"ქართულ კლასიკოში" თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო პირველობის უმაღლესი ლიგის X ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა, სადაც ლიდერმა "დინამომ" აქამდე დაუმარცხებელი ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.

"ქართულ კლასიკოში" ანგარიში ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა გახსნეს - 22-ე წუთზე ანგარიშში სტუმრები წინ თორნიკე კაპანაძემ გაიყვანა.

მანამდე კი - მე-3 წუთზე არბიტრმა მოედნიდან უსტარიცი გააძევა.

ქუთათურებმა პირველ ტაიმში კარის მშრალად შენახვა შეძლეს. არადა, გათანაბრება ტაიმის მიწურულს ჯაბა დვალს თერთმეტმეტრიანიდან შეეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

რაც პირველ ნახევარში ვერ მოახერხა დვალმა, მეორე ტაიმში შეძლო
ლევან ხმალაძემ, რომელმაც 79-ე წუთზე "ტორპედოს" კარში დანიშნული მეორე პენალტი გოლად აქცია.

"დინამოს" პრინციპერ მეტოქესთან გამარჯვება და სამი ქულა მატჩის მიწურულს გიორგი გველესიანმა მოუტანა (90 წუთი).

საბოლოოდ 2:1 და სატურნირო ცხრილში დუშან უჰრინის გუნდი მდევარ "ჩიხურასა" და "ტორპედოს" უკვე 6 ქულით უსწრებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ჟერარდ სარაგოსა: მინდა "ტორპედოს" გულშემატკივარს მოვუბოდიშო
დუშან უჰრინი: ჩვენი თამაში ვაჩვენეთ, "დინამო" ათი კაცით დომინირებდა

* * *
რაც შეეხება ტურის სხვა მატჩებს, "ჩიხურამ", რომელიც წინა ტურში სწორედ "დინამოსთან" შერცხვა (1:6), ამჯერად ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ლანჩხუთის "გურია" მიიღო და დიდი ანგარიშით მოუგო - 5:1.

საჩხერელები წინ 22-ე წუთზე ვაჟა ლომაშვილმა გაიყვანა, ბესიკ დეკანოიძემ (37) კი სხვაობა ორბურთიანი გახადა.

69-ე წუთზე გურულებმა სხვაობის შემცირება თენგიზ ჩიკვილაძის გოლით კი მოახერხეს, თუმცა ეს იყო და ეს - ამის შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს. 75-ე წუთზე დუბლი დეკანოიძემ მიითვალა, 82-ეზე კი ჯერ გიორგი გაბედავამ შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი ჯამბულ ჯიღაურმა დააფიქსირა (85).

* * *
მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა გორის "დილამ" მცხეთაში, სადაც "ვიტ ჯორჯიას" ანგარიშით 2:0 სძლია.

სტუმრები გრიგოლ დოლიძემ უკვე მე-10 წუთზე დააწინაურა, ირაკლი მოდებაძემ კი 58-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ასევე სტუმრად, ამავე ანგარიშით მოიგო "ზესტაფონმა", რომელმაც სამტრედიაში მასპინძლის რანგში მყოფ მარტვილის "მერანს" ვახტანგ ჭანტურიშვილისა და საბა ლომიას მიერ, ორწუთიან მონაკვეთში, ერთიმეორის მიყოლებით გატანილი გოლებით (75 და 77 წუთებზე) მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
სტუმრად გამარჯვება მიითვალა რუსთავის "მეტალურგმაც" - 1:0.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში რუსთაველებმა ბოლნისის "სიონი" ლევან კორღალიძის მიერ 53-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს.

* * *
განმუხურში "ზუგდიდმა" ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო. მასპინძლებს ქულა ლუკა გუგუჩიამ 74-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით გადაურჩინა. ანგარიში კი 40-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა გახსნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული