თუმცა მარტვილის "მერანის" პრეზიდენტი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა:
- ყრილობაზე ვილაპარაკეთ დაფინანსების პრობლემებზეც, რომელიც წლეულს ბევრ კლუბს შეექმნა. თუკი ადრე სახელმწიფო ფეხბურთისთვის 14 მილიონ ლარს გამოყოფდა, ახლა თანხა განახევრდა და 7 მილიონი გახდა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეჩერდა: შარშან ექვსი მოედანი აშენდა, წლეულს ბევრი არაფერი გაკეთებულა.
- აღმასკომის წევრთა ცვლილებას როგორ
- მიმაჩნია, რომ დროული და აუცილებელი იყო, რადგან იქ კერძო კლუბებს წარმომადგენელი საერთოდ არ გვყავდა. სხვა ცვლილებებიც მივიღეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მთლიანად ფედერაციის წესდებაა შესაცვლელი, რადგან არავითარ სტანდარტს არ შეესაბამება. წესდებას ყველა ქვეყანაში ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ადგენენ და ქვეყნის საფეხბურთო კონსტიტუციას წარმოადგენს. ის უნდა იყოს სახელმძღვანელო როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულებისა და მთავრობის წევრებისთვის.
- კულუარებში ბევრი ლაპარაკობდა - რატომ არ დაესწრო ყრილობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა?
- მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ხარვეზი დაუშვა.
- ითქვა, თითქოს ყიფიანი ყრილობაზე დასწრებას თავად მოერიდა - დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში რომ არ ჩარეულიყო...
- არ მგონია, ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს. ლევან ყიფიანი წინა დღეს ვნახე და დავინტერესდი - დაესწრებოდა თუ არა ყრილობას. მიპასუხა - თუ მიმიწვევენ, სიამოვნებით დავესწრებიო, მაგრამ არც ის ყოფილა და არც ლერი ხაბელოვი. არადა, სპორტის მინისტრი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უნდა მოეწვიათ, რადგან ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებისა და სახელმწიფო დაფინანსების საკითხებზე მათი მოსაზრებების მოსმენა აუცილებელი იყო.
- ცნობილია, სახელმწიფო კერძო კლუბებს არ დააფინანსებს...
- სამართლიანობის პრინციპით ვითხოვდით, რომ ყველა კლუბი თანაბრად დაეფინანსებინათ. სახელმწიფო ფეხბურთს თუ არ დაეხმარება, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. უკვე რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან მთელი 7 მილიონით დაფინანსების შემცირება სხვაზე არაფერზე მეტყველებს.
მაგრამ სახელმწიფოს პოზიციაც ვიცით და გვესმის, რომ ყველას ერთად ვერ მიხედავს. ამიტომაც ცოტას გავიჭირვებთ და "მერანი" უმაღლეს ლიგაში წელსაც გამოვა. მით უმეტეს, ახლა გვერდში რამდენიმე კერძო კომპანია დაგვიდგა.
აქვე გეტყვით, რომ ლევან ყიფიანმა ძალიან საინტერესო პროგრამა მაჩვენა და თუ ის დროის მიხედვით გაიწერება და მომავალი წლის ბიუჯეტში მოხვდება, მაშინ პირველი იანვრიდან კლუბები გარკვეულ შეღავათს მივიღებთ.
საამისოდ აუცილებელია ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობა, მაგრამ, თუ ამ ყრილობის მსგავსად, ცალ-ცალკე იქნებიან, ეს პროგრამა ვერ განხორციელდება.
ამიტომაც არის გაუგებარი - რატომ არ მოიწვიეს ყიფიანი? ფედერაციას და აღმასკომს თუ რამე უნდათ, დახარონ თავი და მინისტრთან მთელი შემადგენლობით მივიდნენ. სხვაგვარად, ფეხბურთი დაზარალდება. ძალა ერთობაშია. ჩვენი ფეხბურთი კი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, ცალ-ცალკე დგომის უფლება არ გვაქვს. რა მოვიგეთ იმით, რომ ყიფიანი არ მოვიწვიეთ?!
- დარწმუნებით იცით, რომ სახელმწიფო იმ შვიდ მილიონს წლის ბოლომდე არ ჩარიცხავს?
- ძალიანაც კარგი, თუ ჩარიცხავს, ჩვენც ეს გვინდა. ამ ფულს მე არ მოვიხმარ, მაგრამ სტადიონები რომ აშენდება, "მერანისთვისაც" კარგი იქნება და იქნებ მოედნის საფარის შეცვლაში მარტვილსაც დაეხმარონ.
- ბოლო დროს გუნდები სახელმწიფოს მუდმივად თანხის დარიცხვაზე ელაპარაკებიან, საკანონმდებლო ინიციატივები კი ჩრდილში მოექცა...
- არ გეთანხმებით. ყრილობაზე ეს საკითხი დავაყენე, რადგან კანონმდებლობას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
- კონკრეტულად რა კანონს გულისხმობთ?
- ორმაგი დაბეგვრის გაუგებარ კანონს - თავისთავად იბეგრება საწარმო ან კომპანია, რომელიც გუნდს აფინანსებს და მერე გადასახადს გუნდიც იხდის. ანუ კერძო მეპატრონე ორჯერ იბეგრება. ეს რა არის? ასე რომ, ლოგიკური და ადამიანურად გასაგები კანონმდებლობა გვესაჭიროება. დროებითი, ორწლიანი კანონი მაინც მივიღოთ, რომ გუნდებმა ამოისუნთქონ და ფეხზე დადგნენ. მერე სხვა ბიზნესმენიც გამოჩნდება, ვისაც უყვარს ფეხბურთი და ფულის დაბანდება სურს.
- თქვენ ასეთი ბიზნესმენები გეგულებათ?
- მეგულება და სწორედ ამიტომ ვლაპარაკობ. მაგალითად, დღეს ჩემპიონატის საწევრო 40 ათასი ლარი მოგვიხსნეს. მაგრამ დააწესონ, რომ ბიზნესმენი ან კომპანია გადასახადიდან გათავისუფლდება ფეხბურთში დაბანდებული საწყისი 500 ათასი ლარის შემთხვევაში, დანარჩენი ჩვეულებრივ დაუბეგრონ.
ნახავთ, ეს როგორ იმოქმედებს. სამწუხაროდ, მსგავსი გონივრული მიდგომა არ არსებობს.
ეს იმის ბრალიც არის, აღმასკომში კერძო გუნდების წარმომადგენლები რომ არ იყვნენ და ჩვენი სატკივარი კარგად არ ესმოდათ. ყრილობაზე აღმასკომში ერთი რომან ფიფია შეიყვანეს, მაგრამ ეს არის პროცესის დასაწყისი და ამაზე გაჩერება არ შეიძლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს 40 000 დაუზოგა
მარტვილის "მერანს" ისევ პრეზიდენტი აფინანსებს, სტადიონს კი ფინანსთა სამინისტრო
ფრიდონ ინჯია: გაურკვეველია, "მერანი" გააგრძელებს თუ შეწყვეტს არსებობას
ფრიდონ ინჯია: ბატონო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, გაგვეცით პასუხი!