საქართველოს ნაკრების უშუალო, B ჯგუფის მეტოქეებიდან პირველი კაუნასში სერბები ჩამოვიდნენ. დღის მეორე ნახევარში თურქეთის ნაკრები გამოჩნდა, ყველაზე გვიან კი ფრანგები მოვიდნენ.
სასტუმროში უკვე სხვა ატმოსფეროა და იგრძნობა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათიღა რჩება.
18 ივლისის დილა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მსაჯებთან დაგეგმილი შეხვედრით დაიწყო. ჩვენი გუნდისთვის საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაცია ჩაატარა ცნობილმა ბერძენმა მსაჯმა - კიროს ვასარასმა, რომელიც უეფას სამსაჯო კომიტეტის წევრია, ამ ჩემპიონატზე კი მსაჯების
ასე იყო შარშანაც - 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიაში. სწორედ ამიტომ კიროს ვასარასმა, რომელმაც მსგავსი პრეზენტაცია მაშინაც ჩაატარა, ადვილად იცნო ნიკა ჭანტურია და ლაშა დვალი და მათი ხელახალი ნახვით კმაყოფილება გამოთქვა.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა - კითხვა-პასუხის რეჟიმში. ვასარასმა ფეხბურთელებს რამდენიმე ახალი წესი და ცვლილება გააცნო და მათთან ერთად განიხილა სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდი. შეხვედრის დასასრულს კი ასეთი რამ თქვა:
"მე ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორი ბრძოლით მოხვედით ევროპის ჩემპიონატამდე, რადგან ელიტრაუნდის ჯგუფებს თვალს აქტიურად ვადევნებდი.
ყველა, ვინც შარშანდელ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა, ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები იყო გუნდი, რომელიც არ ლაპარაკობდა და ფეხბურთს თამაშობდა. მე სწორედ ამით დამამახსოვრდით.
მინდა წარმატება გისურვოთ და დიდი იმედი მაქვს, რომ წელსაც ნამდვილ, სამართლიან ფეხბურთს ითამაშებთ".
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც კმაყოფილი დარჩა შეხვედრით და აღნიშნა, რომ გუნდისთვის ეს ძალიან სასარგებლო იქნება.
ამის შემდეგ უეფას ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა, რომელიც საკმაოდ მხიარულ ვითარებაში წარიმართა. საღამოს ვარჯიშამდე კი ფეხბურთელებმა მთელი დღე დაისვენეს.
ბოლო დღეების ვარჯიშები მთლიანად ტაქტიკური სქემების დახვეწას მოიცავს. თითქმის სამდღიანი, იძულებითი დასვენების შემდეგ პირველად ივარჯიშა გაბრიელ თებიძემ, რომელმაც ლატვიაში გამართულ ბოლო ვარჯიშზე წელის ტრავმა მიიღო.
19 ივლისიც არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა. ადგილობრივი დროით 13 საათზე დაიწყება ოფიციალური პრესკონფერენცია საქართველოს, საფრანგეთის, სერბეთისა და თურქეთის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების მონაწილეობით. მათ შემდეგ კი მედიას უკვე A ჯგუფის გუნდების თავკაცები შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრების მატჩისწინა, ოფიციალური ვარჯიში კი ლიტვის დროით საღამოს 19 საათზე დაიწყება.
ახლოვდება პირველი სათამაშო დღე და რა თქმა უნდა, მღელვარება მატულობს. თუმცა ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე მაინცდამაინც არ ითქმის, რადგან ყველაზე მოუთმენლად სწორედ ისინი ელოდებიან 20 ივლისს.
სფფ-ის პრესსამსახური
კაუნასი, ლიტვა