თბილისელთა მთავარი მწვრთნელის რანგში ჟვანია პირველად დაუპირისპირდა მშობლიურ კლუბს, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მოწინააღმდეგე და ზამთრის ჩემპიონიც გახდა...
სატურნირო მდგომარეობიდან და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დედაქალაქელები წყვილის უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მაინც იყო ვარაუდი, რომ მასპინძლები სტუმრებს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ეს ვარაუდი მეტ-ნაკლებად გამართლდა...
დინამოელებმა სწრაფ გოლზე გააკეთეს
მატჩის დებიუტში ორივე გუნდიდან ყველაზე გამორჩეული - ესპანელი ლეგიონერი ჩისკო იყო, რომელიც მცველებს დაძაბულობაში ამყოფებდა და კარშიც სახიფათოდ ურტყამდა.
თავდაპირველად გუნდებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ დვალის შორეული დარტყმა გამოდგა არაზუსტი, მოგვიანებით კი გეგეჭკორს უმტყუნა მიზანმა. ამას ბაბუნაშვილის სახიფათო კუთხური მოჰყვა, თუმცა გაბუნიამ ბურთს თავი ააცილა.
სტუმრებმა ასე თუ ისე სწრაფი გოლის გატანა მაინც მოახერხეს - ჩისკოს გადაცემით მერებაშვილი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და თავისიანები დააწინაურა.
მასპინძლები ამ ფაქტს არ დაუბნევია. კუჭუხიძეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა მის მცდელობას წინ ლორია აღუდგა. მოგვიანებით, გატანა შეეძლო ჩისკოსაც, თუმცა ამჯერად შეროზიამ ითამაშა საუცხოოდ.
პირველი ტაიმის დარჩენილი დრო საშუალო ტემპში გაგრძელდა. ბრძოლა, ძირითადად, მოედნის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობდა.
შესვენების შემდეგ კი "მერანმა" მეტოქეს მწვავედ შეუტია და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც შექმნა. ბაბუნაშვილმა შესანიშნავი გადაცემით ციკოლია მოძებნა, ამ უკანასკნელის დარტყმულზე კი სტუმართა მეკარემ მყისიერი რეაქცია გამოავლინა.
მე-60 წუთზე დვალს ზედიზედ ორჯერ შეეძლო გატანა - პირველ შემთხვევაში, ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა, შემდეგ კი შეროზიას ვერ აჯობა.
72-ე წუთზე სტუმრებმა მაინც იხეირეს - შეცვლაზე შესულმა გლიშიჩმა მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 0:2.
შეხვედრის დასრულებამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, მაგრამ "მერანმა" მოწინააღმდეგეს განსაკუთრებული ხიფათი ვერ შეუქმნა. "დინამომ" ლოგიკური და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ვთქვათ ისიც, რომ მატჩის შემდეგ მარტვილელმა გულშემატკივრებმა მალხაზ ჟვანიას ოვაციები მოუწყვეს, კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია (დინამო):
"მერანის" ამჟამინდელი შემადგენლობა, ფაქტობრივად, ჩემი დაკომპლექტებულია და თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა. ვარაუდი გამართლდა და საკმაოდ მძიმე თამაშის მომსწრენი გავხდით. ბიჭებმა იბრძოლეს, რამაც შედეგი გამოიღო. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო მარტვილელ გულშემატკივრებს, მათ თანადგომასა და მხარდაჭერას დღესაც ვგრძნობ. "მერანს" კი წარმატებებს ვუსურვებ".
კახა ჩხეტიანი (მერანი):
"პირველ ნახევარში ერთი შეცდომა დავუშვით და, სამწუხაროდ, დავისაჯეთ კიდეც. გუნდმა მთლიანობაში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ზამთრის შესვენებას ნაყოფიერად გამოვიყენებთ და ამ რთული სიტუაციიდან აუცილებლად გამოვალთ".
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8
XIX ტური
2014 წ. 22 თებერვალი, შაბათი
სპარტაკი-ჩიხურა
დილა-გურია
ზესტაფონი-ზუგდიდი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
ტორპედო-მერანი
დინამო-სიონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"