სიონი-მეტალურგი 0:1 - 80 გულშემატკივრისთვის საინტერესო

AutoSharing Option
იყო დრო, ქვემოქართლელთა თამაშები სიამტკბილობაში ტარდებოდა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული - ახლა "სიონისა" და "მეტალურგის" მატჩებში დაძაბულობა უფრო იგრძნობა.

ასეთივე იყო ეს დაპირისპირებაც, მაგრამ თამაში რამდენიმე ფაქტმა გააუფერულა...

...ჯერ მარტო იმან, რომ შეხვედრას (როგორც ჟურნალისტებმა დავთვალეთ) 80 მაყურებელი ესწრებოდა. ასეთ სირცხვილს ჩვენი ფეხბურთი ისე დაეჩვია, რეაქცია აღარ გვაქვს და ესეც მიუთითებს, რომ ქართველობისთვის ეროვნული ჩემპიონატი ძალზე უინტერესო გახდა.

ცხადია, გაცილებით მეტი მაყურებელი იქნებოდა, მატჩი ბოლნისში რომ ჩატარებულიყო. თუმცა არავინ უწყის, ეს ქალაქი ფეხბურთს როდის უმასპინძლებს - "თამაზ სტეფანიაზე" საფარი უხარისხობის
გამო დაიწუნეს.

საქმისთვის მას შემდეგ მაინც უნდა მოევლოთ, მაგრამ როგორც ბოლნისელებმა გვითხრეს, ახლა მოედნის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. გუნდი კი სხვა ქალაქში თავის შესაძლებლობებს სტაბილურად ვერასოდეს გამოავლენს...

Sportall.Geკიდევ ერთი ამბავი - ორივე გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, მაგრამ უმრავლესობა სასურველ ფორმაში არ არის და ეს შეხვედრასაც დაეტყო - ტემპი დაბალი იყო და გუნდები მხოლოდ ეპიზოდური აფეთქებების იმედად იყვნენ.

და კიდევ - მოიგო იმან, ვისაც მეორე ტაიმში მეტი ძალა შერჩა. ეს ჩვენი ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი უცნაური სპეციფიკაა. დიახ, იგებს არა ტაქტიკა, არამედ "ფიზიკა". გუნდების ტაქტიკაც ამაზეა აწყობილი.

...პირველ ტაიმში "სიონი" უკეთ გამოიყურებოდა. მეტოქის კარისკენ პირველად თორნიკე აფციაურმა დაარტყა. ამ ეპიზოდში "მეტალურგის" მეკარე გრიგოლ ბედიაშვილს ბურთის აღება არ გასჭირვებია.

43-ე წუთზე, ალეკო გოგობერიშვილის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიშის გახსნა შეეძლო ფოფხაძეს, მაგრამ მიზანს ვერც მისმა თავურმა დარტყმამ უწია.

"მეტალურგი" პირველ ნახევარში პასიური იყო და თავის შანსს, ანუ მეტოქის დაღლას ელოდა.

გელა სანაიას გეგმამ გაამართლა. მისი გუნდი მეორე ტაიმში გააქტიურდა, უფრო მობილურად ათამაშდა და ანგარიში სწრაფადვე გახსნა: 53-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან სერგი ორბელაძემ საჯარიმოში გახსნილი ლევან კორღალიძე შენიშნა, რომელიც მცველებს დაუსხლტა და მახვილი კუთხიდან მირზა მერლანს ზუსტად დაურტყა - 0:1.

"სიონს" დაღლა მართლაც დაეტყო, "მასპინძლებს" მეტოქის კართან მიახლოება უჭირდათ. ამის გამო დავით იმედაშვილმა 57-ე წუთზე ლამის 40 მეტრიდან დასცხო. ბედიაშვილს მზემ ხელი შეუშალა, ბურთი ბოლო მომენტში დაინახა და კუთხურზე მოიგერია.

ბოლნისელებმა წონასწორობის აღსადგენად ბოლოშიც გაიბრძოლეს. 72-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე ძალისმიერ ბრძოლაში პარუნაშვილმა რევაზ გეწაძე ჩამოიშორა და საჯარიმოში დავით სვანიძე მოძებნა - "სიონის" კაპიტნის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულზე ბედიაშვილმა დროული რეაქცია გამოავლინა და რუსთაველები გადაარჩინა.

85-ე წუთზე "მეტალურგს" მარჯვენა ფლანგიდან უკვე გიგი იოსელიანმა შეუტია და საჯარიმოში გიორგი ბიბილეიშვილი შენიშნა, რომელმაც ბურთს ფეხი კარგად ვერ მოუქნია.

თავისი შანსი გაანიავა დავით კირკიტაძემაც, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან გიორგი ჩირგაძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა და "მეტალურგის" დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა.

საბოლოოდ, რუსთაველებმა 1:0 მოიგეს და მე-4 ადგილზე აღზევდნენ, "სიონმა" კი მდგომარეობა გაიუარესა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული