"გაგრას" პრეზიდენტიც მიდის? ბესიკ ჩიხრაძის პასუხმა გული დაგვწყვიტა

AutoSharing Option
16 ივნისს "გაგრაში" მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები დაიწყო - ხელმძღვანელობა გამოცდილ მოთამაშეებს შეელია და აქცენტი დუბლშემადგენლობის მოთამაშეებზე გააკეთა.

კლუბმა თანამშრომლობა 12 ფეხბურთელთან შეწყვიტა - სოსო მალანიასთან, გიორგი მარგიანთან, თეიმურაზ ჯანაშიასთან, კოტე ზარნაძესთან, ვაჟა გაბესკირიასთან და დიმიტრი ლაშქარავასთან.

მათ გარდა, კონტრაქტი შეუწყდა ალექსანდრე ივანიშვილს, ხოლო ტრანსფერზე დააყენეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტების მქონე მეკარე გიორგი ბეგაშვილი, მცველი ლაშა კალანდაძე, ნახევარმცველები ნიკა ჭკუასელი და გიორგი ერისთავი.

სულ ბოლოს კონტრაქტი შეუწყდა თავდამსხმელ უმარ მაგაჯის. ეს 1-ელ ივლისს მოხდა. 21
წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი 2011 წლის აგვისტოში გააფორმა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ჯერ კიდევ გუნდის უმაღლეს ლიგაში გამოსვლისას ჯვარედინი იოგები გაუწყდა და ოპერაციისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, ფორმა ვერ აღიდგინა.

"გაგრას" მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის თქმით, მაგაჯიმ ბევრი ის კარგი თვისება დაკარგა, რომელიც ტრავმამდე სხვებისგან გამოარჩევდა. ამიტომაც აფრიკელთან დაშორება ამჯობინეს...

გამოცდილი მოთამაშეების ნაცვლად, შემადგენლობაში "გაგრა-2"-ისა და "გაგრა-3"-ის ფეხბურთელები დააწინაურეს. მიზეზად ის დასახელდა, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების 16 ან 18-მდე გაზრდა გამოირიცხა და "გაგრასა" და პირველი ლიგის კიდევ რამდენიმე მონაწილის იმედები არ გამართლდაო.

გუნდში რჩება ნიგერიელი თავდამსხმელი ჯონ ჯერემია, რომელიც გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი იყო (22 გოლი), მაგრამ მას უცხოეთისკენ უჭირავს თვალი. უნდა ვივარაუდოთ, რომ გუნდი მასაც გაყიდის.

აშკარაა, რომ გუნდში რაღაც ხდება. სადავო არ უნდა იყოს, რომ გამოუცდელი მოთამაშეებით გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვერ იბრძოლებს. არადა, დაარსების დღიდან, "გაგრა" მუდამ უმაღლეს და პირველ ლიგებს შორის იყო გამოკიდებული, მაგრამ ბრძოლას არ წყვეტდა. ახლა კი ისე გამოჩნდა, რომ ამის სურვილიც დაკარგეს.

რა ხდება გუნდში? მართალია თუ არა გავრცელებული ხმები, თითქოს "გაგრა" პირველ ლიგაშიც აღარ იასპარეზებს?

ფედერაციის ყრილობის შემდეგ "გაგრას" პრეზიდენტთან, ბესიკ ჩიხრაძესთან ამის შესახებ გვსურდა ლაპარაკი, მაგრამ მისმა პასუხმა გული დაგვწყვიტა:

"შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო ყრილობა იყოს. ამიერიდან, ალბათ, ფეხბურთს სხვაგვარად მივხედავ", - გვითხრა ჩიხრაძემ.

მაგრამ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მეტი აღარაფერი უთქვამს - სხვა დროს იყოსო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული