უმაღლესი ლიგის XIV ტურის წინ: აბა, ვინ გაუძლებს?..

AutoSharing Option
30 ნოემბერს გასამართი მატჩებით შემოდგომასაც გავაცილებთ და, რაც მთავარია, პირველი ეტაპის გადამწყვეტი პერიოდი დადგება: სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს, თუ როგორ მოემზადა ესა თუ ის გუნდი სეზონის დაწყებამდე!

ჰო, ნამდვილად არ იქნება პატარა საქმე, როცა ჩვენმა გუნდებმა 20-დღიან ინტერვალში ხუთ-ხუთი მატჩი რომ უნდა ჩაატარონ, ანუ, ამ შემჭიდროებული გრაფიკით ასპარეზობისას ის გუნდები იქნებიან ბევრად უფრო კომფორტულ სიტუაციაში სხვებთან შედარებით, გრძელი სათადარიგოთა სკამიც რომ გააჩნიათ და საერთოდაც, ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების მხრივ პრობლემა რომ არ ექნებათ.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, ამ 20-დღიან "მონაკვეთში" ბევრი
რამ უნდა გაირკვეს, ბევრი, მაგრამ, არა - ყველაფერი! შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის ბოლო ოთხი ტური მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს და ვეჭვობთ, რომ ზედა და ქვედა ექვსეულები სრულად წლეულსვე გაირკვეს.

ეგ კი არა, ტური არ გავა, სატურნირო ცხრილში გარკვეული გადაადგილება არ მოხდეს და დაახლოებით ასეთივე სიტუაციას უნდა ველოდოთ XIV ტურის მატჩების შემდეგ.

ყოველ შემთხვევაში, იმის დიდი ალბათობაც არის, რომ ზედა ექვსეულშიც გარკვეული ცვლილებები მოხდეს და ცხრილის ქვედა ნაწილშიც. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ისეთი მატჩია, სწორედაც რომ ასეთ გადაადგილებებს გვპირდება, დანარჩენი კი მოედნებზე გამოჩნდება...

Sportall.Geდილა-ტორპედო
პირველი წრე - 0:0
დისკვალიფიკაცია: გიორგი კუხიანიძე (ტორპედო)

ამ ტურის, უდავოდ, გამორჩეული მატჩი უნდა გამოდგეს: ორივე გუნდს ქულებიც, მოგებებიც, ფრეებიც და წაგებებიც ერთნაირი აქვთ და ქუთაისელები მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს.

ისე, "ტორპედოს" აშკარად ჩაუვარდა ბოლოდროინდელი პერიოდი: ჟერარდ სარაგოსას გუნდს ჩემპიონატში 6 ოქტომბრის მერე არ მოუგია და ზედიზედ ოთხი წაგების მერე უკვე ის გახდა სათუო, ზედა ექვსეულში, საერთოდ, მოხვდება თუ არა!

სხვათა შორის, სტაბილურობით ვერც "დილა" დაიკვეხნის, მაგრამ წინა ტურში გორელებმა უმნიშვნელოვანესი ქულა აიღეს სტუმრად "დინამოსთან" და დღეს, ალბათ, ყველაფერს იღონებენ, თავის ბოლოდროინდელ მართლაც უხერხულ მეტოქესთან სასურველ შედეგს რომ მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში, როცა სწორედ "დილა" მიიჩნეოდა თბილისის "დინამოს" ერთადერთ და რეალურ კონკურენტად, "ტორპედოსთან" ოთხიდან სამი მატჩი წააგო!

...ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი, მართალია, უგოლო ფრედ დამთავრდა, მაგრამ ქუთაისელ პუბლიკას ნამდვილად არ მოუწყენია, - იმდენად სანახაობრივი მატჩი გამოდგა. თანაც, იმ შეხვედრაში ჩინებულად გაისარჯა ორივე გუნდის მეკარე: მაქსიმე ქვილითაია ("ტორპედო") და ნუკრი რევიშვილი ("დილა").

აღსანიშნავია, რომ ნუკრი რევიშვილი მშობლიური ქალაქის სტადიონს... რვაწლიანი განშორების მერე დაუბრუნდა და იმის მიუხედავად, რომ ამჯერად სხვა გუნდის ღირსებას იცავს, ქუთაისელმა გულშემატკივარმა ერთობ თბილი დახვედრა მოუწყო "დილასა" და საქართველოს ნაკრების მეკარეს.

იხილეთ: რამაზ სოღოლაშვილი: გორის "დილას" რისკზე წასვლის საშუალება არ აქვს
იხილეთ: მერაბ გიგაური: წარუმატებლობების სერია "დილასთან" უნდა დავასრულოთ

Sportall.Geზესტაფონი-მეტალურგი
პირველი წრე: 0:0
დისკვალიფიკაცია: გიორგი გავაშელიშვილი (მეტალურგი)

XIV ტურის კიდევ ერთი საინტრიგო შეხვედრა, სადაც მართლაც ძნელია რომელიმე გუნდის შანსები მეტოქეზე მეტად შეაფასო;

თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ზესტაფონი" დღესდღეობით მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება "მეტალურგს" და არც ის ფაქტი, რომ სწორედ ეს ორი გუნდი (პლუს - თბილისის "დინამო") მიიჩნევა ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე წარმატებულ კლუბებად!

ეგ კი არა, სულ ახლო წარსულში სწორედ "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" პაექრობებში ირკვეოდა საქართველოს ჩემპიონის ვინაობა!

რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას, მოლოდინისამებრ, "მეტალურგი" კვლავაც რჩება ევროტურნირების საგზურის მოპოვების რეალურ კანდიდატად, "ზესტაფონის" ქომაგები კი იმედიანად შესცქერიან არცთუ დიდი ხნის წინათ კლუბში მომხდარ საკადრო ცვლილებას: გუნდის მთავარ მწვრთნელად ხომ გია გეგუჩაძე დაინიშნა, ვისი ხელმძღვანელობითაც იმერულმა კლუბმა პირველი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა 2011 წელს!

სხვათა შორის, "ზესტაფონის" გარდა, გეგუჩაძეს საქართველოში სამ გუნდში უმუშავია და ისე მოხდა, რომ ნახევარწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულს, ზედიზედ სამივე მატჩი სწორედ... ყოფილ გუნდებთან მოუწია: "დინამოსთან", "ტორპედოსთან", "მეტალურგთან". თუმცა, აქვე დავაზუსტოთ: დღევანდელი "მეტალურგი" 90-იანი წლების "გორდას" სამართალმემკვიდრე არ არის, მაგრამ ორივე გუნდი ხომ რუსთავს ეკუთვნის?!.

Sportall.Geსპარტაკი-დინამო
პირველი წრე: 0:2
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩაფიძე (სპარტაკი) - ლევან ხმალაძე (დინამო)

ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ "სპარტაკის" მდგომარეობას უიმედო თუ არა, კრიტიკული ნამდვილად ეთქმოდა. მაგრამ, ახალი მთავარი მწვრთნელის კახა კაჭარავას მოსვლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ "სპარტაკმა" დღევანდელ მეტოქესაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს.

თუმცა მასპინძლებს ეს რომ გაუჭირდებათ, ფაქტია: "დინამოს" მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინს თუ უპრობლემოდ შეუძლია თავისი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის ლევან ხმალაძის სრულფასოვნად ჩანაცვლება, აი, კახა კაჭარავას ასეთი ფუფუნება ნამდვილად არა აქვს.

ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონატის უპირობო ფავორიტთან სამი წამყვანი ფეხბურთელის მოსაკლისება პატარა საქმე ნამდვილად არ არის: ლაშა ჩაფიძე დისკვალიფიცირებულია, ხოლო ნიკა კვეკვესკირი და გიორგი თექთურმანიძე "სპარტაკში" იჯარით სწორედ "დინამოდან" არიან გადასულნი და დღეს მოედანზე გასვლის უფლება არა აქვთ.

...როგორც ფეხბურთელს და მერე, როგორც მწვრთნელს, კახა კაჭარავას არაერთი სეზონი გაუტარებია "დინამოში"; თუმცა, დღეს უკვე მეტოქის რანგში უნდა დაუპირისპირდეს ყოფილ კლუბს და სერიოზული საკადრო პრობლემების მიუხედავად, უბრძოლველად არაფერს დათმობს.

თანაც, არახალი ამბავია, რომ "დინამოსთან" ყველა გუნდს განსაკუთრებული მოტივაცია ამოძრავებს ხოლმე...

Sportall.Geგურია-სიონი
პირველი წრე: 0:2

ლანჩხუთელთა გუნდის საოცრებები გრძელდება და მხოლოდ იმასღა შეგახსენებთ, რომ სწორედ "გურიაა" ერთადერთი გუნდი, საკუთარ მოედანზე (ისიც - ნეიტრალურ სარბიელზე, ანუ, სხვა ქალაქ(ებ)ის სტადიონზე) ასპროცენტიანი შედეგი რომ აქვს!

თუმცა, რომან პოკორას გუნდი მხოლოდ საშინაო მატჩებში კი არ ყოჩაღობს: უკვე სტუმრადაც დაიწყო ქულათა მოგროვება და ძალიან, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად... მესამე ადგილზე იმყოფება!

თუმცა, დღეს "გურიას" ისეთი მეტოქე ჰყავს, ბოლო დროს ასევე საგრძნობლად რომ მოუმატა და ერთი თვის წინ გასავარდნი ზონის სიახლოვეში მყოფ "სიონს" უკვე... ზედა ექვსეულში მოხვედრაზეც გაუჩნდა პრეტენზია.

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდა კლუბის დირექტორის, ლადო ბურდულისათვის მთავარი მწვრთნელის ფუნქციის შეთავსებაც: მისი ხელმძღვანელობით "სიონმა" სამ მატჩში 7 ქულა აიღო!

იხილეთ: ლანჩხუთის "გურია" ბოლნისის "სიონთან" სათამაშოდ არ გავა?!

Sportall.Geჩიხურა-ვიტ ჯორჯია
პირველი წრე: 2:0

გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის დამოძღვრილი "ჩიხურა" სტაბილურად ასპარეზობს და აბსოლუტურად ლოგიკურიც არის ამ გუნდის ხილვა მეორე ადგილზე.

რაც მთავარია, გუნდს ეტყობოდა თამაშის "საკუთარი ხელწერა" და თუ გავითვალისწინებთ პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილი მატჩების განრიგსაც, იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ "ჩიხურას" სავსებით ხელეწიფება ზამთრის პაუზას სწორედაც პირველ სამეულში შეხვდეს.

აი, "ვეტერინარებს" კი აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვთ, თუმცა ზურაბ ბერიძის ახალგაზრდულმა გუნდმა წინა ტურში მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით წარუმატებელი სერია დაამთავრა და ამჟამად მეტ-ნაკლებად "უხიფათო" პოზიციაზეც იმყოფება.

Sportall.Geზუგდიდი-მერანი
პირველი წრე: 0:2
დისკვალიფიკაცია: შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე, კიჭი მელიავა, პაპუნა ფონიავა (ყველა მერანი)

ჩემპიონატში ერთადერთი მატჩის მოგება "ზუგდიდმა"... სამი თვის წინათ შეძლო!

არანაკლებ ხანგრძლივი კი არა, ბევრად უფრო კატასტროფული სერია აქვს "მერანსაც": მარტვილურმა გუნდმა ზედიზედ 7 მატჩი წააგო და ისეთი "ტემპით" დაეშვა სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენიც არის, თუ როდის შეჩერდება ეს ვარდნა...

...მეგრული დერბის უკომპრომისობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებული წინა 7 მატჩიდან არც ერთი დამთავრებულა საყაიმო ანგარიშით;

დაახლოებით ასეთივე უკომპრომისო შეხვედრას უნდა ველოდოთ დღესაც, ოღონდ, გავბედავთ და ვიტყვით, რომ წარმატების მეტი შანსი უფრო მასპინძლებს უნდა ჰქონდეთ: ჯერ ერთი, "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი საშინაო მატჩი უნდა ჩაატაროს გიორგი დარასელიამ.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი კი სტუმართა, ფაქტობრივად, აუნაზღაურებადი საკადრო პრობლემებია: დებიუტანტი-მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ისედაც არ არის განებივრებული გრძელი სათადარიგოთა სკამით და ახლა კი დისკვალიფიკაციის გამო ერთბაშად ოთხი (!) წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვნახოთ ფიზიკურად ვინ უფრო დიდხანს გაუძლებს შემჭიდროვებულ გრაფიკს.
guja_kakhadze
12:12 30-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული