კლუბების მოთხოვნებს "ზუგდიდის" ახალი დირექტორიც უერთდება

AutoSharing Option
"ზუგდიდში" ახალი დირექტორი დანიშნეს. 20 დეკემბერს ქალაქის საკრებულომ საფეხბურთო კლუბის საკითხი განიხილა და მოვალეობის დროებით შემსრულებელი რევაზ პერტაია 37 წლის ლუხუმ ჯაბუათი ჩაანაცვლა.

მას ზუგდიდელი გულშემატკივარი კარგად იცნობს, 90-იან წლებში "ოდიშში" თამაშობდა, 1997 წელს კი რევაზ ძოძუაშვილის მიწვევით კარიერა რიგის "სკონტოში" გააგრძელა და შემდეგ იქვე დაასრულა.

საინტერესოა, რა გზებით აპირებს ახალი დირექტორი "ზუგდიდის" შველას?

- "ზუგდიდი" მძიმე მდგომარეობაშია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. რის იმედად მიხვედით კლუბში?
- გეთანხმებით, საქმე მარტივად არაა. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი შრომაა გასაწევი, "ზუგდიდში"
პრობლემები რომ მოვაგვაროთ და გუნდი გავაძლიეროთ. ჩვენი სურვილია, საქმე სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. საამისოდ ყველამ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

ვხედავ, რომ ქალაქში დიდი პოტენციალია, მაგრამ მის გამოვლენას არაერთი პრობლემა აბრკოლებს. ამიტომ განზე ვერ დავდგებოდი. სირცხვილია, "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად რომ იბრძვის და არა - სამეულში მოსახვედრად.

ჩემი მიზანია, ჯერ მიმდინარე პრობლემები გადავჭრათ და მერე გუნდი ბევრად უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ.

- ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. თუ გაქვთ ინფორმაცია, 2014 წელს ბიუჯეტიდან რა თანხას გამოყოფენ "ზუგდიდისთვის"?
- რამდენიმე დღეა, რაც გენერალურ დირექტორად დავინიშნე და ჯერ კიდევ არ ვიცი, რა ბიუჯეტი გვექნება მომავალ წელს. მუნიციპალიტეტთან და საკრებულოსთან ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და მალე გვეცოდინება, რისი იმედი უნდა გვქონდეს.

როგორც ვიცით, ახლა ლაპარაკია 800 ათასის გამოყოფაზე. მერე კი, თუ შედეგი იქნა, შესაძლოა, კიდევ დაგვიმატონ.

- ასეთი დაპირებები ბევრი გვსმენია, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას ერთხელ გამოყოფენ, სეზონის მსვლელობისას კი დამატება ძნელი იქნება...
- გასაგებია, მაგრამ ამ მომენტში რისი საშუალებაც არის, ისე გვეხმარებიან. იმედია, მერე სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც დაგვეხმარებიან, ამაზე ხომ სერიოზული ლაპარაკია.

- სიტყვამ მოიტანა და, "ზუგდიდის" წარმომადგენელი რატომ არ ესწრებოდა კლუბების შეხვედრას?
- ახალი დანიშნული ვიყავი, ბევრი რამ ჯერ ადგილზე მქონდა გასარკვევი და ამიტომაც ვერ შევძელი შეხვედრაზე მისვლა.

- სახელმწიფოსადმი კლუბების მოთხოვნებს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ.

- ...და უერთდებით ამ მოთხოვნებს?
- ბუნებრივია, ვუერთდებით, რადგან ქართულ ფეხბურთს სერიოზული პატრონობა სჭირდება. იმედია, სახელმწიფოსგან არის ნება, რომ ფეხბურთს დაეხმაროს. სხვაგვარად, მისი განვითარება შეუძლებელი იქნება, რადგან დღეს ჩვენს ფეხბურთს ისეთი სახელი არ აქვს, ბიზნესი სერიოზულად რომ დაინტერესდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ დაგაწერინა ეგ სტატია თქვი რა გაფიცებ...
0

სიახლეები პოპულარული