ჩიხურა-ზუგდიდი 2:0 - ქარსაც გამოყენება უნდა

AutoSharing Option
მატჩი "ჩიხურას" უპირატესობით დაიწყო. საჩხერელებმა ბურთზე თავიდანვე დააწესეს კონტროლი და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს.

გაბედავა მეკარის ბაქანთან გამჭოლ გადაცემას უკეთებდა ტატანაშვილს, მაგრამ დაცვაში შესანიშნავად გაისარჯა აქუბარდია, რომელმაც ჩემპიონატის ბომბარდირს წამით დაასწრო და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა.

ამას საჯარიმოს მისადგომებიდან დეკანოიძის ძლიერი დარტყმა მოჰყვა, რომელიც მამალაძემ კუთხურზე მოიგერია.

პირველ ტაიმში საჩხერელებს ზურგის ქარიც უწყობდათ ხელს და სტუმართა კართან მორიგ ხიფათში სტიქიამაც შეიტანა თავისი "წვლილი" - ოდიკაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ქარმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და კარისკენ უხერხულად წასული მამალაძემ კუთხურზე
მოიგერია. ეს კუთხურიც ოდიკაძემ მოაწოდა და ქარის დახმარებით ბურთი კინაღამ კარში ჩაახვია...

ახლოს იყო გატანასთან გაბედავაც, რომელიც ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ კვლავ საიმედოდ გაისარჯა მეკარე მამალაძე.

Sportall.Geგამოუყენებელი მომენტების გამო "ჩიხურა" კინაღამ დაისაჯა - ზუგდიდელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ფარჯიკიამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ლომია, რომელმაც თავიდან ცოტათი დააყოვნა, შემდეგ კი კარში ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ სომხიშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

მატჩი კვლავ სოსო ფრუიძის გუნდის უპირატესობით გაგრძელდა და ნომინალურ მასპინძელთა შეტევას შედეგიც მოჰყვა - ტატანაშვილის გადაცემის შემდეგ ჯიღაურმა კარში დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დაარტყა. მამალაძე ბურთს კი შეეხო, მაგრამ გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა - 1:0.

შესვენებამდე საჩხერელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. ქარი კვლავ მათ მხარეს იყო. დათუნაიშვილის კუთხურის შემდეგ სტიქია კიდევ ერთხელ ჩაერია თამაშში, ბურთს მიმართულება შეუცვალა. მამალაძეს კარი "დაკარგული" კი ჰქონდა, მაგრამ რეაგირება მაინც მოასწრო.

ამას ოდიკაძის სახიფათო ჯარიმა მოჰყვა, მაგრამ მამალაძემ ამჯერადაც განმუხტა ვითარება. ბოლოს კი ტატანაშვილს მიეცა გატანის შანსი, თუმცა სტუმართა კიპერმა მისი დარტყმაც გააუვნებელყო.

მეორე ტაიმში ქარი უკვე ზუგდიდელებს ეხმარებოდა, მაგრამ სტუმრები ამ უპირატესობით ვერ სარგებლობდნენ, პირიქით, სახიფათო მომენტებს კვლავ ზემოიმერლები ქმნიდნენ. ძლიერად, თუმცა არაზუსტად დაარტყა გაბედავამ, ჩვეულად აქტიური იყო მარჯვენაფლანგელი ოდიკაძე, რომლის სახიფათო გარღვევების შეჩერება სტუმრებს ძალიან უჭირდათ და მის წინააღმდეგ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ...

საჩხერელთა მეორე გოლი მამალაძის უხეშ შეცდომას მოჰყვა - აქუბარდიამ მეკარეს დაუბრუნა ბურთი. მამალაძემ ტატანაშვილის მოტყუება სცადა, მაგრამ გამოცდილმა ფორვარდმა სტუმართა კიპერს ბურთი "მოპარა" და ცარიელ კარში მიუჩინა ადგილი - 2:0.

მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გადაწყდა. სტუმრები თამაშის შემომტრიალებლებს არ ჰგავდნენ, პირიქით, დარჩენილ დროში საგოლე მომენტები კვლავ "ჩიხურას" ჰქონდა. ორჯერ სახიფათოდ დაარტყა შეცვლაზე შესულმა კვასხვაძემ, თუმცა პირველად ხარიხას გადააცილა, მეორედ კი მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

ბოლო წუთებზე "ზუგდიდი" გააქტიურდა, მაგრამ პრესტიჟის გოლის გატანა ვერ მოახერხა. "ჩიხურამ" დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული