საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ

AutoSharing Option
...ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ უმაღლესი ლიგის ახალწვეულ "ჩიხურას" მოკრძალებული მიზნები არ ექნებოდა. ეგ კი არა, ისიც კი ვივარაუდეთ, რომ ყველა პირობის გათვალისწინებით (სამწვრთნელო შტაბის თუ ფეხბურთელთა კვალიფიკაცია, უპრობლემო ფინანსური მდგომარეობა), "ჩიხურას" არ უნდა გასჭირვებოდა პირველ ექვსეულში დამკვიდრება.

ასეც მოხდა: პირველ ეტაპზე საჩხერელთა გუნდი ზედა სამეულშიც იმყოფებოდა, სეზონის ბოლომდეც აცხადებდა პრეტენზიას ბრინჯაოს მედლებზე, მაგრამ საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

შესაძლოა, ზოგიერთი ქართული გუნდისათვის მეოთხე ადგილი წარუმატებლობად ჩაითვალოს, აი, "ჩიხურამ" კი, უდავოდ, დაიმსახურა ამ სეზონში "გუნდი-აღმოჩენის"
არაოფიციალური ტიტული. არ დაგვავიწყდეს, რომ საჩხერელთა კლუბმა, ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის ფინალამდე მიაღწია! ეს კი უკვე იმას ნიშნავდა, რომ თბილისის "დინამოსთან" რა შედეგითაც უნდა დასრულებულიყო ფინალური მატჩი, "ჩიხურას" ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ასპარეზობა გარანტირებული ჰქონდა!

აი ასე, გუნდი თავის ისტორიაში მხოლოდ მეორე სეზონს ატარებდა უმაღლეს ლიგაში და ევროპალიგის საგზური მოიპოვა!

..."ჩიხურაზე" ვერავინ იტყოდა, რომ გუნდში ფეხბურთელებს მოკრძალებული ხელფას-პრემიები აქვთო; თუმცა, ისიც ყველამ ვიცოდით, რომ არც ასტრონომიული თანხებით ანებივრებდნენ გუნდის მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს; ჰოდა, ამ მართლაც ზომიერმა დამოკიდებულებამ და, რაღა თქმა უნდა, მწვრთნელ-ფეხბურთელთა უდიდესმა მონდომებამ ის მოიტანა, რომ ეს პერიფერიული გუნდი ევროტურნირებზე იასპარეზებს; თანაც, სრულიად დამსახურებულად!

მწვრთნელი
"ჩიხურას" წარმატებული სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რაღა თქმა უნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფრუიძე გახლდათ.

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ფრუიძეს არაერთი გუნდი გაუწვრთნია (ქუთაისის "ტორპედო", წყალტუბოს "სამგურალი", "სამტრედია", ზესტაფონის "მარგვეთი", "ბორჯომი" და სხვა) და მუდამ კვალიფიციური სპეციალისტის სახელიც ჰქონდა.

ფრუიძეს არც დაბალ ლიგებში მუშაობა უთაკილია და 2007 წლიდან (ანუ, როცა "ჩიხურას" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი ეთქვა) შეუცვლელად მუშაობდა საჩხერელთა გუნდში.

და აი, შრომა დაუფასდა კიდეც: "ჩიხურამ" 2011-13 წლების სეზონში ჯერ პირველ ლიგაში იყოჩაღა, მერე პლეი-აუტში და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკადრო ცვლილებები იქნება საჩხერელთა გუნდში, თუმცა ის კი ცნობილია, რომ სოსო ფრუიძეს კვლავაც დიდი ნდობა ექნება და "ჩიხურაც" მედლების მოპოვების კანდიდატად უნდა მოვიხსენიოთ.

მეკარე
წინა სეზონის დაწყების წინ სოსო ფრუიძემ გუნდში რამდენიმე გამოცდილი ახალწვეული მოიყვანა და არც შემცდარა: პირველი ლიგისგან განსხვავებით, უმაღლესში ხომ სხვა "მოთხოვნებია" და, ძალიან ხშირად, სწორედ გამოცდილებას მოაქვს ესა თუ ის შედეგი.

აი, თუნდაც მეკარის მაგალითი: 32 წლის გიორგი სომხიშვილს სხვადასხვა დროს ათამდე ქართულ გუნდში უთამაშია, გამორჩეული მატჩებიც მრავლად ჰქონია, მაგრამ განვლილი სეზონი მაინც განსაკუთრებულად უნდა მივიჩნიოთ მის კარიერაში!

სომხიშვილი "ჩიხურას" კაპიტანი და ლიდერი გახლდათ და, ფაქტობრივად, მთელი სეზონი ჩავარდნების გარეშე გაატარა.

ბევრად უფრო ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა მეორე მეკარეს, 27 წლის ზურაბ მწყერაშვილს, რომელსაც მთელი კარიერა "ჩიხურაში" აქვს გატარებული.

დაცვა
"ჩიხურას" წარმატებაში არანაკლები წვლილი შეიტანეს გუნდის გამოცდილმა ახალწვეულებმაც: 32 წლის ედიკ საჯაია "ზესტაფონიდან" გადმოვიდა, 31 წლის დავით ოდიკაძე თბილისის "დინამოდან" იჯარით გადმოიყვანეს; მეორე ეტაპიდან გუნდს დაემატნენ შოთა კაშია ("დილადან") და გიორგი რეხვიაშვილი (თბილისის "დინამოდან" - იჯარით).

სხვა მცველებიც უნდა ვახსენოთ, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება რომ ჰქონდათ: ლაშა ჭელიძე, ნიკა გუშარაშვილი და ჯაბა ბერიანიძე.

რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში 23 წლის ლაშა ჩიკვაიძეს, რომელიც "ჩიხურას" ერთ-ერთი "სტაჟიანი" წევრია; ასევე ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილია ერთობ საინტერესო მარცხენა მცველი, 21 წლის გიორგი ქიმაძე, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის, ალექსანდრე ჩივაძის ყურადღებაც მიიპყრო.

ამ რგოლის კი არა, საერთოდ, გუნდის ერთ-ერთი უდავო ლიდერი მაინც დავით ოდიკაძე გახლდათ: ამპლუით მარჯვენა მცველი ამ სეზონში "ჩიხურას" საუკეთესო ბომბარდირად მოგვევლინა!

ნახევარდაცვა
უმეტეს შემთხვევაში, "ჩიხურა" ორი საყრდენით, სამი შემტევითა და ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდით ასპარეზობდა. მოედნის ცენტრში, ძირითადად, ორი გამოცდილი ახალწვეული ასპარეზობდა: 32 წლის დავით დიღმელაშვილი და 27 წლის ვაჟა ლომაშვილი, რომლებსაც პერიოდულად ენაცვლებოდნენ 27 წლის ლევან ბაკურაძე (პირველ ეტაპზე) და 30 წლის ზურაბ ძამსაშვილი;

მეორე ეტაპიდან გუნდი საგრძნობლად გააძლიერა გამოცდილმა გამთამაშებელმა, 31 წლის დავით ბოლქვაძემ. თუმცა, "ჩიხურას" ამ წარმატებული სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედნი შემტევი ნახევარმცველები იყვნენ და, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქვემოთ დასახელებული სამივე გარემარბის ასპარეზობა მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

20 წლის დავით კირკიტაძე მკვეთრად გამოხატული ფლანგის ფეხბურთელია (უფრო ხშირად მარჯვნიდან უტევდა) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობაც დააინტერესა თავისი თამაშით და სეზონის დასრულების შემდეგ "ლელომ" "სეზონის აღმოჩენის" ნომინანტებშიც დაასახელა.

გამორჩეული სეზონი ჰქონდა 22 წლის ბესიკ დეკანოიძესაც, რომელსაც მარცხენა ფლანგზეც შეეძლო გაემწვავებინა თამაში და ცენტრფორვარდის პოზიციაზეც.

კარგი სეზონი ჩაატარა ნიკა კვასხვაძემაც - 25 წლის ფეხბურთელი ადრე, სხვა გუნდებში გამოკვეთილ მარჯვენაფლანგელად ასპარეზობდა, ახლა კი ნახევარდაცვისა თუ შეტევის ხაზში რამდენიმე პოზიციაზე უწევდა თამაში და გუნდის წამყვან მოთამაშედაც იქცა.

თავდასხმა
სეზონის დაწყების წინ გუნდში ორი გამოცდილი თავდამსხმელი ჩაირიცხა: 32 წლის რევაზ გოცირიძემ და 29 წლის გაგა ჩხეტიანმა ასევე თავიანთი წვლილი შეიტანეს "ჩიხურას" წარმატებულად ასპარეზობაში.

სამწუხაროდ, ტრავმამ არ მისცა საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოემჟღავნებინა 20 წლის თავდამსხმელს, თორნიკე მუმლაძეს. არადა, ამ პერსპექტიულ ფორვარდს გოლის ჩინებული ალღო აქვს: 2011-12 წლების სეზონში პირველ ლიგასა და პლეი-აუტის გათამაშებაში მუმლაძემ 26 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა!

საჩხერის ჩიხურას ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური კოლხეთი - ჩიხურა 0:2
II ტური დილა - ჩიხურა 2:3
III ტური ვიტ ჯორჯია - ჩიხურა 0:1
IV ტური მერანი - ჩიხურა 1:0
V ტური ჩიხურა - სიონი 2:1
VI ტური ზუგდიდი - ჩიხურა 4:2
VII ტური ჩიხურა - დინამო (თბ) 0:0
VIII ტური ზესტაფონი - ჩიხურა 0:0
IX ტური ჩიხურა - მეტალურგი 1:0
X ტური ტორპედო - ჩიხურა 3:1
XI ტური ჩიხურა - დინამო (ბთ) 3:0
XII ტური ჩიხურა - კოლხეთი 2:1
XIII ტური ჩიხურა - დილა 0:2
XIV ტური ჩიხურა - ვიტ ჯორჯია 4:0
XV ტური ჩიხურა - მერანი 1:0
XVI ტური სიონი - ჩიხურა 0:3
XVII ტური ჩიხურა - ზუგდიდი 2:0
XVIII ტური დინამო (თბ)- ჩიხურა 5:2
XIX ტური ჩიხურა - ზესტაფონი 3:1
XX ტური მეტალურგი - ჩიხურა 1:1
XXI ტური ჩიხურა - ტორპედო 0:0
XXII ტური დინამო (ბთ) - ჩიხურა 0:2
I ეტაპი: 22 მატჩი, 13 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება, ბურთები: 35-21

II ეტაპი
XXIII ტური ტორპედო - ჩიხურა 0:0
XXIV ტური ზუგდიდი - ჩიხურა 1:3
XXV ტური ჩიხურა - ზესტაფონი 1:0
XXVI ტური დინამო (თბ) - ჩიხურა 3:0
XXVII ტური ჩიხურა - დილა 1:2
XXVIII ტური ჩიხურა - ტორპედო 1:1
XXIX ტური ჩიხურა - ზუგდიდი 2:1
XXX ტური ზესტაფონი - ჩიხურა 1:4
XXXI ტური ჩიხურა - დინამო (თბ) 2:4
XXXII ტური დილა - ჩიხურა 4:0
II ეტაპი: 10 მატჩი, 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება, ბურთები: 14-17

სულ: 32 მატჩი, 17 მოგება, 6 ფრე, 9 წაგება, ბურთები: 49-38

გუნდი
მეკარეები: გიორგი სომხიშვილი - 25, ზურაბ მწყერაშვილი - 8;
მცველები: დავით ოდიკაძე - 28 (8), ლაშა ჩიკვაიძე - 23 (2), ედიკ საჯაია - 19 (2), ლაშა ჭელიძე - 17, გიორგი ქიმაძე - 17, ნიკა გუშარაშვილი - 15 (1), ჯაბა ბერიანიძე - 10 (11), შოთა კაშია - 8, გიორგი რეხვიაშვილი - 7 (1), გიორგი მურველაშვილი - 3, ზაზა ნადირაძე - 1;
ნახევარმცველები: ბესიკ დეკანოიძე - 31 (6), ვაჟა ლომაშვილი - 29 (1), დავით კირკიტაძე - 28 (7), ნიკა კვასხვაძე - 27 (7), დავით დიღმელაშვილი - 26 (1), ლევან ბაკურაძე - 14 (1), ზურაბ ძამსაშვილი - 14, ნიკოლოზ მაისურაძე - 11, დავით ბოლქვაძე - 9, ირაკლი ზაბახიძე - 5, ბადრი დემეტრაშვილი - 2;
თავდამსხმელები: გაგა ჩხეტიანი - 21 (3), რევაზ გოცირიძე - 19 (4), თემურ შარაშენიძე - 12 (2), თორნიკე მუმლაძე - 7, თემურ ნადირაძე - 2.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე (I - XXXII ტური)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი" - ყველაზე წარუმატებელი სეზონი
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული