მას მერე ის თბილისური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მაგრამ 26 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", ამ გუნდებს შორის ყველაზე საინტერესო ქართული დაპირისპირება, შესაძლოა, გამოტოვოს...
- გავიგეთ, რომ ბოლო დღეებია, არ ვარჯიშობთ...
- სამწუხაროდ, ასეა. ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ მხოლოდ საჩხერის "ჩიხურასთან" ვითამაშე. მას შემდეგ ალერგია მაწუხებდა და თავს ისე ცუდად ვგრძნობდი, მკურნალობა დამჭირდა.
- ანუ, "ტორპედოსთან" ვერ ითამაშებთ?
- ეს ჯერ არ ვიცი. პარასკევს ბაზაზე ვრჩები
- რას ელით მატჩისგან?
- შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თანაც, ისეთი გუნდები თამაშობენ... ასეთ დროს მოედანზე გასვლა სიამოვნებაა და იმედი მაქვს, ცოტა ხანს მაინც ვითამაშებ.
მოგება ძალიან გვინდა, რადგან, თუ კონკურენტს დავამარცხებთ, სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გავიუმჯობესებთ.
საქართველოში ბევრი საინტერესო შეხვედრა ჩატარებულა და მომავალშიც ჩატარდება, მაგრამ "დინამო"-"ტორპედო" მაინც სულ სხვა ემოციებს იწვევს.
დარწმუნებული ვარ, შაბათსაც ისეთი თამაში იქნება, ყველას რომ მოეწონება. ამ მატჩისთვის ხომ ორივე გუნდი განსაკუთრებულად ემზადება.
- ყოფილი კლუბის წინააღმდეგ სათამაშოდ განწყობა ძნელი არ არის?
- ძნელია, ამას არ უარვყოფ, ჩემი მეგობრები თამაშობენ, რომელთან ერთადაც გამარჯვებები აღმინიშნავს. მაგრამ ფეხბურთელი სადაც ხარ, იმ კლუბს ემსახურები და მისთვის უნდა დაიხარჯო. თუ მომეცემა საშუალება, ვითამაშებ, მაგრამ, თუ გავიტან, გოლს დიდი ემოციით არ აღვნიშნავ, ჩემს მეგობრებს მოვერიდები. თუმცა, ხომ გითხარით, მეეჭვება, რომ ვითამაშო.
- "დინამოში" თქვენი გადასვლის შემდეგ, "ტორპედოს" თამაშებს თვალს თუ ადევნებთ?
- რა თქმა უნდა, რამდენიმე მატჩი ვნახე და მგონია, რომ "დინამოსთან" ერთად, ყველაზე სწორ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. შემტევი ფეხბურთი მომწონს და მიმაჩნია, რომ "ტორპედო" დღეისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გუნდია. ამიტომაც მეიმედება, რომ გულშემატკივრები ლამაზ ფეხბურთს იხილავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"