"ზუგდიდის" დირექტორი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს

AutoSharing Option
ბოლო დროს საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები, უბრალოდ, გასცდა სპორტულ სფეროს და შეიძინა პოლიტიკური ელფერი - ამ სიტყვებით დაიწყო მედიასთან საუბარი საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ, რომელმაც ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.

კლუბის დირექტორმა ს.კ."ზუგდიდის" საქმიანობაში უხეში ჩარევისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მისი ხელმძღვანელი ლევან კონჯარია დაადანაშაულა.

მალხაზ ჭეია (საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" დირექტორი): "ის, რაც ხდება დღეისათვის საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" გარშემო, პირდაპირ ვაცხადებ, რომ არის უხეში ჩარევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან, რომელმაც ცალსახად მიიღო გადაწყვეტილება ერთი ჯგუფის სასარგებლოდ.

კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ვითომ სამუშაო შეხვედრა ფეხბურთის ზოგიერთ წარმომადგენელთან და ამ შეხვედრაში, როგორც ირკვევა, შეთანხმება მოხდა ერთ თემაზე - მე, მალხაზ ჭეჟია გამანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

მინდა ღიად განვაცხადო, აბსოლუტურად მზად ვარ, დღესვე დავტოვო დირექტორის პოსტი და არანაირი პრობლემა არა მაქვს ამაზე, არც ვებღაუჭები, უხეშად რომ ვთქვათ, ამ თანამდებობას, მაგრამ კარგად ვიცი, რისთვის ხდება ეს ყველაფერი და ეს არ დაწყებულა ორი დღის წინ, ანუ ამ თემაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობდა კარგა ხანია.

უბრალოდ, ერთი რამ გამკვირვებია: ლევან კონჯარიამ დამირეკა და მითხრა, თუ მე დავაბრუნებდი მწვრთნელს, კობა წიტაიშვილს გუნდში, ყველანაირი არსებული გაუგებრობა ჩემსა და საკრებულოს შორის დასრულდებოდა, რაზეც მაშინვე მიიღო ჩემგან კონკრეტული პასუხი - უარი.

ამის შემდეგ, ეტყობა, დღის წესრიგში დადგა ჩემი განთავისუფლების საკითხი. პირდაპირ ვეუბნები ლევან კონჯარიას და მივმართავ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თუ თავს არ დაანებებენ უხეშ ჩარევას საფეხბურთო საქმიანობაში, იძულებულნი გავხდებით, ფიფა-უეფას წესდებით ვისარგებლოთ და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება თვითმმართველი ორგანო.

რაც შეეხება მწვრთნელის საკითხს - კობა წიტაიშვილმა თავად განაცხადა გუნდიდან წასვლის თაობაზე და გასაკვირია, რომ ახლა დაბრუნებას ითხოვს, თან ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევით.

აქ ხომ ყველაფერი ნათელია. საუბარია მათი მხრიდან პირდაპირ, არა გუნდის მომავალზე, არამედ საფეხბურთო სტრუქტურაში მათთვის სასურველი ჯგუფის განთავსებაზე. ჩვენ გუშინ დავნიშნეთ მწვრთნელ-კონსულტანტი სერგო გაბელაია, რომელიც დღეს სავარჯიშოდ გაიყვანს გუნდს და შეუდგება თავის საქმიანობას".

წყარო: fczugdidi.ge


ასევე იხილეთ:
სერგო გაბელაია: "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დარჩება

მალხაზ ჭეჟია კობა წიტაიშვილს პასუხობს: ეს საერთოდ აღმაშფოთებელია!..
მალხაზ ჭეჟია: მერიდება პირობებზე ლაპარაკი, მაგრამ გუნდში ფული მიმქონდა

კობა წიტაიშვილი: ვითხოვდი, ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ ტანი მაინც რომ დაებანათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული