დინამო-ზუგდიდი 3:0 - სად არის ტემპი?! [VIDEO]

AutoSharing Option
ერთი შეხედვით, ეს თითქოს რიგითი შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო: ზუგდიდელები უფულობის გამო ნორმალურად ვერ მოემზადნენ, მაგრამ თბილისში ღირსეულად წარმოჩენის იმედს არ კარგავდნენ.

მით უფრო, რომ ამირ მეგაჰედის შემდეგ, გუნდს კიდევ ერთი ეგვიპტელი ლეგიონერი, 31 წლის ჯამალ ჰამზაც შეუერთდა...

ზუგდიდელმა ფანებმა "დინამო არენამდე" ძლივს ჩამოაღწიეს - მუნიციპალიტეტმა ავტობუსის გამოყოფაზე უარი თქვა, რასაც "აბრაგების" მწვავე რეაქცია მოჰყვა. თუმცა კლუბის დირექტორ მალხაზ ჭეჟიას დაეხმარნენ და საყვარელ გუნდს მაინც უქომაგეს...

ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ, თბილისელებს რეაბილიტაცია სჭირდებოდათ. მაგრამ ამ საქმეში გუნდს ვერ ეხმარებოდნენ ტრავმირებულები
- ჩისკო, ირაკლი ძარია და დავით კვირკველია.

Sportall.Geტრადიცია არ დაირღვა და მოედანზე კიდევ ერთი ფანი შევარდა. ის გიორგი ლორიას მივარდა და გადაეხვია - ეს ბიჭი გულშემატკივრებს უყვართ...

დუშან უჰრინის შეგირდები უპირატესობას პირველ წუთებზევე დაეუფლნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

თამაშის ტემპი ძალიან დაბალი იყო, მოთამაშეები ნაკლებს მოძრაობდნენ, განსაკუთრებით - ზუგდიდელები და გაუგებარია, ასეთ ჩემპიონატში, სადაც გამარჯვებულები მინიმალურ ძალას ხარჯავენ, სანაკრებო დონის მოთამაშეები როგორ გაიზრდებიან? ან, ასე როგორ გაწირეს ზუგდიდი, რომ უნიჭიერესი მოთამაშეების აღმზრდელ ქალაქში გუნდი, ფაქტობრივად, მოუმზადებელი დარჩა?!.

დინამოელებმა მეტოქის მდგომარეობით ისარგებლეს და იოლადაც გაუსწორდნენ. ისინი აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს და "ზუგდიდის" დაცვაში ხარვეზებს იოლად პოულობდნენ. სახიფათოდ შეუტიეს გიორგი მერებაშვილმა და ძირითადში დაბრუნებულმა ჯაბა დვალმა, მაგრამ ორივე შემთხვევაში - არაზუსტად.

ანგარიში კი 27-ე წუთზე გაიხსნა - კუთხურიდან ელგუჯა გრიგალაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი მცველებმა ვერ მოიგერიეს, რითიც დვალმა ისარგებლა და "მაკრატელათი" ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:0.

ზუგდიდელებს შეტევების ორაგანიზება და "დინამოს" კარამდე მიღწევა უჭირდათ. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 41-ე წუთზე შექმნეს. იმ დროს, როცა თბილისელთა მცველები მეტოქეზე ჯარიმის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვდნენ, "ზუგდიდის" თავდამსხმელი ლუკა გუგუჩია ორ მცველს შორის გაძვრა და გიორგი ლორიასთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ კარს ააცილა.

მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. "ზუგდიდის" დაცვას, რომელიც კიდევ უფრო მოიქანცა, სულ უფრო უჭირდა დინამოელებთან გამკლავება. თბილისელებმა ამით მხოლოდ ორჯერ ისარგებლეს.

50-ე წუთზე, ელგუჯა გრიგალაშვილმა, რომელიც მცველებს საჯარიმოს ხაზთან დაუსხლტა, კარისკენ დაარტყა, რაც მეკარე ზურაბ მამალაძემ (ყოფილი დინამოელი), ეტყობა, კარგად ვერ დაინახა და ბურთი ხელებში გაუძვრა - 2:0.

მესამე გოლის ავტორი რუმინელი ლეგიონერი გოგა გახდა, რომელმაც მერებაშვილის ჩინებული ფლანგური გარღვევა არანაკლებ ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა - კარის წინ მარტო დარჩენილმა, მეკარეს ბურთი თავზე რბილად გადაუგდო და "დინამოს" მაისურით პირველი გოლი გაიფორმა - 3:0.

...და "ზუგდიდის" ეგვიპტელები? ისინიც, სხვა თანაგუნდელებივით, მოუმზადებლები არიან და იმის მიუხედავად, რომ ეპიზოდებში მეგაჰედმა კლასი აჩვენა, ამან სტუმარს მაინც ვერ უშველა.

ზუგდიდელთაგან მომენტი ისევ გუგუჩიას ჰქონდა, მაგრამ ლორიას ამჯერადაც ვერ აჯობა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
კობა წიტაიშვილი (ზუგდიდის მთავარი მწვრთნელი):
"ყველამ ვიცით "დინამოს" ისტორია და ტრადიციულად, მიმდინარე ჩემპიონატშიც ერთი-ერთი ფავორიტია. ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი ბრძოლისა და მონდომებისთვის.

რაც შეეხება თამაშს, ვიტყოდი, რომ ის შეცდომები, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა დაუშვეს, ძირითადად დაღლილობამ განაპირობა. გუნდს მოსამზადებელი შეკრება არ გაუვლია და ძნელია ასეთ პირობებში თამაში.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. სამეგრელოში ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ. ვიმუშავებთ, ვიშრომებთ და იმედია, მალე კარგი გუნდი გვეყოლება".


დუშან უჰრინი (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
"იოლი მატჩი არ გვქონია. "ტოტენჰემთან" და "გურიასთან" წაგებული შეხვედრების შემდეგ დღეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა, აუცილებელიც იყო, რათა გუნდს საკუთარი თავის რწმენა დაებრუნებინა. კარგია, რომ ასეც მოხდა".

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები:
გ. დოლიძე (დილა) 3
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3
ლ. ახალაია (სიონი) 3
ი. ქობალია (ზესტაფონი) 3

გამოტოვებული მატჩები
17 სექტემბერი
დინამო (თბ)-სპარტაკი
ტორპედო-დილა

VI ტური
21 სექტემბერი
ჩიხურა-დილა
გურია-მეტალურგი
ზუგდიდი-ტორპედო
მერანი-სიონი
სპარტაკი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ტემპი გადაობტ ამაზე უკანასკნელი დონის ჩემპიონატი აგარ არსებობს ევროპაში და მგონი საერტოდაც
zaza
12:43 14-09-2013
0
დუშან უჰრინი (დინამოს მთავარი მწვრთნელი):"იოლი მატჩი არ გვქონია."

თამაში არ მინახავს, მაგრამ "ტოტენჰემის" ფონზე ეს მატჩი მართლაც რთული იქნებოდა.
guja_kakhadze
13:01 14-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული