაწყვიტეს, რადგან "სლავიაში" 35 ფეხბურთელი ირიცხებოდა. სანამ არასასურველ მოთამაშეებს არ გაუშვებდნენ, ახლების აყვანა არ სურდათ, კაშიას კი სთხოვეს, სხვა კლუბთან კონტრაქტი არ გაეფორმებინა და ორი კვირა მოეცადა, ამასობაში კი ჩეხები ფინანსური პრობლემების მოგვარება შეეცდებოდნენ...
მაგრამ კაშიამ მოცდა არ ისურვა, რადგან როგორც უთხრეს, ისრაელის ვიცე-ჩემპიონ "მაქაბიში" ჩარიცხვა 90 პროცენტით გადაწყვეტილი იყო და ხაიფელებს ავსტრიულ შეკრებაზეც შეუერთდა. საბოლოოდ, ისრაელშიც არ დარჩა, რადგან ბოლოს საკმაოდ გაურკვეველი ვითარება შეიქმნა...
ჩეხებთან კონტრაქტის გაფორმებით დაიმედებული ცენტრალური მცველი "მაქაბიში" მოუმზადებელი ჩავიდა, სეზონის დასრულების შემდეგ ისვენებდა. ამიტომაც იყო, რომ ბუქარესტის "დინამოსთან" კარგად ვერ ითამაშა, თუმცა მოსკოვის "ლოკომოტივთან" "მაქაბის" ხელმძღვანელებს უკვე მოეწონათ.
საბოლოოდ, მისი საკითხი წინა კვირას, "ვიენასთან" მატჩის შემდეგ უნდა გარკვეულიყო. "მაქაბი", მასთან ერთად, კიდევ ოთხი ცენტრალური მცველი ჩამოყვანას აპირებდა და აღმოჩნდა, რომ 90-პროცენტიანი კონტრაქტი არც ისე საიმედო იყო. კაშია წამოვიდა და ახლა ერთ-ერთი ბელგიური კლუბის წინადადების იმედადაა, თბილისის "დინამოში" დაბრუნებას კი არ აპირებს.
მოკლედ, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მცველი უგუნდოდაა. ევროთასების მოახლოებისას, როცა ქართულ კლუბებს ხეირიანი ფეხბურთელების სერიოზული პრობლემა აქვთ, ასეთი ფეხბურთელის უგუნდოდ ყოფნა დაუშვებელია.
მერაბ მამულაშვილი