XVI ტურის წინათქმა

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის XVI ტური ორდღიანია და საინტერესო ბრძოლებს დღესაც ველით და ხვალაც. მართალია, ამჯერად გამორჩეული, მთავარ მატჩად შერაცხილი არც ერთია, მაგრამ რამდენიმეს გამოყოფა მაინც შეიძლება. ვფიქრობთ, მეტ ყურადღებას სამი შეხვედრა იმსახურებს - თბილისური, ზესტაფონური და ქუთაისური.

იქიდან გამომდინარე, რომ გათამაშების ცხრილში საკმაო სიმჭიდროვეა, ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ცვლილებები კიდევ მრავლადაა მოსალოდნელი და, შესაბამისად, 2010 წლის დარჩენილ ტურებში რიგითი მატჩი, უბრალოდ, ვერ ჩატარდება.


დინამო-სიონი
26.11. თბილისი. მ. მესხი. 14:00
არბიტრი: თ. გვანცელაძე

"სიონი" "დინამოსთვის" მუდამ უხერხული მეტოქეა და შინ თუ გარეთ
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს თითქმის ყოველთვის დიდ ბრძოლას უმართავს. არცთუ იშვიათად გამარჯვებასაც აღწევს ხოლმე. ასე იყო მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში, როცა "სიონმა" დედაქალაქელები ბოლნისში 1:0 დაამარცხა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი "დინამო" ყოველ მატჩში გამარჯვებას ისახავს მიზნად და, ბუნებრივია, ამჯერადაც ამ მოტივაციით ითამაშებს, "სიონი" კი მოედანზე ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გავა და სულაც არ იქნება უშანსოდ.

"სიონს" წინა ტურში მიხეილ კობაური დაუშავდა და დღეს ვერ ითამაშებს, "დინამოს" კი ნიკოლოზ ფირცხალავა, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ სამხარაძე და მმართველი დირექტორი გიორგი ტყავაძე ჰყავს დისკვალიფიცირებული. "დინამო" მეტოქეს ამჯერად არა ეროვნულ, არამედ ვაკის სტადიონზე მიიღებს. აქ თამაში მისთვის უცხო ნამდვილად არ არის.


ოლიმპი-კოლხეთი
26.11. რუსთავი. ფოლადი. 14:00
არბიტრი: ხ. გაგნიძე

თუ რომელიმე წყვილზე შეგვიძლია ვამტკიცოთ, გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავსო, ეს, უპირველესად, რუსთავში გასამართ შეხვედრაზე უნდა ვთქვათ. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ოლიმპი" დამაჯერებლად ინარჩუნებს პირველ პოზიციას და ვეჭვობთ, მისთვის დისკომფორტის შექმნა შეძლოს დუბლშემადგენლობით მოთამაშე "კოლხეთმა". შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების გამო ფოთელთა რიგები თითქმის ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და წინა ტურში "ზესტაფონთან" გამოუცდელმა ჭაბუკებმა არა ბესიკ შეროზიას, არამედ ზაზა ინიაშვილის თავკაცობით ითამაშეს. "ოლიმპი" საუკეთესო შემადგენლობით იქნება, "კოლხეთს" კი, მართალია, დისკვალიფიცირებული არავინ ჰყავს, მაგრამ, დაგვეთანხმებით, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.

ეს ახლა ვაცხადებით "ოლიმპს" "კოლხეთთან" მატჩში აშკარა ფავორიტად, თორემ პირველ წრეში მძლავრად მოთამაშე ფოთელებმა რუსთაველები 5:1 გაანადგურეს, რამაც თემურ მახარაძის ოლიმპური კარიერის დასრულებას დიდად "შეუწყო ხელი".


ზესტაფონი-სამტრედია
26.11. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 16:00
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ფინანსური გასაჭირის მიუხედავად, "სამტრედია" შემადგენლობას მაინც ინარჩუნებს და ნებისმიერ მეტოქეს დიდ თავსატეხს უჩენს. გასულ ტურში გელა სანაიამ და მისმა ფეხბურთელებმა საკუთარ გულშემატკივრებს "დინამოს" ძლევით კიდევ ერთი დიდი სიხარული მოუტანეს და იგივეს გაკეთებას ჩემპიონობის მოსურნე კიდევ ერთ გუნდთან ჭიდილშიც შეეცდებიან.
ურთიერთშეხვედრებში "ზესტაფონის" უპირატესობა აშკარაა, მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეშიც გია გეგუჩაძის გუნდმა სამტრედიაში დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვა, მაგრამ ფეროელებს იოლი თამაში ნამდვილად არ ელით. "სამტრედიას" დასჯილი არავინ ჰყავს, ხოლო "ზესტაფონი" გაფრთხილებების სიჭარბის გამო კახა ალადაშვილს მოისაკლისებს.
"დავით აბაშიძეზე" შეხვედრა ამჯერადაც ღამის განათებაზე ჩატარდება, რაც იმერულ დერბის დამატებით ხიბლს შესძენს.


სპარტაკი-ბაია
27.11. გორი. ქართლი. 14:00
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

სანამ "ბაია" სერიოზულ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდებოდა, "სპარტაკთან" შეხვედრის წინ ფავორიტის სტატუსი გარანტირებული ჰქონდა, ახლა კი ბადრი კვარაცხელიას გუნდს გამარჯვების სოლიდური შანსი აქვს. შეგახსენებთ, "სპარტაკმა" წინა ტურში "ვიტ ჯორჯიას" სტუმრად სძლია და, მართალია, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე დარჩა, მაგრამ მისი მდგომარეობა დღეისთვის კატასტროფულად სულაც აღარ მოჩანს. ცხინვალურ კლუბს წლის ბოლომდეც კი შეუძლია უკანასკნელი ადგილისგან თავის დაღწევა და ამ შანსის გამოსაყენებლად ბოლომდე იბრძოლებს.

ხაზი არც "ბაიას" უნდა გადავუსვათ, რომლის ღირსებასაც უმეტესად ნიჭიერი ადგილობრივი ახალგაზრდები იცავენ და უსახრსობის მიუხედავად, თითოეული ქულისთვის გააფთრებით იბრძვიან. დისკვალიფიცირებულები არც მასპინძლებს ჰყავთ და არც სტუმრებს, პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.


ტორპედო-ვიტ ჯორჯია
27.11. ქუთაისი. ცენტრალური. 18:00
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

"ტორპედო" ქვემოდან ზემოთ მოძრაობს, "ვიტ ჯორჯია" კი უკუმიმართულებით - ასეთია ამ გუნდების ასპარეზობის დინამიკა მიმდინარე სეზონში. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ეს კურსი ხვალ. უდავოა, რომ პროგრესის გზაზე დამდგარ ქუთათურებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ, მაგრამ ვეტერინართა პრობლემების მიუხედავად, მაინც ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მასპინძლები სტუმრებს იოლად მოერიონ.

მეტოქეებს დისკვალიფიკაციის გამო თითო ძირითადი და მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლიათ - "ტორპედოს" თენგიზ ჩიკვილაძე, "ვიტ ჯორჯიას" კი გიგა ბეჭვაია. პირველ წრეში "ვიტ ჯორჯიამ" "ტორპედოს" 1:0 სძლია.

ამ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით იხილავთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული