ახლა კი დღევანდელ და ხვალინდელ მატჩებს გადავხედოთ. მართალია, ლიდერები ერთმანეთს არ ხვდებიან, მაგრამ თითოეულ
ბაია-ოლიმპი
20.11. ზუგდიდი. გ. თუთბერიძე. 14:00
”ბაიას" გასაჭირის შესახებ ”ლელოს" ბოლო დროს ხშირად ვწერდით და ამ თემით თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმის იმედს გამოვთქვამთ, რომ ზუგდიდურ კლუბში ფინანსური პრობლემები დროულად მოგვარდება და ეს უდავოდ სიმპათიური გუნდი არსებობას ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდებისა და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის ამარა დარჩენილმა ”ბაიამ" ღირსეულად იასპარეზა და იმის მიუხედავად, რომ ბევრი ქულა დაკარგა, ნამდვილად არავისთან შერცხვენილა. ”დინამოსთან" სტუმრად მოპოვებული ფრე კი პატარა ამბავი სულაც არ არის.
”ოლიმპს" კი არც უსახსრობა აწუხებს და შედეგებიც გაცილებით უკეთესი აქვს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ურიგოდ არც რამაზ მუმლაძის მისვლამდე თამაშობდნენ, მაგრამ მის ხელში რომ პროგრესი აქვთ, ესეც აშკარაა. ერთპიროვნულად გალიდერებულ ”ოლიმპს" რთული მატჩი ელის, მაგრამ მაინც წყვილის ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.
”ბაიას" ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე ჰყავს დისკვალიფიცირებული – ლევან ვართაგავა და ლუკა გუგუჩია, ”ოლიმპს" კი ამავე მიზეზით არანაკლებ სასარგებლო მცველი თემურ ღონღაძე დააკლდება. ისიც გავიხსენოთ, რომ პირველ წრეში ”ოლიმპმა" ”ბაია" იოლად, 2:0 დაამარცხა.
სიონი-ტორპედო
20.11. ბოლნისი. თ. სტეფანია. 14:00
ეს გუნდები საქართველოს თასის მეოთხედფინალშიც დაწყვილდნენ, ასე რომ, წლეულს ”სიონისა" და ”ტორპედოს" კიდევ სამ დაპირისპირებას ვიხილავთ. პირველ წრეში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქუთათურებს რამაზ მუმლაძე წვრთნიდა, ”ტორპედო" ”სიონთან" შინ უგოლო ფრეს დასჯერდა და ამ შედეგმა კმაყოფილები ბოლნისელები დატოვა.
მას შემდეგ ”ტორპედოს" მთავარი მწვრთნელიც შეეცვალა და გია გიგატაძის ხემძღვანელობით გუნდმა ნელ-ნელა დაიწყო აუტსაიდერთა რიგების დატოვება. მართალია, ”ტორპედოს" ამბიციებს არც მეშვიდე საფეხური შეესაბამება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სატურნირო ცხრილში წარმოქმნილ სიმჭიდროვეს (მეოთხე და მეცხრე ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა ხუთიოდე ქულას შეადგენს), ზედიზედ რამდენიმე გამარჯება და გუნდი უკვე ლიდერთა შორის მოექცევა. დარწმუნებულები ვართ, ამას ”სიონისა" და ”ტორპედოს" წევრები, ძალიან კარგად აცნობიერებენ. ვფიქრობთ, ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ქვემოქართლელებს სამი ქულა მეოთხე პოზიციის გასამყარებლად სჭირდებათ, იმერლებს კი ამავე ადგილთან მისაახლოვებლად და სამომავლო ბრძოლების წინ უკეთესი პოზიციების მოსაპოვებლად.
დასჯილი ფეხბურთელი არც მასპინძლებს ჰყავთ და არც სტუმრებს.
სამტრედია-დინამო
21.11. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 14:00
”დინამო" ნებისმიერი ქართული გუნდისთვის უპრინციპულესი მეტოქეა, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის წინააღმდეგ განსაკუთრებული შემართებით ”სამტრედია" თამაშობს ხოლმე. მიზეზი ძნელი გასახსენებელი არ უნდა იყოს – 1994-95 წლების სეზონში ხომ ”დინამომ" ”სამტრედიასთან" ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონობა, მეტი რომ არ ვთქვათ, ერთობ საეჭვო ვითარებაში მოიპოვა. ორშაბათს ”საფეხბურთო ღამეში" ”სამტრედიას" პრეზიდენტმა ზაზა ადეიშვილმა საინტერესო განცხადება გააკეთა და ”დინამოს" მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძეს 1995 წლის ჩემპიონად ”სამტრედიას" გამოცხადებაში დახმარება სთხოვა. ვნახოთ, მოჰყვება თუ არა გამოხმაურება ადეიშვილის იდეას.
ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ ”სამტრედიას" დღევანდელი პრობლემა უფრო აწუხებს – ბუნებრივია, ისევ და ისევ ყბადაღებულ უფულობას ვგულისხმობთ. ვიმედოვნებთ, ამას მალე ეშველება. გელა სანაია და მისი შეგირდები ხვალ, ალბათ, ცოტა ხნით დაივიწყებენ ყოფით პრობლემებს და მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილ ”დინამოს" არაფერს დაუთმობენ. თავის მხრივ, თბილისელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ – სხგაგვარად, ლიდერობაზე ვერ იფიქრებენ.
შეგახსენებთ, შარშან ”სამტრედიამ" შინ ”დინამოს" დამაჯერებლად სძლია – ეს იმერელთა სამწვრთნელო დუეტის, ანჯაფარიძე-მესიაჩენკოს დებიუტი იყო. მანამდე ისინი გამოცდილი ვალერიან ჩხარტიშვილის ასისტენტები იყვნენ. მესიაჩენკო დისკვალიფიცირებულია და სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება, ამავე მიზეზით ვერ ითამაშებს თორნიკე შალიკაშვილი, ”დინამოს" კი გამოცდილი გივი კვარაცხელია დააკლდება.
კოლხეთი-ზესტაფონი
21.11. ფოთი. ფაზისი. 14:00
ოქროს მედლებისთვის მებრძოლმა ”ზესტაფონმა" ბოლო ტურებში არაერთი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა და პირველი ადგილიდან მესამემდე დაეშვა. საჩემპიონო რბოლაში მთავარი ბრძოლები წინაა, მაგრამ ლიდერთა სამეულში მყოფი თითოეული გუნდი, ცხადია, კარგად აცნობიერებს, რომ ურთიერთშეხვედრებზე არანაკლებ მნიშვნლოვანი უმაღლესი ლიგის სხვა ბინადრებთან სტაბილური თამაშიცაა. ვნახოთ, ”დინამოსა" და ”ოლიმპთან" განცდილი მარცხის შემდეგ როგორ განაგრძობს ასპარეზობას გია გეგუჩაძის გუნდი. შეგახსენებთ, ”ზესტაფონი" წინა ტურშიც სამეგრელოს ესტუმრა და ”ბაია" 3:1 დაამარცხა. ვნახოთ, როგორი გამოდგება ფეროელთა ხვალინდელი ვოიაჟი.
შესაძლოა, ”კოლხეთის" ფინანსური მდგომარეობა მალე გამოსწორდეს და თუ ასე მოხდა, ბესიკ შეროზიას გუნდი აუტსაიდერობას ნამდვილად არ დასჯერდება. გუშინ ფეხბურთელთა მიმართ არსებული დავალიანების გასტუმრებაზე გაცნობეთ, დღეს დავაკონკრეტებთ, რომ მათ ბოლო თვის ხელფასები კი დაურიგდებათ, მაგრამ წინა თვეების გასამრჯელო კვლავ მისაღები ექნებათ.
მატჩის ფავორიტი, ბუნებრივია, ”ზესტაფონია", მაგრამ უშანსოდ არც მასპინძლები იქნებიან. ფოთელებს დისკვალიფიკაციის გამო ლევან გულუა არ ეყოლებათ, ზესტაფონელებს კი - ჯაბა დვალი. წესით, ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი არ უნდა იყოს. ”ზესტაფონს" ხომ ყველა რგოლში ჰყავს მაღალი დონის შემსრულებლების საკმარისი რაოდენობა და ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად ”კოლხეთს" შედეგიანად ათამაშებული რატი წინამძღვრიშვილი შეუტევს.
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
21.11. რუსთავი. ფოლადი. 14:00
”სიონი"-”ტორპედოსი" არ იყოს, აქაც წინასათასო რეპეტიცია გაიმართება. ვფიქრობთ, სპარტაკელები სათასოზე მეტად ამ მატჩში წარმატებაზე უფრო ფიქრობენ. ჩემპიონატის ლამის ნახევარი მიილია და ბადრი კვარაცხელიას გუნდის აქტივში შვიდიოდე ქულაა. ”სპარტაკისთვის" დაკარგული ჯერ არაფერია, მაგრამ თუ ქულათა მარაგი დროულად არ შეივსო, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ვეღარ იფიქრებს. აუტსაიდერობის მიუხედავად, ცხინვალური გუნდის წევრებს მონდომებას ვერ დავუკარგავთ – თითოეულ მატჩში ბოლომდე იბრძვიან და უშანსოდ თითქმის არავისთან მარცხდებიან. ვნახოთ, ამჯერად რა იქნება...
ბევრი დრო აღარ დარჩა იმის გაგებამდე, რა გზას დაადგება ”ვიტ ჯორჯია" – დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს თუ ”ოქროს შუალედის" გუნდობას იკმარებს. ერთი ფაქტია, ვეტერინარები ვეღარ არიან ძველებურად ძლიერები, თაობათა ცვლის პროცესში ეს გარდაუვალიც იყო.
ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით შეგვეძლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"