გაგრა უსაფრთხო ფეხბურთს ითხოვს

AutoSharing Option
15 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 6 ნოემბერს "სამტრედია"-"ვიტ ჯორჯიასა" და 14 ნოემბერს მარტვილში "მერანი"-"გაგრას" მატჩების დროს მომხდარი ინციდენტები განიხილა.

გულშემატკივრების უსაქციელობისთვის "მერანი" 2500 ლარით დაჯარიმდა, მარტვილის სტადიონს კი სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაცია მიეცა. გვერდითი მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 თამაშითაა დისკვალიფიცირებული "სამტრედიას" მწვრთნელი მამუკა მესიაჩენკო, რომელიც დამატებით 500 ლარსაც გადაიხდის. გარდა ამისა, შესვენებისას მომხდარი არეულობებისა და გულშემატკივრების მიერ მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის, "სამტრედია" 1000 ლარით დაჯარიმდა, სტადიონი კი სეზონის ბოლომდე პირობითადაა დისკვალიფიცირებული.

"გაგრა" წლეულს მეორედ გაეხვია შარში: ჯერ ხარაგაულში "ჩხერიმელასთან", ახლა
კი მარტვილში "მერანთან". კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე ამბობს, რომ ქართულ სტადიონებზე უსაფრთხოების ზომები გასამკაცრებელია:

"შემდეგი ტურის შეხვედრაც მარტვილში უნდა გაგვემართა, რადგან ხონის სტადიონის რეკონსტრუქციის გამო ხონის "იმერეთი" მარტვილში თამაშობს. "მერანთან" მატჩის დროს კი ისეთი რამ გადაგვხდა თავს, ხარაგაულის სკანდალიც დაგვავიწყა. როდესაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს აგინებენ და მსაჯი მორალური ტერორის ქვეშ იმყოფება, მატჩის ნორმალურ ვითარებაში ჩატარება გამორიცხულია. ამიტომ მივმართავთ "იმერეთსა" და პროფესიული ფეხბურთის ლიგას, შეხვედრა სხვა ქალაქში გადაიტანონ.

საერთოდ, საქმე მხოლოდ "გაგრას" არ ეხება. ჩვენ სად ჩავალთ და არ ჩავალთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი ქართულ სტადიონებზე არსებული მდგომარეობაა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოედანზე შემოჭრა, მსაჯის შეშინება და სტუმართა გინება. ამის შემდეგ, მსაჯს მატჩის ნორმალურად განსჯას და ფეხბურთელს კარგ თამაშს როგორ მოვთხოვთ? ასეთ გარემოში ხომ თამაშის ნაცვლად მატჩის მშვიდობიან დასრულებზე ფიქრობენ.

გამოსავალი არც სტადიონების ფულადი სასჯელია. თუმცა როდესაც გულშემატკივარი მიხვდება, რომ გუნდი მისი უსაქციელობისთვის ისჯება, უფრო თავშეკავებული გახდება. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. ამ საქმეში კი ჩვენ ძალიან მოვიკოჭლებთ. გაძლიერებული დაცვა მოედანზე შემოჭრის მსურველს თავის ადგილს მიუჩენს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ხშირად სამართალდამცველები ადგილობრივებს ხელს არ უშლიან".

პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესატაშე მიხეილ აბაიშვილი ამბობს, რომ "იმერეთი"-"გაგრას" მატჩი მარტვილში აღარ გაიმართება:"წინა ტურში მომხდარი ინციდენტის გამო, ალბათ, შეხვედრა სხვა ქალაქში ჩატარდება. ეს სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე მარტვილის სტადიონის დირექტორს უთხრეს. "იმერეთს" კი მიეცა მითითება, თამაში სამტრედიაში ან ქუთაისში გადაიტანოს".

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას: სტადიონების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი სამართალდამცველები არიან. ამის შესახებ ჩემპიონატის დაწყებამდე პროფლიგა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუთანხმდა.

თუკი მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ან წინასწარი ინფორმაციით, დაძაბულობაა მოსალოდნელი, მაშინ სამართალდამცველთა რაოდენობა იზრდება, კლუბებს კი ეძლევათ რეკომენდაცია, კერძო დაცვის სამსახურიც დაიხმარონ. ასე აკეთებენ თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", ქუთაისის "ტორპედო", რუსთავის "ოლიმპი". მაგალითად, წლეულს ქუთაისში "ტორპედოს" გულშემატკივრებს "დინამოს" ფანებთან შეხლა-შემოხლა ჰქონდათ, მაგრამ ინციდენტი სწრაფად აღიკვეთა, რადგან სტუმართა გულშემატკივრებს დაცვის სამსახური იცავდა.

კერძო დაცვის სამსახური სასურველი იქნებოდა, მაგრამ უსაფრთხოების ასპროცენტიან გარანტიად ესეც ვერ გამოდგება. იტალია-სერბეთის ამასწინდელი შეხვედრისას, სტადიონზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, მაგრამ სერბი გულშემატკივრების აგრესიულობის გამო მატჩი მაინც ჩაიშალა. ამის შემდეგ, გასაკვირი არაა, ინციდენტები ჩვენს სტადიონებზეც რომ ხდება. თუმცა ცხადია, კლუბებისა და სტადიონების ხელმძღვანელებს მაქსიმალური ზომების მიღებას ვთხოვთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული