დაიბრუნებს თბილისის "დინამო" განათხოვრებულ მოთამაშეებს?

AutoSharing Option
როცა თბილისის "დინამოს" მფლობელმა რომან ფიფიამ დუშან უჰრინის შემცვლელად მალხაზ ჟვანია წარადგინა, კლუბის საკადრო პოლიტიკაზეც ილაპარაკა:

"გუნდი გაახალგაზრდავებისკენ არის მიმართული. არაკონკურენტულ გარემოში დასახულ მიზნებს ვერ მივაღწევთ და გასაგები გახდა, რომ ჩვენ მიერ არჩეული მაღალბიუჯეტიანი პროექტი არ ამართლებს. ასე გაგრძელება უაზრობაა.

უნდა ვეცადოთ, ვიყოთ იმ წრეში, რა წრეშიც გვიწევს თამაშები და ნელ-ნელა შემადგენლობაში ჩვენივე გაზრდილი ფეხბურთელები დავაწინაუროთ.

"დინამოს" აკადემიას ძირითად გუნდთან ერთი ნაბიჯი უნდა აშორებდეს. ეს გეგმები რამდენიმე წელზე გაიწერება, თუმცა ჩვენი მთავარი ამბიცია კვლავ ჩემპიონობა და ევროასპარეზზე გასვლაა", - განაცხადა
ფიფიამ.

"დინამო" ამბიციური კლუბია და ფეხბურთელებს მცირედ ჩავარდნასაც არ პატიობს. იყო სხვა მიზეზებიც, რის გამოც ესა თუ ის პერსპექტიული ფეხბურთელი სხვა გუნდში აღმოჩნდა. ზოგს ჩეხ სპეციალისტთან ჰქონდა უსიამოვნება, ზოგიც მის სქემაში ვერ ჩაჯდა: მაგალითად, გიორგი თექთურმანიძე და ნიკა კვეკვესკირი იჯარით ცხინვალის "სპარტაკში" არიან და გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ეხმარებიან.

ბოლნისის "სიონში" გაუშვეს არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი, საჩხერის "ჩიხურაში" კი - გიორგი რეხვიაშვილი და ჯაბა ჯიღაური.

ვინ იცის, იქნებ ამ ბიჭებს ეს იჯარა გაზრდასა და დაწინაურებაში წაადგათ კიდეც. მსგავსი რამ ხომ ადრეც მომხდარა, როცა კლუბის დატოვება მოუხდათ საბა კვირკველიასა და გიორგი ილურიძეს. მათ "დინამოს" ძირითად შემადგენლობამდეც არ მიუღწევიათ, თუმცა დიდ ფეხბურთში გზა მაინც გაიკვლიეს.

* * *
საშემოდგომო ეტაპზე მხოლოდ ერთი ტური დარჩა და ლოგიკურია, ვიკითხოთ - აპირებს თუ არა "დინამო" განათხოვრებული მოთამაშეების დაბრუნებას?

ამ კითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.

გიორგი თექთურმანიძე:
"დინამოდან" ჯერ არავინ შემხმიანებია და წარმოდგენა არ მაქვს, რა გეგმები აქვს ჩემთან დაკავშირებით გუნდს".

გიორგი რეხვიაშვილი:
"ამ საკითხზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან პირადად მე არავინ დამკავშირებია".

Sportall.Geჯაბა ჯიღაური:
"დაველოდები სეზონის დასრულებას, 22 დეკემბერს სუპერთასის მატჩიც ჩატარდება და მერე ყველაფერი გაირკვევა. ჯერ არავინ შემხმიანებია, მაგრამ არც ადრე დამიმალავს, რომ დაბრუნების იმედიც მაქვს და სურვილიც - "დინამო" ხომ ბევრს ნიშნავს.

დუშან უჰრინს საკუთარი შეხედულება ჰქონდა ფეხბურთზე და მის მონახაზში ვერ ვჯდებოდი. სულ იმას მეუბნებოდა - ჩვენ არ ვართ "ბარსელონა" და ბურთს ნუ აგორებო. გრძელი გადაცემებით თამაშს და ძალისმიერ ფეხბურთს ითხოვდა.

ფაქტია, რომ მე ამ სტილის მოთამაშე არ ვარ და ასე ვერც ვითამაშებ. ჟვანია კი ტექნიკური და კომბინაციური ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელია და სწორედ ეს მაიმედებს".

* * *
ამავე დროს, ვრცელდებოდა ხმები, თითქოს თბილისის "დინამო" უკვე შეელია ან უახლოეს პერიოდში კონტრაქტებს გაუწყვეტს "დინამო 2"-ისა და დუბლშემადგენლობის რამდენიმე მოთამაშეს.

დავაზუსტებთ, რომ გუნდი მხოლოდ მცველმა ბექა მელიქიძემ და ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა დატოვეს. ეს უკანასკნელი შარშან სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახლდათ.

ყველა სხვა ფეხბურთელი კლუბში რჩება და გუნდი მათ გაშვებას ჯერ არ აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიღაური რას ამბობ ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს ისე თამაშობთ ბარსა მონაგონია,რომ არ შეგიძლიათ ქართველებს კომბინაციური ფეხბურთის თამაში მაგიტომ გეუბნებოდა ის კაცი )))
dato
13:28 17-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული