"გაგრას" პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე: ფეხბურთში დარჩენა უკვე მაზოხიზმია

AutoSharing Option
"გაგრას" პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ქართული ფეხბურთისთვის რაღაც გაუკეთებია. "გაგრა" ხან უმაღლეს ლიგაშია, ხან პირველში, მაგრამ ნაკრებებს მოთამაშეებს ყოველთვის უზრდიდა. მაგრამ ბოლო დროს კლუბს კრიზისი დაეტყო.

ბესო ჩიხრაძემ საკუთარი გულისტკივილი "ლელოს" გაუზიარა:

- ბელგიაში იოჰან ბოსკამპმა იქაური ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი გამაცნო. ყველამ იცის, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში ბელგიელებს ძალიან კარგი თაობები ჰყავდათ, მაგრამ მერე სერიოზული ჩავარდნა დაეწყოთ, თუმცა დღეს მაღალი კლასის მოთამაშეები და საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავთ. წინსვლის მიზეზით დავინტერესდი და მითხრა, რომ 2002 წელს ამ
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ და სპეციალისტების წრემ ფეხბურთის აღორძინების პროგრამა შეიმუშავეს.

მასზე მუშაობდნენ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რადგან გაითვალისწინეს ეროვნული მენტალიტეტი, ადგილობრივი თავისებურებები და კლიმატიც კი. შეიმუშავეს რეკომენდაციები კლუბებისადმი, ლიცენზირების მოთხოვნები, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეს მწვრთნელთა და სპორტულ დირექტორთა გაზრდას, მენეჯმენტის განვითარებას და ასე შემდეგ. დღეს სწორედ ამ პროგრამის რეალიზაციის შედეგებს იმკიან.

კარგი იყო თუ ცუდი, საბჭოთა კავშირში სისტემა მუშაობდა და ფეხბურთელები იზრდებოდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ სისტემა ვერ შევქმენით, ძველიც წარსულს ჩავაბარეთ და უფსკრულისკენ წავედით...

ყველაფრის დეფიციტია და, რაც მთავარია, ფეხბურთი ძველებურად მასობრივი აღარ არის. ადრე ყველა სოფელში იყო გუნდი და რაიონების პირველობას უფრო მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე ჩვენს ჩემპიონატს. ვერ ვეღირსეთ, რომ მსგავსი პროგრამა ჩვენთანაც დაიწეროს.

- 17 წელია ვლაპარაკობთ ასეთ პროგრამაზე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს...
- პროექტიც არ არსებობს. სახელმწიფომ 100 მილიონამდე ლარი დახარჯა, ბევრი მოედანი მოწესრიგდა, სტადიონები გარემონტდა, ეხმარებიან ნაკრებებს, მწვრთნელებს ბიუჯეტიდან უხდიან ხელფასებს, მაგრამ ეს არ არის სისტემაში მოქცეული. ამიტომაც არის, რომ ამხელა ფულის დაბანდების მიუხედავად, შედეგს ვერ ვხედავთ. პირიქით, სულ უკან-უკან მივდივართ.

არადა, სადაც კი პროგრამა დაიდო და განხორციელდა, ყველგან შედეგი მიიღეს: ესპანეთში, საფრანგეთში, დანიაში, ბელგიაში, თურქეთში...

მაგალითისთვის გეტყვით - ბელგიის 8-ათასიანი ქალაქია ბევერენი და იქ საფეხბურთო ბაზაზე მიმიყვანეს - 5-ათასიანი სტადიონის გარდა, ჰქონდათ 4 საოცარი მოედანი, პლუს ბაზაზე აუცილებელი სათავსები, დარბაზები, კვების და საცხოვრებელი კორპუსი და ასე შემდეგ. მეგონა, უმაღლესი ლიგის გუნდის ბაზა იყო და გაოგნებული დავრჩი, როცა მითხრეს, მესამე ლიგის კლუბს ეკუთვნისო.

უფრო საყურადღებო ისაა, რომ ეს ბაზა და სტადიონები სახელმწიფომ ააშენა და თავად ისტუმრებს ყველა ხარჯს - ბალახის მოვლის, წყლის, ელექტროენერგიის გადასახადს და ასე შემდეგ.

ასევე, პატარა ქალაქ დენდერშიც, სადაც მოსახლეობა 10 ათასსაც ვერ აღწევს, 8 მოედანი იყო. ეს არის სახელმწიფოს მიერ ფეხბურთზე ზრუნვის რეალური მაგალითი - ბელგიის მთავრობა ამ პროექტს სოციალური ვალდებულების ნაწილად განიხილავს. როგორ გვინდა, რომ მათ დავეწიოთ და ვაჯობოთ?

- ბრძანეთ, რომ ფეხბურთს სახელმწიფომ 100 მილიონი მოახმარა. ეს ფული არაეფექტურად დაიხარჯა, ისევე, როგორც კლუბებში დაბანდებული საბიუჯეტო თანხები...
- საერთოდ, ბიზნესსა და ნებისმიერ სფეროში ეფექტურად ის მენეჯმენტი ითვლება, რომელიც თანხებს ყველაზე სასარგებლოდ გამოიყენებს. მაგრამ მინიმალური თანხით დიდი საქმე ვერ გაკეთდება.

- კერძო კლუბების მეპატრონეებს გულგატეხილობა დაგეტყოთ - თქვენც, "დინამოს", "ვიტ ჯორჯიას, "მერანს", "ტორპედოს", "საბურთალოს" პრეზიდენტებს; "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია სულაც წავიდა ფეხბურთიდან...
- დიახ, ასეა, ყველა წასვლაზე ფიქრობს, მათ შორის - მეც. ამ კლუბს "გაგრა" ჰქვია და ეს ემოცია მაკავებს. ალალად გეუბნებით - რომ არა ეს სახელი, დღეს ყოფილი პრეზიდენტი ვიქნებოდი.

კერძო კლუბების მფლობელები ვერ ვხვდებით, რატომ ვხარჯავთ ფულს. უმაღლესი ლიგის კლუბებმა იჩხუბეს და საწევრო მოუხსნეს, მაგრამ პირველ და მეორე ლიგებში უფრო გაჭირვებული კლუბებია და მათ რა დააშავეს?

ბევრჯერ მიფიქრია, რომ კერძო კლუბების მფლობელობა საქართველოში სიგიჟეა. რა მოგება, რის წარმატება, მხოლოდ ფული უნდა მივიტანოთ და მაინც გერის როლში ვართ. მაყურებელი ჩვენ არ გვყავს, შემოსავალი ნულის ტოლია, ფეხბურთელები გავზარდეთ და გვეგონა, საქართველოს ასახელებდნენ, მაგრამ უცხოეთში წასულთა უმრავლესობამ აურია.

აღარც ვიცი, რა სტიმული უნდა მქონდეს?

- კერძო მფლობელებს სტიმულს რა გაგიჩენთ?
- სახელმწიფოსგან ჩვენ არა ფულს, არამედ კანონებს ვითხოვთ. დააწესონ გარკვეული კვოტა, რომ ვთქვათ, ბიზნესმენებმა გადასახადების 10 პროცენტი სპორტს მოახმარონ. ოღონდ ფეხბურთში დასაბანდებელი თანხის ჯამიც ლიმიტირებული უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში მე და სხვა კერძო კლუბების მეპატრონეები ჩვენს გარშემო მეგობრებს მოვიზიდავთ და გაცილებით ძლიერ კლუბებს ჩამოვაყალიბებთ.

ახლა ასეთი საკანონმდებლო სტიმული არ გაგვაჩნია. ეს პროგრამა უნდა შექმნას ფედერაციამ და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოსგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება. და რაც მთავარია, ფეხბურთი უნდა გაიწმინდოს. დღეს იმდენი ჭუჭყი დაგროვდა, ნებისმიერ სუფთა კლუბსა და წამოწყებას ძირშივე კლავენ.

- ლევან ყიფიანმა ბრძანა, რომ სახელმწიფოს ფეხბურთის დახმარება სურს...
- სოჭის ოლიმპიადაზე 50 მილიარდიდან ნახევარი მაინც შეჭმულია. ეს ბიუჯეტის ფულის "ხარჯვის" სამწუხარო დანამატია. ამიტომაც მეშინია, სახელმწიფო კლუბების დაფინანსების დროსაც იგივე არ მოხდეს და ჭუჭყი კვლავ არ გაჩნდეს. სახელმწიფოს თანხა მაინც სახრავს ჰგავს და კლუბები სიამოვნებით აითვისებენ.

ყველა ერთ პირობებში უნდა იყოს და საერთოდ, სახელმწიფომ კლუბს ფული კი არ უნდა ჩაურიცხოს, არამედ შექმნას ინვესტორისთვის მიმზიდველი კანონმდებლობა და ააშენოს ინფრასტრუქტურა.

ბელგიაშიც ასეა - იქ კლუბებს ფულს არავინ ურიცხავს.

- ახლა სახელმწიფომ კლუბები რომ არ დააფინანსოს, საქართველოს ჩემპიონატის ნაცვლად ხელში მინი-ტურნირი შეგვრჩება...
- სახელმწიფო ფეხბურთში ცუდი მმართველია. გადახედეთ ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობებს - რომელიმე მათგანში სახელმწიფო კლუბის აღზრდილს თუ ნახავთ. და თუ არის, ისიც კერძო კლუბიდანაა წასული.

ამიტომ მსურს, რომ დოტაციური კლუბები აღარ გვყავდეს და ამაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება უნდა იყოს გააზრებული, კლუბები რომ განვითარდნენ და ბიზნესისთვის საინტერესონი გახდნენ.

- ...და თუ სახელმწიფო პროგრამა არ დაიდო?
- მაშინ ფეხბურთიდან აუცილებლად წავალ, რადგან დარჩენა უკვე მაზოხიზმია. არავითარი სტიმული არ მაქვს, როცა არც ნავთობის საბადო მაქვს და არც მსხვილი ბიზნესი. თბილისში ბინაც გავყიდე, გუნდი რომ შემენარჩუნებინა.

- ფეხბურთის ფედერაციაში რა არის შესაცვლელი?
- თითქმის ყველა და ყველაფერი! აღმასკომის წევრს რომ ირჩევენ, მაშინაც პოლიტიკოსებივით ფიქრობენ - შემდგომში ეს კაცი ხმას მისცემს თუ არა.

- 2015 წლის არჩევნებისთვის მოძრაობა უკვე დაწყებულია. პირადად თქვენთვის პრეზიდენტობის როგორი კანდიდატი იქნება მისაღები?
- ვისაც ექნება არა ზღაპრებზე დამყარებული, არამედ ფეხბურთის განვითარების რეალისტური პროგრამა; ვისაც საქმე გაუკეთებია და თავი გამოუჩენია. მიუღებელია ისეთი ადამიანი, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის კაბინეტში შესვლას ყოველგვარი საქმის გარეშე რომ ცდილობს. გვაჩვენოს, რა აქვს გაკეთებული, თუნდაც, 20 ბურთი მაინც შეუსყიდია?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტანხანში საერთოდ ეროვნული ჩემპიოანტიც აღარ გვექნება ; )) ღმერთმა გაუმარჯოს ამ კაცს ასეთ კარგ საქმეს რომ აკეთებს ; ))
aleksa
16:00 27-11-2013
0

სიახლეები პოპულარული