ქუთათურებმა ფოთში იმარჯვეს

AutoSharing Option
გუშინ, "ფაზისზე" სატურნირო ცხრილის მეზობლების პაექრობას მრავალ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: ქუთათურებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ ჩავარდნილი სტარტი ნამდვილად შემთხვევითი იყო და ამას ბოლოდროინდელი წარმატებული სერიის გაგრძელებით შეძლებდნენ; კოლხებს კი პირიქით, მოგებით - ჩინებული სტარტის შემდეგ დიდი ჩავარდნა უნდა შეეჩერებინათ.

პირველი, რაც სტადიონზე მისულებს თვალში მოგვხვდა, ერთდროულად სამი რამ იყო: წინა ფაზისური სკანდალის შემდეგ მოსალოდნელი - უაღრესად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები; "I არხის" მოძრავი სადგური - ფოთიდან, თუ არ ვცდები, პირველად მოხდა პირდაპირი ტრანსლაცია; მესამე და მთავ
არი - ქართული ნოვაცია: ალბათ, მსოფლიოში არ ექნება პრეცედენტი, ნახევარი სტადიონი დაესაჯოთ! დიახ, "ფაზისის" დასავლეთ ტრიბუნაზე არავინ იჯდა, რადგან, როგორც გვითხრეს, ასეთი დირექტივა სფფ-პფლ-დან მიიღეს. აქვე ეს თემა ამოვწუროთ და ვთქვათ - ამ გადაწყვეტილების მიმღები ფოთის სტადიონზე, სავარაუდოდ, ნამყოფი არ უნდა იყოს. ტრიბუნა სრულად არის იზოლირებული და გამოყოფილი მოედნიდან, შესაბამისად, გაუგებარია, ქართულ სტადიონებზე ისედაც მცირერიცხოვანი ქომაგი მოდის და მასაც დისკომფორტი ტყუილად შეუქმნა: სტადიონის გარშემო წრე არტყმევინო, თანაც ამით დამატებითი პრობლემის ალბათობა შექმნა - ქუთათურთა აქტიურ ფან-კლუბს თუ გავითვალისწინებთ, გვერდიგვერდ მსხდომი მეტოქეთა ქომაგები დამატებითი თავის ტკივილია უბრალოდ.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ქუთათურებმა შედეგი უკვე მესამე წუთზე მიიღეს, თანაც როგორც ბოლოს გამოჩნდა, მეგრული კლუბის დასამარცხებლად საკმარისი ერთადერთი გოლი ამ კუთხის გვარების წარმომადგენლების ანგარიშზეა - მარჯვენა ფრთაზე კარგად გავიდა სევასტი თოდუა და შორეული გადაცემა გაუკეთა კვარაცხელიას, ვისი თავურიც გიზო შენგელიასთვის აუღებელი აღმოჩნდა - 1:0.

ზუსტად ერთ წუთში გიორგი დათუნაიშვილი გადიოდა იმავე ფლანგიდან და თითქოს პირისპირ უნდა შეყროდა მეკარეს, მაგრამ ცოტათი დააგვიანა. კიდევ 5 წუთში უკვე მარცხნიდან ჩაწოდებულს კარგად გამოეხმაურა საბანაძე, რომლის თავურიც შენგელიამ რის ვაი-ვაგლახით გადააგდო ხარიხის ზემოთ.

მე-17 წუთზე "ტორპედო" პენალტს ითხოვდა, როცა საბანაძის დარტყმული ინწკირველს ხელზე მოხვდა, მაგრამ იქვე მდგომმა გიორგი ვადაჭკორიამ მიიჩნია, რომ განზრახ ხელით თამაში არ ყოფილა, რითიც ქუთათურთა პროტესტი დაიმსახურა.

ამის შემდეგაც სტუმრები დომინირებდნენ. აშკარა იყო, ვარჯიშების ჩაგდებამ კოლხებზე ძლიერ იმოქმედა. ფიზიკურად იმერლები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, "კოლხეთი" კი მძიმედ მოძრაობდა, უფრო ბურთის მოგერიებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ვიდრე რაიმე ღირებული კომბინაცია შეექმნათ. ერთადერთი ხიფათი მასპინძლებმა ტაიმის შუაში შექმნეს, როცა ციცხვაია მარცხენა ფლანგზე კარგად გაიჭრა, ქუთათურთა მეკარის შეცდომით ისარგებლა, თავზეც გადაუგდო ბურთი, მაგრამ... ფარულავამ იყოჩაღა და თავისიანები გადაარჩინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შესვენებისას ბესიკ შეროზიამ ტაქტიკური ცვლილება გააკეთა, თან ერთობ სარისკოც - ერთი მცველი მოხსნა და ლაშა გვალია შეუშვა. თითქოს, ამით ქუთათურებს კონტრშეტევებისთვის ხელ-ფეხი უნდა გახსნოდათ, მაგრამ სამი მცველით მოთამაშე მასპინძლებს მეორე ტაიმში ხეირიანად ერთხელ დაემუქრნენ - 50-ე წუთზე ფლანგიდან კარგად გაიჭრა თორნიკე თარხნიშვილი და საჯარიმოში შესულმა შენგელიას შორეულ კუთხეში დაურტყა - მასპინძლები ამჯერადაც მეკარემ გადაარჩინა.

ამის შემდეგ აშკარა იყო, რომ სტუმრები უფრო მეტად ანგარიშის შენარჩუნებაზე მეტს ფიქრობდნენ. "კოლხეთმა" კი აშკარად მოუმატა თამაშს, თუმცა რეალური ხიფათი მაინც ვერ შექმნა. სულ ორი, ასე თუ ისე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჩავინიშნეთ და ორივე - დათა სიჭინავას აქტიურობის წყალობით. პირველად, სტუმართა მეკარე არცთუ დამაჯერებლად გაისარჯა, მაგრამ ბურთის კუთხურზე გადაგდება მაინც მოახერხა, ხოლო მეორე მომენტში "ტორპედო" სწორედ მიგინეიშვილმა გადაარჩინა აშკარა გოლისაგან.

ბოლოს კი იყო მეტად საორჭოფო ეპიზოდი - შეტევაში მთელი ძალით გადასულ კოლხებს გატანა შეეძლოთ, მეტიც - რეზო ჯიქია ვალდებულიც იყო, გამაყაიმებელი გოლი გაეტანა, მან ჯერ თოდუა ჩამოიტოვა, შემდეგ მეკარეც მოატყუა და დაარტყა კიდეც, მაგრამ მიგინეიშვილმა ქუთათურებს 3 ქულა შეუნარჩუნა.

ეს გოლი რომ გასულიყო, სამართალდამცველებს ქუთაისელი ფანების მოსაგერიებლად დიდი ჯაფა დაადგებოდათ. სტუმრები მიიჩნევდნენ, რომ ჯიქიამ მათი კაპიტანი წესების დარღვევით შეაჩერა. "ტორპედოს" ფეხბურთელებმა მსაჯების ქმედება მოედანზევე გააპროტესტეს, განსაკუთრებით ლაინსმენს სთხოვდნენ პასუხს (თითქოს, უკეთ ხედავდა ეპიზოდს). ქუთათურებმა თანამსაჯს შეაგინეს კიდეც, მაგრამ მან ამას წაუყრუა. არადა, სწორედ ამიტომ მოხდა ფოთში გამართულ წინა შეხვედრაში არეულობა - მსაჯები ხან რეაგირებენ ასეთ შემთხვევებზე, ხან - არა, რაც ნამდვილად გაუმართლებელია.

მას შემდეგ, რაც არბიტრმა საფინალო ჩასტვინა, სტუმრებმა მოედნის ცენტრში დაუწყეს მსაჯებს "საქმის გარჩევა", თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. სამაგიეროდ, სამსაჯო-გასახდელისკენ "ტორპედოს" ფან-კლუბის წევრები დაიძრნენ, სავარაუდოდ, მათი სურვილი იყო, მსაჯების "შესამკობად" აპრობირებული ფრაზები ვადაჭკორიასა და კომპანიისთვის ახლოდან გაეგონებინათ, მაგრამ პოლიციამ მათ სამსაჯოსთან მიახლოების საშუალება არ მისცა. მცირე ინციდენტიც მოხდა, რის შემდეგაც ფანები სამართალდამცველებმა სტადიონის ეზოდან გაიყვანეს. ისინი "ტორპედოს" თავკაცობამ გააფრთხილა - ამათ საკუთარი ქომაგები დაიჭირეს და თქვენ რას გიზამენო?!


მატჩის შემდეგ
გიორგი გიგატაძე (ტორპედო): "ფოთში რთული თამაში რომ გვექნებოდა, წინასწარ ვხვდებოდით. ჩვენთვის "კოლხეთი" მოუხერხებელი მეტოქეა, ეს მეც კარგად მაქვს გამონაცადი. ამჟამად მეტოქეს გარკვეული პრობლემები აქვს და ამან, სავარაუდოდ, მათ თამაშს დაღი დაასვა. მოგებით, რა თქმა უნდა, გახარებული ვარ".

ბესიკ შეროზია (კოლხეთი): "წინა შეხვედრებში კოშმარული წაგებების შემდეგ რეაბილიტაციას დღეს ვგეგმავდით, ამისთვის ფეხბურთელებთან გარკვეული სამუშაოები გავწიეთ. სწრაფმა გოლმა ჩვენს თამაშზე იმოქმედა. მეორე ნახევარში სამ მცველზე გადავეწყვეთ, რითაც ვეცადეთ მეტოქისთვის ცენტრი წაგვერთვა. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად კიდეც მოვახერხეთ, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. "ტორპედომ" მოგება დაიმსახურა, მაგრამ ფრედაც რომ დასრულებულიყო შეხვედრა, არ იქნებოდა უსამართლო შედეგი".


05.11. ფოთი. ფაზისი. 800 მაყურებელი
კოლხეთი 0
ტორპედო 1
0:1 კვარაცხელია (3. თოდუას პასით)

კოლხეთი ტორპედო
4-4-1-1 4-4-2
გ. შენგელია მიგინეიშვილი
ჭითანავა ფოფხაძე
ცხვიტარია ს. თოდუა
ინწკირველი ფარულავა
გველესიანი ჩიქვილაძე
გულუა დათუნაიშვილი
ჯოჯუა დიღმელაშვილი
გოგონაია გურული
სიჭინავა თარხნიშვილი
რ. ჯიქია საბანაძე
ციცხვაია ვ. კვარაცხელია
მწვრთნელი მწვრთნელი
ბ. შეროზია გ. გიგატაძე

კოლხეთი
46. ჭითანავა - გვალია
70. გულუა - სილაგავა
90. ჯოჯუა - თედიაშვილი
სათადარიგოები: გორდეზიანი, ბუკია, დეკანოსიძე, ლემონჯავა

ტორპედო
67. საბანაძე - გიგაური
73. გურული - ლომაშვილი
84. კვარაცხელია - გ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: ქვილითაია, კემუხტაშვილი, მაჭავარიანი, ნ. კვასხვაძე

გაფრთხილება: გულუა (69), ციცხვაია (75), ჩიქვილაძე (77), თოდუა (84), ჩხეტიანი (86)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

თომა ჩალაძე ფოთიდან

მკითხველის კომენტარები / 18 /
არევინ არ გაქცეულა მსაჯების კენ ავტობუსტან მივედით და ფეხბურთელების ნახვა გვინდოდა აეე ლელო:@
babu
11:35 06-11-2010
0
მსაჯები რაში გვაინტერესებდა ფეხბურთელებთან მივედით მისალოცად და ესე ვაკეთებთ ყველა მოგებულ თამაშზე.ინტრიგანი ხარ და ლაქს აცხებ ტორპედოს ფანკლუბს და ქართული ფეხბურთის "ნევიდიმკა" ხარ და იქნები ალბათ. ტორპედო ჩემპიონ!!!!!

ადმინისტრაცია: თქვენი კომენტარი ჩასწორდა,  შემდეგში მიიღებთ ბანს
onise
20:30 06-11-2010
0

სიახლეები პოპულარული