სოსო ფრუიძე: ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა? თავს ნუ მოვიტყუებთ

AutoSharing Option
24 ივნისს უეფას ოფისში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. მეტოქის ვინაობას შეიტყობს საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც სეზონისთვის მზადება გვიან დაიწყო.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ წინასწარ თქვა, რომ აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაკეთდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი წლეულს ევროსარბიელზე პირველად ითამაშებს, მოულოდნელი ამბავი მოხდა - გუნდიდან გაუშვეს გამოცდილი მოთამაშეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისი დამსახურებითაც დასრულებულ სეზონში "ჩიხურამ", არსებობის ისტორიაში, საუკეთესო შედეგი აჩვენა.

წასულ-მოსულები
შევიტყვეთ, რომ კაპიტან გიორგი სომხიშვილისა და საჩხერის "ჩიხურას" გზები გაიყო. გამოცდილ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თანამშრომლობა აღარ ისურვა.
ასევე მოხდა კიდევ რამდენიმე მოთამაშის შემთხვევაშიც.

სოსო ფრუიძის თქმით, სომხიშვილის გარდა, გუნდი გამოცდილი მოთამაშეების ჯგუფმა დატოვა - მცველებმა ედიკ საჯაიამ, ჯაბა ბერიანიძემ და ნიკა გუშარაშვილმა; ნახევარმცველებმა დავით დიღმელაშვილმა, დავით ბოლქვაძემ, ლევან ბაკურაძემ, ირაკლი ზამბახიძემ და ზურაბ ძამსაშვილმა; აგრეთვე, თავდამსხმელებმა რევაზ გოცირიძემ, თორნიკე შარაშენიძემ, გაგა ჩხეტიანმა და დავით კირკიტაძემ.

"მოთამაშეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი წავიდა, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყო. დანაკლისი დიდია და შევსებაზე ვიზრუნეთ.

"ჩიხურაში" დარჩება გიორგი რეხვიაშვილი. არის რამდენიმე ახალწვეული: დავიმატეთ ბაქოს "ინტერის" მეკარე რევაზ თევდორაძე, თბილისის "დინამომ" იჯარით გამოუშვა ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსული ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი და "ზესტაფონის" თავდამსხმელი რატი წინამძღვრიშვილიც ამიერიდან საჩხერეში ითამაშებენ.

კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ვსინჯავთ, რომელთა საკითხიც მალე გადაწყდება",
- გვითხრა ფრუიძემ.

წასულების გულისტკივილი
დავით დიღმელაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასასიამოვნო სიურპრიზი იყო:

"კონტრაქტები დაგვისრულდა და გამოგვიშვეს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ასეთი მასობრივი გათავისუფლება ევროპის ლიგამდე რას უნდა მივაწეროთ.

გვითხრეს, 30 წელზე უფროსი მოთამაშეები უნდა გაგვეშვაო, მაგრამ ვიცი, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი მოთხოვნა არ ჰქონია.

ჯერ უქმად ვარ, რადგან გუნდების უმრავლესობა ჩამოყალიბებული არ არის. თან ეს ამბავი მოულოდნელად მოხდა..."


გიორგი სომხიშვილი:
"ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ბოლოს ერთწლიანი გავაფორმე. მერე რაღაც გაუგებრობა მოხდა, იმ ხელშეკრულებაზეც უარი ვთქვი და გუნდი ჩემი ნებით დავტოვე. მეტის დაკონკრეტება აღარ მსურს.

ჯერ არ ვიცი, სად გადავალ. რაღაც ლაპარაკი არის, მაგრამ კონკრეტული წინადადება რომ იქნება, მერე ვიტყვი.

სიმართლე გითხრა, ამდენი ხალხის გაშვებით გაკვირვებული დავრჩი. გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამთ, ესაა ფეხბურთი, დღეს აქ ხარ, ხვალ სხვაგან. მაგრამ გვერდში დგომისთვის საჩხერელ გულშემატკივრებს მადლობა უნდა ვუთხრა".


ფრუიძე ამის პასუხად ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონია:

"ჩვენ ამ ბიჭების მადლიერები ვართ, კლუბის წინსვლაში დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ ახლა ჩვენ შეზღუდული ბიუჯეტი გვექნება და სხვა გზა არ გვქონდა.

შეიძლება ითქვას, უმაღლეს ლიგაში მე-7, მე-8 ბიუჯეტი თუ გაგვაჩნია. ბევრს ის პირობები ვერ შევთავაზეთ, რასაც სხვები ახერხებდნენ. ამიტომ გეზი ახალგაზრდებზე ავიღეთ. 30 წელს გადაცილებული მხოლოდ დავით ოდიკაძე გვეყოლება".


ერთი კაციც და, გავედით
შევიტყვეთ, რომ შესაძლებელია, რუსთავის "მეტალურგში" გადავიდეს ცენტრალური მცველი ნიკა გუშარაშვილი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი, თავდამსხმელი დავით კირკიტაძე კი უკვე ამ კლუბის წევრი გახდა.

"მეტალურგში" სთხოვეს თამაში მარჯვენა მცველ დავით ოდიკაძესაც, მაგრამ მას საჩხერეში დარჩენაც შესთავაზეს და კვლავ "ჩიხურაში" ითამაშებს.

თურქეთი გამოირიცხა
საჩხერის "ჩიხურაში" დაფინანსების საკითხი ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო. ამის შედეგია, ევროპის ლიგაზე გასულმა გუნდმა ვარჯიში მცირე ხნის წინ რომ განაახლა. ფრუიძეს შეკრების თურქეთში მოწყობა სურდა, მაგრამ...

"სამწუხაროდ, თურქეთში წასვლას ვერ ვასწრებთ. საქმე ისაა, რომ "ჩიხურა" ევროპის ლიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს, სადაც თამაში 4 ივლისს გვაქვს და გასამგზავრებლად დრო აღარ გვრჩებოდა.

ასე რომ, სეზონისთვის საჩხერეში მოვემზადებით და ერთი საკონტროლო შეხვედრა დავგეგმეთ. 27 ან 28 ივლისს გორში "დილას" შევხვდებით",
- ამბობს სოსო ფრუიძე.

- რამდენად არის შესაძლებელი ასეთი შემადგენლობით კარს მომდგარ ევროსარბიელზე ღირსეული გამოსვლა?
- მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. ამ ეტაპზე საჩხერის "ჩიხურა" ევროპაში ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტს. ამიტომ აჯობებდა, ახალგაზრდული გუნდი ჩამოგვეყალიბებინა და მიმაჩნია, რომ ცუდი გუნდი არ შეიქმნება - ამბობს საჩხერელთა დამრიგებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:

სოსო ფრუიძე: გაურკვევლობაში ვართ, ევროთასები კი კარს მოგვადგა
საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ
მკითხველის კომენტარები / 11 /
კაროჩე რააა, ჩვენი ფეხბურთის საშველი არ იქნება.... ამათმა არ იციან როგორ უნდა გაზარდოს მოთამაშეები და ააწყონ გუნდი, ასე ერთიანად რომ კრით გამოცდილებს და ბავშვები შეგკავთ გუნდში, ნაწილ-ნაწილ ჩანაცვკებით მაინვ გააკეთედ, ასე გუნდის მთლიანად გამოცვლა ვის გაუგონია... ფრუიძეეეე, ადექი და გუნდი მოხსენი ევროპის ლიგიდან, შენი მაიმუნობა და კიდევ სირცხვილი არ გვინდა, თავი დაგვანებეთ რააა ხალხი არ ხართ.... ახალგაზრდა გამოცდილის გვერდში სწავლობს თამაშს, თუ არა თავისით ქუჩასიც კი თამაშობენ მაგრამ მერე რააა..... შერწყმა უნდა მოხდეს გამოცდილების და ახალგაზრდების, ნაბიჯ-ნაბიჯ და უმტკივნეულოოოდ, თქვენ თვითონ აფუჭებთ ბიჭებს ეგეთი უაზრო საქციელით..... აზრზე მოდიიით უვიცებოოოოო
malxazichu
12:52 22-06-2013
0
არ გვინდა ჩემპიონატი ვაფშე, გუნდი არ არი ნორმალურად რომ დაიწყოს ჩემპიონატი, როგორ გინდა ფეხბურთელს რამე მოთხოვო იცის სეზონის ბოლოს აუცვავენ და ახალი გუნდი უნდა ეძებოს, ასე ახალგაზრდებიო იძახიან ეს დამპლები ყველი სეზონის წინ და ერთი ახალგაზრდა გაეზარდოთ არ მახსოვს... ახალგაზრდები კი არა დაშალეთ ვაფშე ეგ გუნდაბი და საბავშვო სკოლები გახსენით, ის მაინც მეცოდინება რომ ერთობიან და კარგად არიან... სტრატეგიული როჟები!!! ტფუი..
PARFIUMER
12:00 22-06-2013
0

სიახლეები პოპულარული