სეზონის დასრულების შემდეგ შევიტყვეთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ელგუჯა ქომეთიანი გადადგა. საქართველოში გუნდიდან წასულ მწვრთნელს იშვიათად ემადლიერებიან, მაგრამ ზუგდიდელმა ფანებმა მას შრომაც დაუფასეს და ისიც, რომ გუნდი ყველაზე რთულ პერიოდშიც არ მიუტოვებია და მის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანა.
რომ არა ქომეთიანი, ძნელი წარმოსადგენია გაჭირვებაში მყოფი მოთამაშეების მოტივირება, მოედანზე გაყვანა და ჩემპიონატში დაკავებული მე-6 ადგილი, რაც უფრო
ქომეთიანის შემცვლელად ზუგდიდელთა ყოფილი დამრიგებელი ბესიკ შეროზია და მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია მოიაზრებოდნენ. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ორივე ვარიანტი გამოირიცხა.
"ზუგდიდს" პრობლემას ისიც უქმნის, რომ სახელმწიფო დოტაციაზეა, ანუ ბიუჯეტს ერთი წლით უმტკიცებენ და მოთამაშეებს ხანგრძლივ კონტრაქტებს ვერ უფორმებენ. ასე რომ, სეზონი დასრულდა და გუნდთან ხელშეკრულება ბევრ მოთამაშეს დაუმთავრდა.
"ზუგდიდის" დირექტორი მალხაზ ჭეჟია გუნდში არსებულ ვითარებაზე გველაპარაკა.
- დაფინანსების საკითხი თუ გაირკვა?
- სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ. ფინანსური პრობლემების მოგვარების იმედი მაქვს, რადგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია გვერდში დაგვიდგა. მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ იქნება.
- მთავრობამ საბიუჯეტო კლუბებს 2 მილიონის გამოყოფაზე უარი გითხრათ...
- რას ვიზამთ, ეს ფაქტია და გული დაგვწყდა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარდამავალ ეტაპზე ეკონომიკას შეფერხება და გაურკვევლობა ახასიათებს. ფეხბურთიც ამ პროცესის უნებლიე მონაწილეა და ისიც გარდამავალ ეტაპზეა, მაგრამ იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება.
- გუნდი ვინ დატოვა?
- ორმა მოთამაშემ: ცენტრალურმა მცველმა ნიკა აფაქიძემ და თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ. რამდენადაც ვიცი, პირველი უკრაინაში სინჯებზე წავიდა, გაბედავაზე კი ვერაფერს მოგახსენებთ.
- ამბობენ, გიორგი კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებსო...
- ჯერ ვერაფერს გეტყვით.
- მართალია, თითქოს, ლიტვაში გამგზავრებასა და უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანას აპირებთ?
- დიახ, ეს ვარიანტი განიხილება, ლიტვაში 22 ივლისს გავემგზავრები და ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ ჯერ კლუბის საკითხი ხომ უნდა გადაწყდეს? კონკრეტულად ბიუჯეტის ოდენობაც არ ვიცით. აქედან გამომდინარე, არც ის ვიცით, რა დონის მწვრთნელი და ფეხბურთელები შეიძლება მოვიწვიოთ, მწვრთნელის გარეშე კი ვერც მოსამზადებელ ეტაპს დავგეგმავთ.
- მოკლედ, ჯერ თქვენთან პრობლემებია...
- დიახ, მრავალი პრობლემაა და ჯერ შეშინებული დავდივარ. მინდა, ზუგდიდელებს სიხარული მივანიჭოთ, ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ და ქალაქის ისტორიაში ლამაზი ფურცელი ჩავწეროთ. დანაშაულია, ქართულ ფეხბურთში ზუგდიდის შესაძლებლობებს ვერ ვიყენებდეთ. ბევრად ძლიერი და კონკურენტუნარიანი "ზუგდიდი" ისევ ჩვენს ჩემპიონატს წაადგება. და სანამ ამას არ გავაკეთებ, მანამდე ვერ მოვისვენებ.
- კლუბით ბიზნესი არ ინტერესდება?
- დასაინტერესებლად, აუცილებელია, რომ კლუბს საკუთარი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. ფაქტობრივად, ესეც ნულიდან უნდა ავაწყოთ.
- რატომ, კლუბს ხომ აქვს სტადიონი და ბაზა?
- შეიძლება, დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ფაქტია - განმუხურის სტადიონის დოკუმენტაცია მოსაწესრიგებელია, ბაზა კი ჩვენი არ არის. ხომ ხვდებით, ჩვენ და მუნიციპალიტეტს რამდენი საფიქრალი გვაქვს?! გვსურს, რომ ზედაეწერის სტადიონს დროულად მივხედოთ. ჩვენი ჩანაფიქრით, იქ მთავარმა გუნდმა უნდა ივარჯიშოს, ხოლო დუბლებმა და ჭაბუკთა ლიგის გუნდებმა შეხვედრები ჩაატარონ.
ამას გარდა, რუხის ბაზაზე ვფიქრობთ სარწყავი სისტემის დამონტაჟებას, რაშიც ედიშერ თოლორაია აქტიურად გვეხმარება.
P.S. სხვათა შორის, "ზუგდიდს" ახალი გერბი ექნება. გუნდის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში არჩევანი რვა ვარიანტიდან საუკეთესოზე შეაჩერეს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"