ფოთში 4 თვეა, ფეხბურთი ნისიად ცოცხლობს

AutoSharing Option
თამაშის წინა დღეს ფოთის "კოლხეთი" ყველა ჩამოსულმა ფეხბურთელმა დატოვა. "ლელოს" ინფორმაციით, კლუბიდან წასვლას ექვსი ადგილობრივი 6 მობურთალიც გეგმავდა სოლიდარობის ნიშნად, თუმცა ისინი ბოლო მომენტში დაიყოლიეს, სხვა შემთხვევაში ”ზესტაფონთან” შეხვედრას ”კოლხეთი” ვერ ჩაატარებდა. ”სულ 26 ფეხბურთელი გვყავდა გუნდში, აქედან ნახევარი ჩამოსული იყო, ანუ კლუბი 13-მა მოთამაშემ დატოვა” - გვითხრა ”კოლხეთის” პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ.

”ლელოს” კითხვაზე, რა ბედი ელით ამ ფეხბურთელებს, ხომ არ განიხილება კლუბში მათი დაბრუნება, ”კოლხეთის” თავკაცები აცხადებენ, რომ ეს არ მოხდება. თემურ ბარქაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფოთის პორტთან გაფორმებული
ხელშეკრულების მიხედვით, პირველი 50 ათასი ლარის შემდეგ თანხის მეორე ნაწილი უნდა მიეღოთ 15 ნოემბერამდე. სამწუხაროდ, პორტმა პირობა არ შეასრულა. ”თქვენს გაზეთს ვუთხარი კიდეც, 50 ათასად სამი კლუბის შენახვა შეუძლებელია! გუშინ ჭაბუკები რომ გაგვეგზავნა, საწვავი ვისესხეთ. ისიც რომ მივატოვოთ, უეფას დაფინანსებასაც დავკარგავთ”, - ამბობს ბარქაია.

სწორედ მისი და კლუბის სხვა ხელმძღვანელთა დამსახურებაა, რომ ”კოლხეთმა” ჩემპიონატი არ მიატოვა. საამისოდ მათ თავიანთი ოჯახებისა და ახლობლების ოქროული ლომბარდებში ჩააბარეს. მეტის შესაძლებლობა მათ ძალებს აღემატება. ფოთში 4 თვეა, ფეხბურთი ნისიად ცოცხლობს...

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბესიკ შეროზია? გუშინ ამ საკითხითაც დავინტერესდით და ჯერაც ”კოლხეთის” მთავარ მწვრთნელს გავესაუბრეთ.

- ვერაფერს გეტყვით, გადაწყვეტილებას მალე მივიღებ. რადგან ეს ახალგაზრდული გუნდია, უმჯობესია მათმა მწვრთნელებმა იმუშაონ და ჩაამთავრონ ეს წრე.

- შემდეგ რა იქნება, ისევ დაბრუნდებით, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ”კოლხეთი” არ დაიშალა?
- არ ვიცი. ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ქალაქის ხელმძღვანელები კვლავაც აქტიურად მუშაობენ, კლუბს დამფინანსებელი რომ მოუძებნონ. ამ წრის ჩამთავრება ”კოლხეთს” დუბლშემადგენლობით მოუწევს, მომავალი წლიდან ახალი გუნდის შექმნის პერსპექტივა კი კოლხთა შანსებს, ლიგაში ადგილი შეინარჩუნონ, მნიშვნელოვნად ამცირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული