ბევრი ბოთლი და ცოტა გოლი

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი განახლდა და გასულმა ტურმა საინტერესო შედეგებიც მოგვიტანა. სამტრედიაში გამართულმა ტურის ცენტრალურმა მატჩმა სტატუსი გაამართლა და ურიგო სანახაობა არც სხვა ქალაქებში გაჩაღებულა. ეგაა, შედეგიანობა იყო ძალზედ დაბალი - ხუთ შეხვედრაში ამდენივე გოლი გავიდა, თუმცა, ვაი რომ, ამასაც შევეჩვიეთ - საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისთვის მწირგოლიანობა უცხო ხილი სულაც არაა.

სამწუხაროდ, ტურს არც ექსცესების გარეშე ჩაუვლია. განსაკუთრებული ვნებათაღელვა სდევდა სამტრედიაში გამართულ მატჩს, სადაც მოედანზე ბოთლების სროლით თავი რამდენიმე ადგილობრივმა ვაიგულშემატკივარმა "გამოიჩინა", მატჩის შემდეგ კი არდანიშნული პენალტის გამო
სტუმრებს ჰქონდათYმსაჯების მიმართ პრეტენზია.


სამს ძალიან უჭირს
მეთხუთმეტე ტურიც მოვილიეთ და რამდენიმე შეკითხვას პასუხიც გაეცა, მაგრამ სანამ კონკრეტულ შეხვედრებზე გადავიდოდეთ, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ის პრობლემა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს დაარსების დღიდან მეტისმეტად აუფერულებს.

მიხვდებოდით, უსახსრობას ვგულისხმობთ. ახლო წარსულში უმაღლესი ლიგის ბინადართა რაოდენობა იმიტომ შემცირდა, რომ იქ გაჭირვებულ გუნდებს არ ეთამაშათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ჩემპიონატს არც ამ ნაბიჯმა უშველა. რამდენიმე კლუბი მეტ-ნაკლებად ახერხებს საარსებოდ საჭირო მინიმუმის მოძიებას, ათიდან სამს კი ძალიან მწვავედ უდგას ყოფნა-არყოფნის საკითხი. შეხსენება არავის სჭირდება, რომ ეს კლუბებია "სამტრედია", "კოლხეთი" და "ბაია". მართალია, გასული ტური სამივემ ჩაატარა, მაგრამ არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდება...


კოლხეთის დაბლობი
ზუსტად არ ვიცით, ზემოთ ნახსენები სამეულიდან ფინანსურად ვის უფრო უჭირს, მაგრამ საკადრო პრობლემებმა "კოლხეთი" განსაკუთრებით შეაწუხა. როგორი საქმეა, ფოთელთა რიგები ზედ ტურის მატჩის წინ დატოვა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა უმრავლესობამ. მათ ეს ნაბიჯი რამდენიმეთვიანი უხელფასობის გამო გადადგეს. ვერც კლუბის ხელმძღვანელობის დანაპირები შესრულდა ბოლო ერთი თვის დავალიანების გასტუმრების თაობაზე და შედეგად, კვირას "ზესტაფონს" უმეტესად ის ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ, რომელთაც უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდათ. მათ გმირულად იბრძოლეს და ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ზესტაფონთან" ბოლოსღა გატყდნენ. "კოლხეთს" ბესიკ შეროზიას ნაცვლად დუბლების მწვრთნელმა ზაზა ინიაშვილმა უხელმძღვანელა. დასანანია, რომ "კოლხეთი", რომელმაც სეზონი რიხიანად დაიწყო, უკვე გასავარდნ ზონაშია.

გია გეგუჩაძის გუნდმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა, "დინამო" ჩამოიტოვა და "ოლიმპს" კვალში უდგას. ტურის წინათქმაში ჯაბა დვალის დისკვალიფიკაცია ვახსენეთ და ვივარაუდეთ, რომ რატი წინამძღვრიშვილი ამ შანსს გამოიყენებდა. ასეც მოხდა და "ზესტაფონის" ახალგაზრდა ფორვარდი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურში დუბლი შეასრულა.


გისურვებთ გადარჩენას
დიდი ამბები მოხდა სამტრედიაში, სადაც დაძაბულ საფეხბურთო სანახაობას ჩვენი ჩემპიონატისთვის ჩვეული სკანდალი მოჰყვა. "დინამოს" მმართველმა დირექტორმა გიორგი ტყავაძემ მსაჯობით საჯაროდ გამოთქვა პროტესტი. შესაძლოა, მას უკმაყოფილების საბაბი მართლაც აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "დინამო" ვერ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელსაც მისგან ქომაგები ითხოვენ. ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ მთავარი მწვრთნელის შეცვლა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს სასიკეთოდ წაადგა.
ასეა თუ ისე, ისტორიაში შედეგი რჩება, რითაც "სამტრედიას" გულშემატკივრებმა ძალიან გაიხარეს. შეხვედრა, მოლოდინისამებრ, შეუპოვარი და ხისტი გამოდგა, საბოლოოდ კი 2 ათასი მაყურებლის თანადგომით, გუნდური თამაშითა და განსაკუთრებით ჩომახიძე-კაკალაძის გამოცდილი დუეტის ძალისხმევით გელა სანაიას გუნდმა ძვირფასი გამარჯვების მოპოვება შეძლო. "სამტრედიამ" კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რა შეუძლია განსაკუთრებული მოტივაციითYთამაშს. ჩვენი მხრივ კი მასაც და გასაჭირში მყოფ სხვა კლუბებსაც გადარჩენას ვუსურვებთ. "სამტრედია" უმაღლეს ლიგას განსაკუთრებულ ელფერს ჰმატებს და მისი დიშლა დიდი საცოდაობა იქნება.


ლიდერი დგას
საარსებო სახსრების გარეშე დარჩენილი მესამე გუნდი "ბაიაა", რომელიც, "კოლხეთის" მსგავსად, სეზონის მსვლელობისას დატოვეს გამოცდილმა ფეხბურთელებმა, მაგრამ იმავე "კოლხეთისგან" ელგუჯა ქომეთიანის გუნდს ის გამოარჩევს, რომ უფრო მრავლისმნახველი და ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდები ჰყავს. "ოლიმპი" ზუგდიდურ მატჩში ფავორიტი კი იყო, მაგრამ არავინ ელოდა, რომ რუსთაველები ამ შეხვედრას იოლად მოიგებდნენ და აკი მართლაც დიდ წინააღმდეგობას გადააწყდნენ. "ოლიმპი" პირველ ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ "ბაიამ" თამაშის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლა და რომ არა სტუმართა დაცვის დამაჯერებელი თამაში და მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის ოსტატობა, მასპინძლები მიზანს მიაღწევდნენ.

მოკლედ, "ოლიმპმა" დაგეგმილი სამი ქულა დიდი ოფლისღვრის ფასად მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერობაც შეინარჩუნა. რამაზ მუმლაძის გამწვრთნელება საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს აშკარად წაადგათ.


სპარტაკი ფსკერიდან დაიძრა
"სპარტაკმა", რომელიც ამ ტურამდე უიმედო აუტსაიდერად ჩანდა, "ვიტ ჯორჯიასთან" უმნიშვნელოვანესი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. მართალია, სატურნირო ცხრილში კვლავაც ბოლო ადგილზეა, მაგრამ მაინც აქვს იმის შანსი, რომ სახიფათო ზონა ნელ-ნელა დატოვოს. ბადრი კვარაცხელიას გუნდს ამაში ხელი რამდენიმე კონკურენტის ფინანსურმა პრობლემებმაც უნდა შეუწყოს. ვალერი ბოლქვაძის გატანილ ეფექტურ ჯარიმას უცნაური ტაქტიკით მოთამაშე "ვიტ ჯორჯიამ" ვერაფრით უპასუხა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ სეზონში მაღალი ადგილებისთვის ვერ იბრძოლებს. ეს არცაა გასაკვირი, "ვიტ ჯორჯიადან" ხომ წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა წავიდა, მათი შემცვლელები კი ჯერაც უმაღლეს ლიგასთან ადაპტაციის პროცესს გადიან.

აქვე ვახსენოთ ბოლნისური შეხვედრაც, სადაც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. გამარჯვების შემთხვევაში "სიონი" მესამეადგილოსან "დინამოს" სამი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდებოდა, მაგრამ მასპინძლებს გამარჯვების განსაკუთრებული შანსი არ ჰქონიათ და ბოლო დროს შედეგიანად ათამაშებულ "ტორპედოსთან" უგოლო ფრეს დასჯერდნენ.


მსაჯებსაც თავისი გასჭირვებიათ
ფინანსური პრობლემებით მხოლოდ კლუბები და მწვრთნელ-ფეხბურთელები როდი არიან შეწუხებულნი. კუთვნილი ანაზღაურება არც მსაჯებს მიუღიათ და ამის გამო, მათი მხრიდან ტურის მატჩების ბოიკოტირების საფრთხეც არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ, მათ ასეთი კატეგორიული ნაბიჯისგან თავი შეიკავეს.

მართალია, მათ გასამრჯელო ჯერაც არ აუღიათ, მაგრამ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა მათ თანხის გადახდას ამ კვირაში შეჰპირდა და იმედია, ასეც მოხდება.


ტურის მწვრთნელი
გელა სანაია (სამტრედია)
"სამტრედიას" ხელმძღვანელობამ ზაფხულში მთავარ მწვრთნელად გელა სანაია მიიწვია და არც უნანია. სანაიამ პროფესიული კვალიფიციურობა წინა სეზონში დაამტკიცა, როცა "ლოკომოტივში" იმუშავა ნაყოფიერად, ახლა კი იმერული გუნდის მესაჭის პოსტზე აღწევს კარ შედეგებს. "დინამოსთან" (თუნდაც არასახარბიელო ფორმაში მყოფთან) გამარჯვება ნებისმიერი გუნდისა თუ მწვრთნელისთვის დიდი წარმატებაა და ამას სამტრედიელთა ახალგაზრდა დამრიგებელს ჩვენც ვუფასებთ. გელა სანაია ცალხასადაა გასული ტურის საუკეთესო მწვრთნელი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული