უმაღლესი ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ, როცა "ქართული კლასიკოა", სხვა დანარჩენი მატჩები, ცოტა არ იყოს, ჩრდილში მოექცევიანო და ასეც მოხდა.

რა თქმა უნდა, "დინამო"-"ტორპედოს" ემოციური დაპირისპირების გარდა, დანარჩენ ხუთ შეხვედრაშიც იყო მეტ-ნაკლებად გამოსარჩევი ფაქტები თუ მოვლენები, მაგრამ ტურის ცენტრალურმა მატჩმა მართლაც ყველაფერი "გადაფარა"!

ტრიუმფული სვლა
"დინამოს" წარმატებული სვლა გრძელდება: ქვეყნის ჩემპიონმა ზედიზედ მერვე მატჩი (სათასო დაპირისპირების ჩათვლით) მოიგო და პირველი წრის გამარჯვებულიც ვადამდე და, რაც მთავარია, დამსახურებულად გახდა!

სხვათა შორის, რაც დუშან უჰრინი (უმცროსი) დაინიშნა "დინამოს" მთავ
არ მწვრთნელად, ასეთი წარმატებული სერია ჯერ არ ჰქონია. ამასთან, კვლავაც გრძელდება "დინამოს" არანაკლებ შთამბეჭდავი საშინაო წაუგებელი სერია ჩემპიონატში: წინა სეზონში თუ 15 მოგება და 1 ფრე ჰქონდა საკუთარ მოედანზე, ამჟამად შვიდ თამაშში შვიდი მოგება აქვს.

ისე კი, ჩემპიონატში უკანასკნელად საშინაო მატჩი "დინამომ" 2012 წლის 6 მაისს წააგო და, ალბათ, მეტოქეც დაგაინტერესებთ: რომელი გუნდი უნდა ყოფილიყო, თუ არა "ტორპედო", როდესაც ქუთაისელებმა გიორგი დათუნაიშვილის ერთადერთი გოლის წყალობით შეძლეს პრინციპული მეტოქის სტუმრად დამარცხება.

სამმაგი ლოგიკა
შაბათს ჩატარებულ "ქართულ კლასიკოზე" ვრცლად უკვე ვისაუბრეთ და დღეს აღარ მივუბრუნდებით, თუმცა კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ მართლაც ემოციური და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე არცთუ ურიგო დონის შეხვედრა ოდნავ გააუფერულა მასპინძელთა და სტუმართა გუნდის ფანებს შორის მომხდარმა შეხლა-შემოხლამ, რომელშიც ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს (იხილეთ ვრცლად).

ამ თემის განვრცობას აღარ ვაპირებთ, რადგან არ გვსურს, კლუბებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს. ამიტომ სჯობს, აქ გავჩერდეთ.

...არადა, თამაშის დასაწყისშივე ეს ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, აი, მაშინ კი ვიტყოდით, რომ მართლაც იდეალური "ქართული კლასიკო" ვნახეთო!

მატჩი, რომელიც ისეთი სცენარით წარიმართა, რომ არც სტუმართა ახალგაზრდული და საზრიანი გუნდის გამარჯვება იქნებოდა სენსაცია, ფრესაც მეტ-ნაკლებად ლოგიკურ შედეგად მივიჩნევდით და "დინამოს" მოგებასაც ვერავინ დაარქმევს ალოგიკურსა თუ დაუმსახურებელს. მოკლედ, ამ სეზონში, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ვიხილეთ და ამისათვის ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის.

აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "დინამომ" ზედიზედ მესამე საშინაო "ქართული კლასიკო" მოიგო (სამჯერვე - დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით) და ასეთი რამ "დინამო"-"ტორპედოს" ხანგრძლივ და პრინციპულ დაპირისპირებაში 1996/97 წლების სეზონის შემდეგ აღარ მომხდარა.

მომავლის გუნდი
ამ ტურამდე ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი "ტორპედო" იყო, თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ ძალიან საინტერესო და ძალიან ახალგაზრდული გუნდი ამ დრამატულ მარცხს რაც შეიძლება მალე დაივიწყებს და კვლავაც გააგრძელებს ბრძოლას არა მხოლოდ პირველ სამეულში მოსახვედრად, არამედ ჩემპიონობისათვისაც!

28 წლის მაქსიმე ქვილითაია, 26 წლის ზაზა ჭელიძე და 25 წლის გიორგი ხიდეშელი - აი, "ტორპედოს" სამი "ვეტერანი". ეგ კი არა, 22 წლის ნიკა საბანაძე და 21 წლის გიორგი კუხიანიძე ქუთაისელთა გუნდის "სტაჟიან" წევრებადაც ითვლებიან, "დინამოს" წინააღმდეგ მოასპარეზე ყველა დანარჩენი ფეხბურთელი კი 18-19 წლის პერსპექტიული ბიჭი იყო!

ცალკე გვინდა აღვნიშნოთ "ტორპედოს" ახალწვეულის, 21 წლის თორნიკე კაპანაძის ჩინებული თამაში: ამ ტანმორჩილმა შემტევმა წინა სეზონშიც მიიქცია ყურადღება, როცა პირველ ლიგაში ასპარეზობისას წყალტუბოს "სამგურალის" შემადგენლობაში გამოდიოდა და მეტოქეთა კარში 27 გოლი გაიტანა. კაპანაძე უმაღლეს ლიგასაც მალე "გაუშინაურდა" და "ტორპედოს" შეტევის ხაზში უმძაფრესი კონკურენციის მიუხედავად, ძირითადშიც უპრობლემოდ დაიმკვიდრა ადგილი.

ახალგაზრდა ფორვარდი "დინამოსთან" მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და ოსტატურად გატანილი გოლის გარდა, ერთხელაც დაარტყა მეტად და მეტად სახიფათოდ, მაგრამ მასპინძლები გიორგი ლორიას ოსტატობამ გადაარჩინა.

აქვე ბარემ ისიც ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ამ თამაშიდან გამომდინარე, კუხიანიძეც და კაპანაძეც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ; თანაც, ეს მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის...

დაბოლოს, "ტორპედოს" ახალგაზრდა და ერთობ ემოციურ მწვრთნელზეც: ესპანელ ჟერარდ სარაგოსას ერთობ წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა ქუთაისურ გუნდში ("ჟილინასთან" მატჩი გემახსოვრებათ), მაგრამ იმის მერე შემადგენლობაში გარკვეული გადაადგილებები მოახდინა და მართლაც არ იყო პატარა ამბავი, მისი გუნდი ცხრა ტურის განმავლობაში დაუმარცხებლად რომ ასპარეზობდა.

ზესტაფონი და სამეული
გასული ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში რამდენიმე გადაადგილება მოხდა: "ჩიხურამ" მოგებების მეტი რაოდენობით "ტორპედოს" გადაასწრო და მეორე ადგილზე დაბრუნდა; ხანმოკლე პაუზის მერე ზედა ექვსეულს დაუბრუნდა "დილა" და უნდა ვივარაუდოთ, რომ გორელთა გუნდი კვლავაც ჩაებმება ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლაში.

ამათ გარდა, აღსანიშნავია "მეტალურგის" გამარჯვება ქვემოქართლურ "დერბიში": 33 წლის შემტევის, ლევან კორღალიძის ეფექტურმა გოლმა რუსთაველთა გუნდის პოზიციები განამტკიცა, თანაც, რაც მთავარია, "მეტალურგმა" ამ სეზონში პირველად შეძლო ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება და ამ მოგებას გელა სანაიას გუნდისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა: რუსთაველებს ხომ ამის შემდეგ ხუთი ერთმანეთზე ურთულესი მატჩი ("დინამოსთან", "ტორპედოსთან", "ჩიხურასთან", "ზესტაფონთან", "დილასთან") ელოდებათ.

დაბოლოს, "ზესტაფონზეც": ჩვენი ვარაუდი მართლდება და რატკო დოსტანიჩის გუნდს უკვე არც არაფერი აშორებს პირველ ექვსეულთან.

ეს კი არა, ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი ზამთრის პაუზას რომ სულაც... პირველ სამეულში შეხვდეს, ნურავის გაუკვირდება: "ზესტაფონს" უკვე ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ახლაც, ბოლო ტურში, ორი წამყვანი ფორვარდის (ირაკლი ქობალია, გიორგი ადამია) გარეშეც შეძლო სტუმრად "მერანის" დამარცხება.

აღსანიშნავია, რომ გოლის "გემო" გაიხსენა "ზესტაფონის" 23 წლის ფორვარდმა საბა ლომიამ, რომელმაც უკვე მეოთხე გოლი გაიტანა; აი, რაც შეეხება ვახტანგ ჭანტურიშვილს, ამ 20 წლის ნახევარმცველს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გვინდა მივულოცოთ.

პენალტები, პენალტები...
გასულ ტურში ოთხი პენალტი დაინიშნა. აქედან მხოლოდ ორი დარტყმა აღმოჩნდა ზუსტი: 21 წლის ლუკა გუგუჩიამ ("ზუგდიდი") თავის გუნდს ქულა მოუტანა, ხოლო "დინამოს" მართლაც უნივერსალმა ფეხბურთელმა, 28 წლის ლევან ხმალაძემ "ტორპედოსთან" შეხვედრაში თამაშის "შემოტრიალებას" დაუდო სათავე.

უიღბლოები კი ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეული გოლეადორები და ერთიმეორეზე გამოცდილი ფორვარდები იყვნენ: 30 წლის დიმიტრი ტატანაშვილის დარტყმა "გურიას" არანაკლებ გამოცდილმა მეკარემ მინდია ბობღიაშვილმა მოიგერია, ხოლო 28 წლის ჯაბა დვალს მიზანმა უმტყუნა...

ძველ-ახალი მეგოლეები
ჰეთ-თრიქებით განებივრებულნი რომ არა ვართ, არახალი ამბავია, თუმცა ტური არ გავა, კონკრეტულმა ფეხბურთელმა დუბლი არ შეასრულოს.

გასულ ტურში თავი გამოიჩინა "ჩიხურას" 21 წლის გარემარბმა ბესიკ დეკანოიძემ, რომელმაც "გურიას" კარში 2 გოლი გაიტანა.

სხვა მეგოლეებიდან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "დილას" ცენტრფორვარდის, 29 წლის ირაკლი მოდებაძის მორიგი შედეგიანი თამაში, რის შემდეგაც საუკეთესო ბომბარდირთა დავაში "ორხელისუფლებიანობაა" (ტატანაშვილის მსგავსად, 7 გოლი აქვს გატანილი).

გვერდს ვერ ავუვლით გრიგოლ დოლიძის "მშრალი სერიის" დასრულებასაც: 31 წლის მარჯვენაფლანგელმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო და ევროტურნირებსა თუ ჩემპიონატში ყოველ თამაშში გოლები გაჰქონდა; თუმცა მერე ტრავმა მიიღო და 17 აგვისტოს მერე მხოლოდ ახლაღა მოახერხა გოლის გატანა.

სეზონში პირველი გოლი გაიტანა "სპარტაკის" ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, 27 წლის ზვიად მეტრეველმა, არადა, წინა სეზონში ამ თავდამსხმელმა პირველ ლიგაში 21 ბურთის შეგდება მოახერხა.

დაბოლოს, ტურის ყველაზე მნიშვნელოვან გოლზეც: "დინამოს" 22 წლის ცენტრალურ მცველს გიორგი გველესიანს 2013 წლის 26 ოქტომბერი, ალბათ, არასდროს დაავიწყდება, რამეთუ სწორედ მისმა ზუსტმა თავურმა დარტყმამ (თანაც, ბოლო წუთზე) გადაწყვიტა კიდეც "ტორპედოსთან" უპრინციპულეს დაპირისპირებაში მატჩის ბედი!..

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური
დინამო-ტორპედო 2:1 - ემოციური და დაუვიწყარი "ქართული კლასიკო" [VIDEO]
ჩიხურა-გურია 5:1 - საჩხერელებმა "დინამო" სწრაფად დაივიწყეს [VIDEO]
მერანი-ზესტაფონი 0:2 - არ გაიტან, გაგიტანენ [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-დილა 0:2 - ვინ მართავს გორელთა გუნდს? [VIDEO]
სიონი-მეტალურგი 0:1 - 80 გულშემატკივრისთვის საინტერესო
ზუგდიდი-სპარტაკი 1:1

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული