ჩაშლიან მსაჯები უქმეების ტურს?

AutoSharing Option
გუშინ ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელებმა პროფესიული ფეხბურთის ლიგას წერილით აცნობეს, რომ გუნდში არსებული ფინანსური პრობლემების გამო, 21 ნოემბერს "ზესტაფონთან" საშინაო შეხვედრაში მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ.

ინფორმაცია ”კოლხეთის” პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ დაგვიდასტურა: ”სამწუხაროდ, ”ზესტაფონს” დუბლებით დავხვდებით. როგორია ჩემპიონატის ლიდერთან ბავშვებით თამაში?! თუმცა ერთი შეხვედრის წაგებას ვინ ჩივის, გუნდია გადასარჩენი. გვეგონა, ვითარება გამოსწორდა, ფოთის პორტი 100 ათასი ლარის ჩარიცხვას დაგვპირდა და ოქტომბერში 50 ათასი ანგარიშზე მართლაც დაგვიჯდა. დარჩენილი ნაწილს 15 ნოემბრისთვის ველოდით, მაგრამ იმედი არ გამართლდა.

”კოლხეთის” შ
ესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ასეთ ვითარებაში ეს შეუძლებელია. გასვლითი შეხვედრებზე მივლინების, ტრანსპორტირების, საწვავის ვალი პირადად ავიღე და უკვე სერიოზული თანხა დაგროვდა. ამ დროს გუნდის მეპატრონეც არ ვარ, ყველა რესურსი ამოვწურე და ვერავის ვეღარაფერს ვთხოვ. ვისი შეწუხებაც შეიძლებოდა, ყველა შევაწუხე. ამასთან, სხვა გუნდებთან შედარებით ”კოლხეთს” გასვლით შეხვედრებში მეტი ხარჯიც სჭირდება - ფოთი ხომ დასავლეთში ყველაზე შორი ქალაქია. მოკლედ, არ ვიცი, ”კოლხეთი” როგორ გადავარჩინო. უმძიმესი ვითარებაა, 50 ათასი ლარით უმაღლესი, პირველი და ჭაბუკთა ლიგების გუნდებს ჯადოქარიც ვერ შეინახავს”.

ფინანსური გაჭირვების გამო, გაფიცვას ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე მსაჯებიც აპირებდნენ. მათ თვენახევრის ხელფასები ჰქონდათ ასაღები და 10 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე საპროტესო შეკრება გამართეს. პროფლიგის პრეზიდენტი გია ფირცხალავა მათ დავალიანების გასტუმრებას ნოემბრის შუა რიცხვებამდე შეპირდა.

თუმცა მსაჯებმა თანხა 19 ნოემბერსაც ვერ მიიღეს, ”ლელოს” კი საქმეში ჩახედულმა პიროვნებამ აცნობა, შაბათ-კვირის შეხვედრებს მსაჯები არ მოემსახურებიანო. კომენტარისთვის სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილს მივმართეთ: ”როგორც ვიცი, თანხა ჩვენ ანგარიშზე ხვალამდე უნდა დაჯდეს. ტურის მატჩებზე მსაჯები დავნიშნეთ და ამის თაობაზე ყველა გაფრთხილებულია. თუ მოედანზე გასვლას არ აპირებენ, ხვალ გამოჩნდება. თუმცა, ვინც თამაშზე არ გამოცხადდება, მერე თავის თავს დააბრალოს”.

ისე, უპრიანი იქნება, მსაჯებმა აქცია ურჩი გადამხდელების ოფისებთან მოაწყონ - ჩვენი ინფორმაციით, საწევრო უმაღლესი ლიგის მხოლოდ ორმა გუნდმა გადაიხადა, დანარჩენი რვა კი, თითქოს უხილავი დირიჟორის ბრძანებით, ჯერ ამას არ თუ ვერ ახერხებს. არადა, ათიდან ოთხ გუნდს უჭირს და არა რვას, პროფლიგა კი მსაჯთა ხელფასებს სწორედ საწევროებით იხდის.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"






მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო ხვდება ეს ფირცხალავა რო ვერ გაქაჩა რას ჩაჭიდებია იმ სკამს ადგეს და წავიდეს,სანამ კარებს არ აუჭედავენ ჩვენთან წასვლა არ იციან
tbiliskii
16:35 20-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული