უმაღლესი ლიგის XVI ტურის წინ: მალხაზ ჟვანიას დებიუტი "დინამოში"

AutoSharing Option
9 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის მატჩები გაიმართება.

გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი და მეორე ადგილოსანი "ჩიხურა" ქუთაისში მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს.

ბოლო სამ თამაშში საჩხერლებმა საკმაო ქულები დაკარგეს და ლიდერსაც უკვე 6 ქულით ჩამორჩებიან, ამიტომ "ჩიხურას" აუცლიბელად ესაჭიროება სამი ქულა. გუნდს არც ტრავმირებული და არც დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები ჰყავს, მოკლედ ფრუიძის შეგირდები მზად არიან მორიგი მატჩისთვის.

მეორე მხრივ ქულები მარტვილელებსაც ძალიან სჭირდებათ, ამიტომ მათი მხრიდანაც უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ, თანაც "მერანს" ტრავმირებული ფეხბურთელები უბრუნდებიან და ნელ-ნელა მათაც უნდა დაიწყონ ქულების დაგროვება.

9 დეკემბერი, ქუთაისი, გივი კილაძე, 14:00

"ჩიხურა" საჩხერე - "მერანი" მარტვილი
პირველი წრე: 3-2
მსაჯები: თ.ხუჭუა, ზ.ფიფია, ზვ.ერქვანია, დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

კიდევ ერთ ძალზე საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს "მცხეთა პარკი". გასულ ტურში ვეტერინარებმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს და სავაურაუდოდ საკუთარ კედლებშიც შეეცდებიან სამი ქულის მოპოვებას.

"სიონი" კი, შესანიშნავ ფორმაშია და მატჩს მატჩზე იგებს, უკვე ზეიდეზედ 4 ტურია ბოლნისელები მოედანს სამი ქულის გარეშე არ ტოვებენ. ისინი ძალიან ახლოს არიან ზედა ექვსეულთან და დარწმუნებულები ვართ ყველაფერს გააკეთებნ იქ მოსახვედრად.

9 დეკემბერი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 14:00
"ვიტ-ჯორჯია" თბილისი - "სიონი" ბოლნისი
პირველი წრე: 1-1
მსაჯები: ლ.სილაგავა, დ.ჩიგოგიძე, ა.კოკაია, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: შოთა დავლაშელიძე ("ვიტ-ჯორჯია")

ბოლოს წინა ადგილზე მყოფი ცხინვალელები ზედა ექვსეულის ბინადარ რუსთაველებს უმასპინძლებენ.

გასულ ტურში "სპარტაკი" "ტორპედოს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდა. მართალია საერთო ჯამში უპირატესობას ქუთათურები ფლობდნენ, თუმცა ცხინვალელებსაც ჰქონდათ რამდენიმე რეალური მომენტი, მაგრამ გატანა ვერ შეძლეს. ფაქტია, რომ მათთვის თითოეული ქულა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ამისთვის უნდა იბრძოლონ.

თავისმხრივ გამარჯვება არც რუსთაველებს აწყენთ ბოლო ტურებში არასტაბილური თამაშის გამო მათ სატურნირო პოზიციები დათმეს და მეოთხედან მეხუთე საფეხურზე დაქვეითდნენ. გასულ ტურში "მეტალურგმა" უშუალო კონკურენტ "დილას" ვერ აჯობა და მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რუსთაველებს ამ მატჩის მოგება შეეძლოთ, იყო მომენტი როდესაც ბურთი ძელსაც გაარტყეს, მაგრამ გოლი ვერაფრით გაიტანეს.

საკმაოდ საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ და იმედია ჩვენი მოლოდინი გამართლდება.

9 დეკემბერი, თბილისი, მიხეილ მესხი, 14:00
"სპარტაკი" ცხინვალი - "მეტალურგი" რუსთავი
პირველი წრე: 1-0
მსაჯები: თ.გვანცელაძე, ზ.მენთეშაშვილი, გ.ელიკაშვილი, გ.ყრუაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩაფიძე ("სპარტაკი")

საბედნიეროდ გურულთა პრობლემები წარსულს ჩაბარდა და როგორც ბოლო თამაშის, შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ერეკლე კილაძემ, განაცხადა გუნდი "ტორპედოსთან" მხოლოდ მოგებისთვის ითამაშებს. ჩვენთვისაც და ვფიქრობთ, თქვენთვისაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ასპარეზობას განაგრძობს.

"ტორპედომაც" დასძლია წარუმატებელი პერიოდი და ორ თვიანი პაუზის შემდეგ მატჩის მოგება მოახერხა. სავარაუდოა, რომ გუნდზე ეს მოგება კარგად იმოქმედებს და ქუთათურები კვლავ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ.

9 დეკემბერი, ქობულეთი, ჩელე არენა, 14:00
"გურია" ლანჩხუთი - "ტორპედო" ქუთაისი
პირველი წრე: 1-0
მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზ.ბერულავა, გ.ჩიგოგიძე, მ.ბეუქლიშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ნიკა ფირცხალავა, ნიკა ჭანტურია (ორივე "ტორპედო")

თბილისელთათვის ეს მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი პირველად გამოვლენ სათამაშოდ ახალი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას, ხელმძღვანელობით. გასულ ტურში მათ დაძაბულ ბრძოლაში, 3-1 სძლიეს "გურიას" და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი შეინარჩუნეს.

როგორც ჩანს "ზუგდიდს" ძალიან უჭირს კრიზისის დაძლევა და ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ქულების მოგროვებას. ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში მათ მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხეს და წინა ტურშიც თბილისში, მიხეილ მესხზე გამართულ მატჩში "სიონთან" 1-0 დამარცხდნენ.

ტრადიციულად ამ ორი გუნდის მატჩები უხვგოლიანობით და დაძაბულობით გამოირჩევა, იმედი ვიქონიოთ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება და მაყურებელი საინტერესო სანახაობას იხილავს.

9 დეკემბერი, განმუხური, ცენტრალური სტადიონი, 14:00
"ზუგდიდი" ზუგდიდი - "დინამო" თბილისი
პირველი წრე: 3-0
მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, ლ.ვარამიშვილი, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ნიკოლოზ აფაქიძე ("ზუგდიდი"), გიორგი მერებაშვილი ("დინამო")

გორის "დილასა" და "ზესტაფონს" შორის შეხვედრა გორელთა გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა (იხილეთ ვრცლად).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული