ჟერარ სარაგოსას ხელმძღვანელობით მოთამაშე, გაახალგაზრდავებულმა "ტორპედომ" სეზონი რიხით დაიწყო, თუმცა ბოლო შეხვედრებში ვეღარ იჩაუქა.
შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონის" ამჟამინდელი თავკაცი გია გეგუჩაძე ბოლოს სწორედ ქუთაისურ გუნდს წვრთნიდა.
"ტორპედოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, მცველი ზაზა ჭელიძე მომავალ მატჩზე საუბრობს.
- ძალიან დიდი იმედით ველით "ზესტაფონთან" შეხვედრას. ბოლო სამი მატჩი წავაგეთ და ახლა ყველანაირად ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.
"ტორპედო" ახალგაზრდული გუნდია, "დინამოსთან" წაგების შემდეგ, ცოტა არ იყოს, ავირიეთ, რაც
- "დინამოსთან" რიცხობრივი უპირატესობა გქონდათ, თუმცა 1:2 დამარცხდით. რა იყო ამის მიზეზი?
- გამოცდილება დაგვაკლდა, არადა, ისეთი თამაში იყო, ფრედ რომ გვეთამაშა, მაინც დაგვწყდებოდა გული.
- დაცვიდან ბურთის დიაგონალზე გადატანა - ამ სეზონში "ტორპედო" ხშირად მიმართავდა ამ ხერხს და წარმატებითაც. "ზესტაფონს" რაიმე სიახლეს შესთავაზებთ?
- ვფიქრობ, სხვა სტილის შეთავაზებაც შეგვიძლია. ჩვენც და "ზესტაფონიც" შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და, წესით, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.
- "ზესტაფონს" თქვენი ყოფილი მწვრთნელი თავკაცობს და, რა თქმა უნდა, კარგად ეყოლებით შესწავლილი. როგორ ფიქრობთ, ეს "ზესტაფონს" გაუადვილებს ქუთაისში თამაშს?
- გეგუჩაძე მაღალი დონის სპეციალისტია, "ზესტაფონში" ახალი მისულია, თუმცა 2-3 კვირაც საკმარისია, გუნდს ხელი რომ დაატყოს. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ "ზესტაფონი" დავამარცხოთ.
- წინა ტურის "ზესტაფონი"-"დინამოს", ალბათ, უყურეთ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- "ზესტაფონმა" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ისე ითამაშა, ალბათ, ყველას გული დასწყდა, რომ წააგო - ათი კაცით კი დარჩნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.
ვფიქრობ, "ზესტაფონს" "დინამოსთან", უბრალოდ, არ გაუმართლა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ისტორიულად სასურველი...