მაქსიმე ქვილითაია: აცალონ ამ ბიჭებს ორი წელი და ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ყოველთვის გამოირჩეოდა საიმედო მეკარეებით - ზვიად სტურუა, ნუკრი რევიშვილი, ომარ მიგინეიშვილი... ყველა მათგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა.

ახლა ქუთაისელთა კარის უსაფრთხოებას 28 წლის მაქსიმე ქვილითაია იცავს, რომელიც "ტორპედოში" უკვე სამი წელია ირიცხება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლეოდა.

მიგინეიშვილის წასვლის შემდეგ ის გუნდის ძირითადი მეკარე გახდა და ჩემპიონატის პირველივე მატჩი შესანიშნავად ჩაატარა.

ამის დასტურად, "ლელომ" მაქსიმე ქვილითაია I ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა...

- ეს ამბავი მეგობრებისგან შევიტყვე, - გვითხრა ქვილითაიამ საუბრის დასაწყისში, - პრესისგან ყურადღება
ძალიან გამიხარდა. ცოტა არ იყოს, არ ველოდი, თითქმის სამი წლის უთამაშებელი ვიყავი და არ მეგონა, თუ პირველივე მატჩში დამიფასდებოდა გარჯა.

- ამ რთულ პერიოდში, ალბათ, გუნდის გამოცვლაზეც ბევრჯერ გიფიქრიათ. როგორც ვიცი, სხვა გუნდებიდანაც გქონდათ შემოთავაზება და როგორ მოხდა, რომ ქუთაისურ გუნდს დღემდე შემორჩით?
- ეს სამი წელიწადი ჩემს კარიერაში ძალიან რთული პერიოდი იყო. მართალი ხართ, უთამაშებლობის გამო გუნდის შეცვლაზე ბევრჯერ მიფიქრია, ჩემს განათხოვრებაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ საკუთარი ძალების რწმენით, ოჯახისა და მეგობრების გვერდში დგომით, სირთულეები გადავლახე და "ტორპედოში" დავრჩი.

სულ მეუბნებოდნენ, გუნდისთვის საჭირო ხარო, მაგრამ თამაში არ მიწევდა... უთამაშებლობა ძალიან რთულია, თან ისეთ ასაკში, როცა დროა, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო. ახლა თავის გამოჩენის შანსი მომეცა და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენო.

რა დასამალია და, ჩემპიონატის დაწყებამდე რუსთავის "ოლიმპისა" და გორის "დილასგან" იყო დაინტერესება, მაგრამ "ტორპედოდან" ომარ მიგინეიშვილის წასვლის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ დარჩენა მთხოვა. ესპანელმა მწვრთნელებმაც ნდობა გამომიცხადეს... თანაც, "ტორპედოს" კაპიტნად ამირჩიეს, რაც ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

- თავდაპირველად, როცა "ტორპედოში" მიხვედით, თქვენ და ომარ მიგინეიშვილი კარში მორიგეობით იდექით. რამაზ მუმლაძე ორივეს თანაბარ დროს გაძლევდათ. შემდეგ რა მოხდა?
- მოხდა ის, რომ მწვრთნელი შეიცვალა და გია გიგატაძემ ომარ მიგინეიშვილზე გააკეთა აქცენტი. ომარი ღირსეულად თამაშობდა და მწვრთნელის ნდობას ამართლებდა. შესანიშნავ ფორმაში იყო გია გეგუჩაძის მწვრთნელობის დროსაც. მე და ომარი მეგობრები ვართ, ჩვენ შორის ყოველთვის ჯანსაღი კონკურენცია იყო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ - მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

- გასული სეზონის შემდეგ "ტორპედო" თითქმის მთლიანად გადახალისდა. ახალი გუნდის მიმართ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი. რა პერსპექტივები აქვს დღევანდელ გუნდს?
- კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. პოტენციალი ნამდვილად არის, ჩვენი 10 ფეხბურთელი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია. ამ ბიჭებს ორი წელი რომ აცალონ, ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება. მთავარია, ის პროგრამა, რაც ჩაფიქრებულია, ბოლომდე განხორციელდეს.

ვიცი, რომ ამ ეტაპზე გულშემატკივრებს "ტორპედოსგან" წარმატებული თამაშის იმედი არა აქვთ, მაგრამ ვეცდებით, მათი განწყობა მალე შევცვალოთ და გამარჯვებებით გავახაროთ. გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია, ქუთაისელ ქომაგებს ვთხოვ, სტადიონზე იარონ და გვერდში დაგვიდგნენ. ჩვენც მალე გავამართლებთ მათ იმედებს.

- "მეტალურგთან" მატჩის შემდეგ გულშემატკივართა აზრი ორად გაიყო - ზოგი "ტორპედოს" თამაშით უკმაყოფილო იყო, ზოგმა კი პოზიტიური ნიშნებიც დაინახა. თავად რას იტყვით ამ მატჩზე?
- ერთი თვის შეკრებილი გუნდია და ჯერ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. ყველაფერს დრო სჭირდება. "მეტალურგთან" ძალიან გვინდოდა მოგება, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ფეხბურთში ასეა - ხან გაგვიმართლებს, ხან არა. ვეცდებით, გულშემატკივრები მომდევნო მატჩებში გავახაროთ.

- "მეტალურგთან" მატჩში პირველი ტაიმის ბოლოს ექსტორპედოელ გიორგი ბერიაშვილს ძალზე რთული ბურთი აუღეთ. იმ ეპიზოდს როგორ გაიხსენებთ?
- ბერიაშვილის თამაშის მანერა კარგად ვიცი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთს გვერდით წაიღებდა, ასე ვარჯიშებზე ბევრჯერ გაუკეთებია. დარტყმამდე კუთხე დავუფარე და შემდეგ ნახტომიც მოვასწარი. ისე, გაშვებულ გოლზე კი მწყდება გული - კირკიტაძის დარტყმისას ბურთს კი შევეხე, მაგრამ ძალიან ახლოდან იყო, თან თავით დაარტყა და ვერ მოვიგერიე.

ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ ნელ-ნელა ფორმას ვიბრუნებ. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო, მაგრამ სასურველ კონდიციებს მალე მივაღწევ.

- მომავალ ტურში "ზესტაფონს" ხვდებით. ბოლო წლებში იმერული დერბი ყოველთვის უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა. ახლა რას უნდა ველოდოთ ამ დაპირისპირებისგან?
- "ზესტაფონი" საკმაოდ ძლიერი გუნდია და მწვრთნელიც გამოცდილი ჰყავს. ამასთან, სეზონის წინ ძლიერი ფეხბურთელებიც დაიმატეს. "დინამოსთან" კარგად ითამაშეს, მაგრამ არ გაუმართლათ. ახლა ჩვენთან შეეცდებიან ხასიათის გამოკეთებას, მაგრამ ჩვენი მიზანიც გამარჯვებაა. ვფიქრობ, ორივე გუნდს თანაბარი შანსები გვაქვს.

- "ტორპედოს" შესაძლებლობებს გადამეტებით ხომ არ აფასებთ?
- "ზესტაფონი" გამოცდილი ფეხბურთელებითა და ლეგიონერების სიმრავლით თუ გვაჯობებს, თორემ ტექნიკის მხრივ, ჩვენი ფეხბურთელებიც ნორმალურად გამოიყურებიან და სირბილიც შეუძლიათ. უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ.

- მიმდინარე სეზონში რა ჩაითვლება "ტორპედოსთვის" წარმატებად და წარუმატებლობად?
- ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი პირველ ექვსეულში მოხვედრაა, დანარჩენი მერე გამოჩნდება.

- ჟერარდ სარაგოსაზე რას იტყვით?
- დიდი გამოცდილების მწვრთნელი არ არის, მაგრამ ძალიან კარგი ვარჯიშები აქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეგობრულად ეპყრობა. პირადად ძალიან ვემადლიერები, ნდობა გამომიცხადა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცა...

ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მწუხარება გამოვთქვა დავით გვენეტაძის გარდაცვალების გამო, რომელიც ტყიბულის "მეშახტეში" თამაშისას ჩემი მწვრთნელი იყო და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაქსიმუს ყველაზე მაგარი ადამიანი და მეკარე ხარ :***
mariami
15:59 16-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული