გოლი თუ ბოლი?!

AutoSharing Option
თამამად შეიძლება იმის თქმა რომ რუსთაველებმა შედეგზე ითამაშეს და ამას მიაღწიეს კიდეც, თუმცა ერთადერთმა გოლმა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა, მასპინძელი კლუბის ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა მსაჯის შეცდომის გარდა, სხვა რამეზეც აალაპარაკა.

ძნელია მტკიცება, შეცდა თუ არა არბიტრი და გოლის ნაცვლად ჯარიმა მართლაც უნდა დაენიშნა, მაგრამ ამ საკამათო ეპიზოდში ისე ჩანდა, რომ ~ბაიას" გოლკპიერ ზარქუასა რუსთაველთა გოლეადორ ირაკლი მოდებაძეს შორის კონტაქტი იყო. ყველაფერი ეს საჰაერო დუელს მოჰყვა, როცა მოდებაძემ ყველას დაასწრო და ნაკუთხურალი ბურთი თავით ზუსტად კარში გაგზავნა, თუმცა გატანამდე, ვიმეორებთ, ისე
ჩანდა, რომ მან ხელით მცველი და მეკარე გასწია და დასარტყმელი პოზიციაც გაითავისუფლა. თუმცა იქვე ახლოს მყოფმა არბიტრმა წესების დარღვევა არ მიიჩნია. საკამათო ეპიზოდმა ჯერ ”ბაიას" ფეხბურთელებსა და ქომაგებს მისცა პროტესტის საფუძველი, ბოლოს კი კლუბის ხელმძღვანელობასაც. მათ ამ შეხვედრისთვის დანიშნული მთავარი არბიტრის გიორგი ვადაჭკორიას მალხაზ ბეუქლიშვილით ჩანაცვლებასაც სხვა ”კვალიფიკაციაც" მიანიჭეს და ამ პროტესტს მატჩის ბოლოს მწვავედაც გამოხატავდნენ. ამ ეპიზოდს ალბათ განიხილავენ და სიმართლეც დადგინდება. ამიტომ ვინმეს მიმართ კრიტიკა ნაადრევად მიგვაჩნია.

პირველ ტაიმის დასაწყისიდანვე რუსთაველები გააქტიურდნენ და სწრაფი გოლითაც დაწინაურდებოდნენ, გეწაძის ჩინებულ გადაცემას მოდებაძეს ზუსტი მიმართულება რომ მიეცა. ორ წუთში მასპინძლებმაც მოსინჯეს ბედიაშვილის მზადყოფნა. კვეკვესკირმა დასარტყმელ პოზიციაზე კანდელაკი გაიყვანა, მან ძლიერად დაჰკრა, ბურთს კი მიმართულება ეხვაიამ უცვალა, თუმცა ბედიაშვილმაც რეაგირება მოასწრო და სიტუაციაც ამით განიმუხტა. მალე წურწუმიამ წამოიწყო სახიფათო იერიში და კვესეიშივილის მისამართითაც კარგი პასიც გამოუვიდა, თუმცა ისევ ბედიაშვილმა ივარგა - "ბაიას" მცველის თავური მოიგერია. სტუმრებმა ტემპს უმატეს, მეტოქის კართან ხელსაყრელი მომენტების შექმნას მარცხენა ფლანგიდან გეწაძის აქტივობით ცდილობდნენ. პირველ ნახევარში სტუმართა ეპიზოდების უმეტესობას სიმწვავეს სწორედ გეწაძის გადაცემებისას ახლდა. 24-ე წუთზე კი ”ოლიმპის" ფეხბურთელები მოდებაძემ დააწინაურა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს და, თუ არ ჩავთვლით ორ ”გასროლას" მეტოქის კარის მიმართულებით, ქვემოქართლელებს სახიფათო ეპიზოდი აღარც შეუქმნიათ. მეტიც, ისინი ცენტრის გამაგრებაზე ზრუნავდნენ და შედეგიც შეინარჩუნეს. ზუგდიდელებმა კი სტუმართა ერთგვარ ჩაკეტილ ფეხბურთს სახიფათო და დასამახსოვრებელი ეპიზოდებით უპასუხეს. ჯერ კვეკვესკირმა ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბედიაშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ ვერავინ დაამატა. ცოტა ხანში შოთა ლომიამ კარისკენ მაღალი ბურთი ისეთი ტრაექტორიით ჩაჰკიდა, რომ ”ოლიმპის" გოლკიპერს ბურთის მოგერიება გაუჭირდა, ძელს შეენარცხა და მცირე ტრავმაც მიიღო. ერთ ეპიზოდში კი თავად სტუმრებმა დაუშვეს უხეში შეცდომა, რითაც ეხვაიამ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა კვლავ ბედიაშვილმა იყოჩაღა და დასწრებაზე აჯობა. იმავე ეხვაიას მატჩის გადარჩენის შანსი ბოლო წუთზეც მიეცა, მაგრამ ბედიაშვილთან ახლოს შეყრილს ბურთი მკერდზე აუსხლტა და მომენტი დაიკარგა.

ბოლო წუთებზე ჩინებული სოლო რეიდით თავი წურწუმიამ გამოიჩინა, ოთხ ფეხბურთელს საოცარი მოძრაობით აურა გვერდი, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილს კვახაძე გადაეღობა და დარტყმის საშუალება არ მისცა.

ნესტორ მუმლაძე (ოლიმპი): ”ბრძოლას და წინააღმდეგობას ველოდით და ეს ასეც მოხდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. ძნელი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოგებასთან ერთად ლიდერობაც შევინარჩუნეთ და ეს ორმაგად სასიხარულოა ჩვენი გუნდისთვის".

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): ”მომენტს ბევრს ვქმნით და ვერ ვიყენებთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეტევაში გვიჭირს. სათასო შეხვედრის ჩათვლით ბოლო სამ თამაშში არ გაგვიტანია. ამის გამოსასწორებლად ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ისე, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა".


20.11.10 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი
1300 მაყურებელი

ბაია-ოლიმპი 0:1
გოლი: მოდებაძე (24)

ბაია ოლიმპი
4-1-4-1 4-3-3

ზარქუა ბედიაშვილი
კანდელაკი რეხვიაშვილი
კვესეიშვილი ქავთარაძე
ლ. აკობია ბერიაშვილი
რიგვავა გეწაძე
ონიანი ა. კვახაძე
კვეკვესკირი ჯაფარიძე
მალიჩავა დ. ბოლქვაძე
შ. ლომია რაზმაძე
წურწუმია მოდებაძე
ეხვაია დობროვოლსკი

ბაია
67. ლომია – სიხარულია
76. კანდელაკი – აფაქიძე
78. რიგვავა - კუკავა

სათადარიგოები: ჯომიდავა, სამუშია, ქვარცხავა, ჩანგელია

ოლიმპი
67. ბოლქვაძე – ჭელიძე
86. გეწაძე – ქემოკლიძე
90. ბერიაშვილი – ბარაბაძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, უგულავა

არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი


ლაშა გოგილავა
ზუგდიდიდან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული