დუბლიორატი

AutoSharing Option
შენგელია, ჭითანავა, მახვილაძე, ინწკირველი, გველესიანი, ჯოჯუა, სიჭინავა, ჯიქია, ციცხვაია, სილაგავა, დეკანოსიძე, თედიაშვილი... ამათ გვალია და გუშინდელი მატჩისთვის დისკვალიფიცირებული გულუა უნდა დამატებოდნენ და სწორედ ამ თოთხმეტეულიდან უნდა შეერჩია "ზესტაფონთან" საპაექროდ ბესიკ შეროზიას ძირითადის 11 მობურთალი. თუმცა მატჩის წინა დღეს ყველა ჩამოთვლილმა დატოვა "კოლხეთის" საწვრთნელი ბაზა, რითაც კლუბი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გუშინ დილით ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ "კოლხეთი" "ზესტაფონს" ჟირითადი შემადგენლობით დაუხვდებოდა, მაგრამ უჯამაგიროდ დარჩენილმა ფეხბურთელებმა უკან დაბრუნება არ ისურვეს და ფოთელებს ერთ-ერთ ლიდერთან დუბლშემადგენლობის გამოყვანა მოუხდათ. სასტარტოში დაყენებულთაგან ნახევარს ქართულ
ელიტლიგაში დებიუტი ჰქონდა, ნაწილს კი აქამდე მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა და ისიც წუთები ეთამაშა. ძირითადი გუნდიდან კოლხებს ლაშა გვალია და პაატა ცხვიტარია შემორჩათ. ვითარებიდან გამომდინარე, კოლხთა მთავარმა მწვრთნელმა კონსულტანტის რანგში გადაინაცვლა, ხოლო გუნდი სათამაშოდ დუბლიორთა თავკაცმა ზაზა ინიაშვილმა გაიყვანა.

ფოთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მრისხანე მეტოქეს თანაბარი ბრძოლა გაუჩაღეს და რომ არა ორი მიუტევებელი შეცდომა დაცვის ხაზში, გუშინ უქულოდ არ დარჩებოდნენ. ის, რომ "ზესტაფონს" უპირატესობა ჰქონდა და ოსტატობითაც ჯობდა მასპინძელს, ამის აღნიშვნა ზედმეტია. უბრალოდ, კოლხთა დუბლებმა ბოლომდე იბრძოლეს და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, სენსაციას შემოგვთავაზებდნენ.

ის, რომ ფორტუნა ძლიერთა მხარესაა, გუშინაც გამოჩნდა. მატჩის 70 წუთი ისე მიიწურა, "ზესტაფონს" სახეიროს არაფერს უქადდა. სულ სამიოდ მომენტი შექმნეს იმერლებმა: ძარიას, შემდეგ ონიანის და გელაშვილის მონაწილეობით. მეტი რეალური ხიფათი ფოთელებს არ დამუქრებიათ, რა თქმა უნდა, რატი წინამძღვრიშვილის გოლებს არ ვგულისხმობთ. სამაგიეროდ, ჩინებული შანსი მიეცა გვალიას, მან შორეულ კუთხეში კვასხვაძეს ისეთი დაურტყა, მეკარე რეაგირებას ვერ მოასწრებდა, მაგრამ ცოტათი მიზანს აუცდა.

მოკლედ, კოლხებს სანერვიულო არაფერი ჰქონდათ, რომ არა გია გეგუჩაძის მიერ შესვენებაზე გაკეთებული შეცვლა, რამაც შედეგი 27 წუთში გამოიღო - რატიმ ჯერ აფციაურის, ხოლო 9 წუთში ელიავას პასები შეირგო და ორივე თავურით გოლებად აქცია. ასე გახდა თავადაც დუბლიორი წინამძღვრიშვილი კოლხი დუბლიორების მომგები დუბლის გამტანი. თუმცა მის პირველ გოლამდე იყო მეტად საჩოთირო ეპიზოდი, როცა სტუმართა საჯარიმოსთან "ზესტაფონის" მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, იქვე მდგომმა თორნიკე გვანცელაძემ კი თამაშის გაგრძელება ბრძანა. უნდა ითქვას, რომ მისი მსაჯობით მასპინძლები უკმაყოფილონი კი იყვნენ და ზოგჯერმათ ამის საფუძველი ჰქონდათ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ არბიტრმა რაიმე უხეში შეცდომა დაუშვა. გვანცელაძემ 8 ყვითელი ბარათიც გამოიყენა - კოლხი ახალგაზრდები ნერვიულობდნენ და მსაჯის რეაგირება უხეშობაზე დროული გახლდათ, თუმცა მასპინძლები თვლიდნენ, რომ კოლხთა მიმართ იგი უფრო დაუნდობელი იყო. მსაჯებს მობურთალთა შორის კინკლაობისა და შეხლა-შემოხლის ალაგმვაც ორჯერ მოუხდათ.

ბოლოს ერთი ინციდენტის შესახებაც: ნამატჩევს პოლიციამ ერთ-ერთი ქომაგი დააკავა და სხვა ქომაგებისა და კლუბის წარმომადგენელთა თხოვნის მიუხედავად, პოლიციაში წაიყვანა. "კოლხეთის" წარმომადგენლები აღშფოთებას არ მალავდნენ - ფოთი ერთადერთი ქალაქია, სადაც საკუთარ ქომაგებს იჭერენო! გეხსომებათ, "კოლხეთი"-"სიონის" სკანდალური მატჩის შემდეგაც დააკავეს. რამდენიმე ფოთელი გულშემატკივარი.

მატჩის შემდეგ:
გია გეგუჩაძე: "დღეს მეტოქე ახალი გუნდით დაგვხვდა, რასაც, რა თქმა უნდა, არ ველოდით. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, ნამდვილად რთული თამაში იყო და, ცხადია, შედეგით კმაყოფილი ვარ".

ბესიკ შეროზია: "ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვიდა. ჩვენმა ბიჭებმა იბრძოლეს და მათი თამაშით უაღრესად კმაყოფილი ვარ. სამომავლოდ ფოთს კარგი თაობა ეზრდება".


21.11. ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი

კოლხეთი-ზესტაფონი 0:2

0:1 წინამძღვრიშვილი (72. აფციაურის პასით), 0:2 წინამძღვრიშვილი (81. ელიავას პასით),

კოლხეთი ზესტაფონი
4-5-1 4-1-4-1
გორდეზიანი კვასხვაძე
გეგელია ალადაშვილი
ცხვიტარია ონიანი
ბუკია ხიდეშელი
ლემონჯავა ელიავა
ჭედია გრიგალაშვილი
მეგრელიშვილი ძარია
გოგონაია აფციაური
მოისწრაფიშვილი ბაბუნაშვილი
გვალია ბენაშვილი
საცერაძე გელაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ბ. შეროზია გ. გეგუჩაძე

კოლხეთი:
46. საცერაძე-წიქარიშვილი
81. ჭედია-კუკულაძე
83. მოისწრაფიშვილი-ქორჩილავა
სათადარიგოები: ჩიქობავა, ყურუა, გაბუნია, ბარამიძე

ზესტაფონი:
46. ალადაშვილი-წინამძღვრიშვილი
57. ბაბუნაშვილი-გორგიაშვილი
81. ძარია-ფიფია
სათადარიგოები: მამალაძე, მაკარიანი, მიქაბერიძე, ცხადაია

გაფრთხილება: გოგონაია (10), საცერაძე (29), მეგრელიშვილი (38), ალადაშვილი (42), გორგიაშვილი (58), გვალია (70), ცხვიტარია (83), წინამძღვრიშვილი (83).

არბიტრი: თ. გვანცელაძე


მამუკა ქანთარია
ფოთიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული