მალხაზ ჭეჟია: იმედია, "ზუგდიდი" სტრესული მდგომარეობიდან გამოვა

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი 10 აგვისტოს იწყება, "ზუგდიდის" საქმე კი საბოლოოდ გარკვეული ჯერაც არ არის.

დიახ, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა "ზუგდიდს" საიუბილეო XXV ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება დართო - საამისოდ აღმასკომის წევრებმა სიტყვიერი გარანტია სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიიღეს, მაგრამ "ზუგდიდის" ანგარიშზე თანხა ჯერაც არ დარიცხულა. მიუხედავად ამისა, კლუბში იმედოვნებენ, რომ ეს დღე მალე დადგება.

"შეგვპირდნენ, რომ დაფინანსების საკითხზე საბოლოო პასუხი მომავალ კვირას გვეცოდინება. იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება და კლუბი სტრესული მდგომარეობიდან გამოვა", - გვითხრა "ზუგდიდის" დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ.

შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში საუკეთესოთა ექვსეულში
მოხვედრილი "ზუგდიდი" ივლისის შუა რიცხვებში შეიკრიბა და ადგილზე ვარჯიშობს.

მთავარი მწვრთნელის ვინაობა კვლავაც უცნობია. ჭეჟიამ მცირე ხნის წინათ კი დაადასტურა სურვილი, რომ "ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად ჯერაც ინკოგნიტო ლიტველი სპეციალისტის ხილვა სურდა, მაგრამ დაფინანსების გარკვევამდე მწვრთნელის ამბავი ვერ გადაწყდება.

ამასობაში გავრცელდა ხმები, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ბადრი თუთბერიძე დაინიშნა, მაგრამ ეს ხმები "ლელოსთან" თავად თუთბერიძემ უარყო და დაგვიზუსტა, რომ გუნდს მხოლოდ დროებით, მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე ავარჯიშებს.

ამასობაში "ზუგდიდში" რამდენიმე საინტერესო სიახლეა. ჭეჟიას თქმით, გუნდს ორი მოთამაშე დაუბრუნდა:

"სიახლე მხოლოდ ისაა, რომ ამჟამად ჩვენთან ვარჯიშობენ გიორგი პაჭკორია და ნიკა აფაქიძე. თუმცა ჯერ მათ კონტრაქტები არ გაუფორმებიათ და ზუსტად ვერ ვიტყვი, დარჩებიან თუ არა.

ამას გარდა, ჩამოვიყვანეთ მეკარე ზურაბ მამალაძე და იმედია, ის ამ პოზიციაზე პრობლემას მოგვიგვარებს.

ისე, ძირითადად, სულ ზუგდიდელები ვარჯიშობენ, დუბლებიც გვყავს. ესაა და ეს, სხვა სიახლე არ არის".

შეგახსენებთ, რომ "ზუგდიდის" 21 წლის მცველი ნიკა აფაქიძე ივნისში პოლონეთის ექსტრაკლასას ლოძის "ვიძევში" ისინჯებოდა, შემდეგ კი ბედი უკრაინაში სცადა, მაგრამ საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება მოუხდა.

აფაქიძეს არაერთხელ უთამაშია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში და დღესაც ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული